პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სოციალური დაცვის სისტემის მიღმა დარჩენილი მშრომელი
სექტემბერი 29, 2022

საქართველოში არაფორმალურ შრომაში ათიათასობით ადამიანია ჩართული. მნიშვნელოვანია, მათ ხელი მიუწვდებოდეთ სოციალური დაცვის საბაზისო სისტემებზე, რადგან ასეთი ტიპის შრომაში დასაქმებული პირები განსაკუთრებით დაუცველები არიან. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში სოციალური დაცვის მექანიზმები ისედაც ფრაგმენტულია, არაფორმალურად მშრომელი ადამიანებისთვის კი პრობლემა კიდევ უფრო მძიმედ დგას. მათ არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები, არ სარგებლობენ შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური უფლებებით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.

ჩვენი კომენტარი

  • სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა არაფორმალურ შრომაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ისეთი საკანონმდებლო ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება არაფორმალური შრომის ფორმალიზებისაკენ. 
  • რეფორმაში არაფორმალურ შრომაში დასაქმებული პირისთვის მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები, როგორ სარგებელსა და სოციალური დაცვის გარანტიებს მიიღებს ფორმალიზებულ შრომაში ჩართვით.

რა არის პრობლემა?

  • არაფორმალური სექტორი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, რთულად შესამოწმებელი/გასაკონტროლებელია  საზედამხედველო ორგანოების მხრიდან. (მაგალითად: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ანაზღაურებადი შვებულება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და სხვა);
  • ნაკლებად შესაძლებელია, შრომის ინსპექციამ ან სასამართლომ დაიცვას არაფორმალურად დასაქმებულის უფლებები.  დამსაქმებელს კი  დააკისროს ვალდებულებები, რომლებიც პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციისკენ იქნება მიმართული.

რა უნდა ვიცოდეთ

ILO- ს 1970 წლის კონვენციით აღიარებულია დასაქმებულის უფლებები, თუმცა ისინი, ფაქტობრივად, არ მუშაობს არაფორმალურ დასაქმებაში ჩართული მშრომელისათვის:

  • დასაქმებულს შეუძლია, წელიწადის განმავლობაში ისარგებლოს მინიმუმ სამ კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
  • დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით;
  • ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40, ხოლო სპეციალური საჭიროებების მქონე საწარმოში - 48 საათს;
  • შრომით ხელშეკრულებაში გაწერილია ანაზღაურების გაცემის ფორმა, ოდენობა და დრო;
  • ფორმალურად დასაქმებულები სარგებლობენ დაგროვებითი პენსიით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ;

შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიტებით ფორმალურად დასაქმებულები სარგებლობენ. საქართველოში კი სოციალური დაცვის სისტემები, შრომის კანონმდებლობა თუ მისი ზედამხედველობა/აღსრულება სრულყოფილად ვერ იცავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულსაც კი, რადგან პრაქტიკაში ის ხშირად  შეთანხმებისამებრ ქმედითი არ არის. 

მაგრამ მაშინ, როდესაც არაფორმალურად დასაქმებული ისედაც დამატებითი სარგებლის მიღმაა და დარღვევების შემთხვევაში შრომის ინსპექციას უჭირს მონიტორინგი, ამის ფონზე კიდევ უფრო უთანასწორო და არაპროგნოზირებადია ამგვარი დასაქმება. 

შესაბამისად, არაფორმალური დასაქმების გამოწვევები უნდა მოექცეს სახელმწიფოს პოლიტიკის ცენტრალურ ინტერესებში.  დასაქმებულს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს მშრომელებისათვის  განკუთვნილი მინიმალური უფლებებით და არ დატოვოს იგი სოციალური დაცვის სისტემის მიღმა. მშრომელის სოციალური სისტემის მიღმა დარჩენა ხელს უწყობს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობისა და სიღარიბის ზრდას. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი