შესავალი
სტუდენტური საცხოვრებელი არა მხოლოდ აგვარებს სტუდენტების პრობლემას, არამედ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მოქალაქეების განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. მათი ნაწილი ცდილობს, სტუდენტებს რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი შესთავაზოს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ ზრუნავს ქართული სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ჩვენი კომენტარი
- სახელმწიფოს არ აქვს გამართული საბინაო პოლიტიკა – ეს ეხება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებსაც;
- რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს განათლების ხელმისაწვდომობაზე და ტოვებს მას სტუდენტის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად;
- გამოდის, რომ სტუდენტს ან მის ოჯახს, რომელსაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, იქირაოს ბინა, ეზღუდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
კონტექსტი
2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და ომის პარალელურად, საქართველოში საცხოვრებლად შემოსული რუსეთისა და ბელორუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. მაღალია მათ მიერ შეძენილი უძრავი ქონების რაოდენობაც.
ამან გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ღირებულებისა და ბინის ქირის ზრდაზე და მნიშვნელოვნად გაურთულა სტუდენტებს დედაქალაქში ბინების დაქირავება.
ქირა გაძვირდა არა მარტო ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებშიც. მაგ., ბინის ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე 2022 წლის ივვლისში 2021 წლის ივლისთან შედარებით გაიზარდა:
- ვაკეში - 61%-ით
- საბურთალოზე-72%-ით
- ჩუღურეთში-79%-ით
- ისანში-75%-ით
- გლდანში-59%-ით
- სამგორში-71%-ით
რა პრობლემაა?
- საქართველოში სტუდენტური საცხოვრებლები არასაკმარისია, არსებულის ნაწილი კი საცხოვრებლად სახიფათოა. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების უმრავლესობას განათლების მისაღებად ბინების დაქირავება უწევს.
სახელმწიფოს სტუდენტთა საცხოვრებლით მხარდაჭერის ფარგლებში ორი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დაფინანსდა. ესენია:
- 2018 წელს აშენებული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200 ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებელი;
- 2017 წელს აშენებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320 ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებელი;
- მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000 სტუდენტიდან 10 000 რეგიონიდანაა.
რა უნდა ვიცოდეთ
- პანდემიის დროს, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ბევრმა ბიზნესმა, სადაც სტუდენტებიც იყვნენ დასაქმებულნი, საქმიანობა შეაჩერა;
- სახელმწიფო დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებმაც რეგულაციებიდან გამომდინარე დაკარგეს სამუშაო, 6 თვის განმავლობაში 200 ლარით ეხმარებოდა, ხოლო თვითდასაქმებულებს - ერთჯერადი 300 ლარით;
- დახმარება დასაქმებული სტუდენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იყო, ამავე დროს იგი არ ვრცელდებოდა არაფორმალურად დასაქმებულებზე, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ სტუდენტებზე;
- სამუშაო ადგილების დაკარგვის, საჯარო ტრანსპორტის დროებით გაჩერებისა და სწავლების ონლაინ ფორმატზე გადასვლის გამო, რეგიონიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტების დიდმა ნაწილმა დატოვა დედაქალაქი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულის სემესტრის მეორე ნაწილიდან ყველა სტუდენტი სწავლების დასწრებით რეჟიმზე გადავიდოდა. ეს კი საჭიროებდა 2 თვით დედაქალაქში საცხოვრებლად დაბრუნებას. მოთხოვნის შესასრულებლად სტუდენტებს უწევდათ მოკლე დროში ეპოვნათ საცხოვრებელი, რეგიონში უკვე დასაქმებულ სტუდენტებს კი მიეტოვებინათ სამსახურები.
სტუდენტური პროტესტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სააუდიტორო სივრცეში გადასვლის ბრძანებას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ითხოვდა:
- სემესტრის დარჩენილი ნაწილის განმვალობაში, სხვა უნივერსიტეტების მსგავსად, სწავლა კვლავ ონლაინ/ჰიბრიდულ რეჟიმში გაეგრძელებინათ;
- გაუმჯობესებულიყო პირობები სტუდენტურ საცხოვრებელში, უნივერსიტეტს ბაგების ავარიული სტუდენტური საცხოვრებლიდან სტუდენტები გამოეყვანა და ახალი საცხოვრებლის აშენებამდე დახმარებოდა ქირით;
- მოკლე ვადაში აშენებულიყო, ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა სტუდენტებისთვის ქირის ხელმისაწვდომი თანხა.
უნივერსიტეტის პასუხი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტთა პროტესტს რელევანტურად არ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ:
- ონლაინ გამოცდების ჩატარება უსამართლობა იქნებოდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ დედაქალაქში და რომლებსაც შეეძლოთ გამოცდების აუდიტორიაში ჩაბარება;
- თავდაპირველად, გამოსავალს არ სთავაზობდა სტუდენტების მეორე ნაწილს, რომლებსაც აუდიტორიაში სწავლის გაგრძელებაზე არ მიუწვდებოდათ ხელი;
- უნივერსიტეტი არ აკონკრეტებდა, როდის აშენდებოდა ახალი სტუდენტური საცხოვრებელი;
სახელმწიფო პოლიტიკა
ქვეყანაში არ არსებობს არცერთი დიდი სახელმწიფო საცხოვრებელი, რომელიც მოაგვარებდა რეგიონებიდან დედაქალაქში საცხოვრებლად გადასული სტუდენტების საცხოვრისის პრობლემას.
2018 წლიდან მუდმივად გვესმის ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის თაობაზე, თუმცა ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ დაწყებულა მისი მშენებლობა.
დეტალურად იხილეთ სტატია „სტუდენტური საცხოვრებლები საქართველოში“
როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
სახელმწიფომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საკითხზე აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად კომპლექსური ნაბიჯები გადადგას:
- გამოყოს ბიუჯეტი შესაბამისი რაოდენობის სტუდენტთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად და დააჩქაროს მშენებლობის პროცესი.
- აშენების შემდგომ იზრუნოს სტუდენტების საცხოვრებელის გადასახადის ფასის რეგულირებაზე, რათა ფასები ხელმისაწვდომი იყოს სტუდენტებისთვის, მაგალითად, როგორც ეს რუმინეთშია;
- უზრუნველყოს ავარიული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში სტუდენტური საცხოვრებლიდან სტუდენტების გამოყვანა (მაგ., ბაგების საცხოვრებელი) და შესთავაზოს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი;
შესაძლოა, ერთგვარი დროებითი გამოსავალი იყოს სტუდენტთა საცხოვრებელი ხარჯის სხვა მექანიზმებით შემცირება. მაგალითად: ქირის სუბსიდირება, როგორც ეს არის ფინეთში.