სახელმწიფო უფასო სრულფასოვან იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს მათ, ვინც სამართალწარმოების ხანგრძლივ, რთულ და ძვირადღირებულ პროცესს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. თუმცა, ეს სერვისი არ არის საყოველთაო, ანუ მას ყველა უპირობოდ ვერ მიიღებს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებისთვის.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ხარისხიანი და ფართო იურიდიული დახმარების სერვისი უფლებების ეფექტიანი დაცვის გარდა, იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი სამართლებრივი სისტემისადმი მიკუთვნებას გრძნობდეს.
ჩვენი კომენტარი
არსებული ბარიერების და რესურსების სიმწირის პირობებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფასო სამართლებრივი მხარდაჭერის სერვისის მიღმა უფრო ადვილად რჩებიან. ეს კი მათ მოწყვლადობას კიდევ უფრო აძლიერებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
2007 წლიდან, საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სამსახური ნებისმიერ პირს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციას, ზოგ შემთხვევაში კი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენასა და სასამართლოში წარმომადგენლობას სთავაზობს.
რა ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში?
- სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ახალციხისა და რუსთავის ბიუროები ფუნქციონირებს და რამდენიმე მუნიციპალიტეტს სრული იურიდიული მხარდაჭერით ემსახურება;
- მუნიციპალიტეტებში განთავსებულია საკონსულტაციო ცენტრებიც, თუმცა, მათი სერვისი მხოლოდ სამართლებრივი კონსულტაციით შემოიფარგლება;
- მნიშვნელოვანია, რომ საკონსულტაციო ცენტრები გარდაბანში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში მხოლოდ 2023 წელს გაიხსნა, მანამდე კი მოსახლეობას ახლომდებარე უფასო იურიდიულ სერვისზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა შეზღუდული ჰქონდა;
- პარალელურად, მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტის არყოლის გამო რამდენიმე თვეა ვერ ფუნქციონირებს.
საკანონმდებლო ბარიერები
იურიდიული მხარდაჭერის მისაღებად სერვისზე ფიზიკური/ტერიტორიული წვდომა მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი. თუკი კონსულტაციის მიღება ყველას შეუძლია, დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლოში წარმომადგენლობასთან დაკავშირებით სიტუაცია იცვლება. მაგალითად:
- სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა სოციალურ სტატუსს, კერძოდ გადახდისუუნარობას უკავშირდება. წარმომადგენლობა კი დამატებით − საქმის სირთულესა და მნიშვნელობას;
- არსებობს გამონაკლისებიც, როცა წარმომადგენლის დანიშვნა ორივე ამ წინაპირობის დაკმაყოფილებას არ მოითხოვს, თუმცა ეს გამონაკლისები სრულყოფილად არ პასუხობს მოსახლეობის რეალურ სამართლებრივ საჭიროებებს;
- რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროსა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ძირითადად, საბანკო დავალიანებებს, განქორწინებისა და ალიმენტის დანიშვნის საკითხებს და მიწის რეგისტრაციის პრობლემებს უკავშირდება. ასეთ საქმეებში წარმომადგენლობისთვის კი პირი გადახდისუუნარო უნდა იყოს, ხოლო საქმე − მნიშვნელოვანი, რთული.
საკანონმდებლო ბარიერების გარდა, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თვალსაჩინოა არასაკმარისი რესურსები და ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მაგალითად: გადატვირთული ბიუროები, ადვოკატთა არასაკმარისი რაოდენობა, ტრანსპორტირების პრობლემა, როგორც ბიუროებიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მივლენილი ადვოკატებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის, რომლებიც უფრო ფართო იურიდიული მხარდაჭერის მისაღებად ბიუროებს ან სხვა საკონსულტაციო ცენტრებს მიმართავენ.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.