სასამართლოს შეუძლია ინსტრუმენტული როლი შეასრულოს კონკრეტული სფეროების განვითარებაში, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს ვალდებულებების ფარგლების დადგენაში. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, რა როლი აქვს სასამართლოს პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ჯანმრთელობა ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის საზომია, თუმცა, ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ჯერ კიდევ არაერთი ბარიერი აქვს.
ჩვენი კომენტარი
სასამართლოს პრაქტიკაში მწირია სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც სახელმწიფოს უბიძგებდა ჯანდაცვის სერვისებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა გაეფართოებინა ან მისთვის ახალი სერვისი შეეთავაზებინა, როგორც ეს, მაგალითად, ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისთვის, ანესთეზიით დაუყოვნებლივი და უფასო სტომატოლოგიური მომსახურების შექმნის დავალებით გააკეთა.
სასამართლო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა მოიცავს სამედიცინო მომსახურების ფინანსური, ინფორმაციული და ტერიტორიული ხელმისაწვდომობის კომპონენტებს; მომსახურების მაღალი ხარისხის, სანდოობისა და უსაფრთხოების ელემენტებს. აგრეთვე, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევის შესაძლებლობას. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ჯანმრთელობის დაცვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ფინანსური, პროფესიული რესურსები და ქვეყანაში ტექნოლოგიური განვითარების ხარისხიც განაპირობებს. თბილისის საქალაქო სასამართლო, ერთ-ერთ საქმეში იმასაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ პაციენტის დასახმარებლად, თუნდაც ეს ფორმალურად მას არ ევალებოდეს, უნდა გამოიყენოს არა მხოლოდ მის ხელთ უკვე არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსი, არამედ საჭიროებისას, მის დამატებით მობილიზებაზეც უნდა იზრუნოს.
თუმცა, უზენაესი სასამართლო, პაციენტის ინტერესის სასარგებლოდ სახელმწიფოს მოქმედების ფარგლებს უფრო ვიწროდ ხედავს. სხვა საქმეში მან არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ კანონმდებლობის ფორმალური დაცვის ნაცვლად, უპირატესობა პაციენტის სასარგებლოდ შინაარსობრივ ანალიზს უნდა მიანიჭოს. მაგალითად, თავად მოიძიოს დოკუმენტი, რომლის წარმოდგენაც სახელმწიფოსგან მკურნალობის დასაფინანსებლად პაციენტს ევალება, მაგრამ ამის გაკეთება ობიექტურად არ შეუძლია.
უზენაესი სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ უფლება გააკეთონ ის, რაც მათ კანონით პირდაპირ არ ევალებათ. მეტიც, მიაჩნია, რომ ეს კანონის უზენაესობის პრინციპსაც დაარღვევს. თუმცა, არ მსჯელობს რატომ იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამ შემთხვევაში, კონკრეტული დოკუმენტის წარმოდგენაში პაციენტის დახმარება ან რა არასწორი პრაქტიკას ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებისას, პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სასარგებლოდ კერძო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება.
სასამართლო პაციენტის უფლებებისთვის
ხარისხიან და სანდო ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობის იდეამ, აგრეთვე, სახელმწიფოს მიერ მასზე ზედამხედველობის ვალდებულებამ, ბიძგი მისცა სამედიცინო შეცდომის გამო პაციენტისთვის ზიანის ანაზღაურების კონცეფციის განვითარებას. ასეთი დავების გადაწყვეტისას ქართული სასამართლოც უფრო გაბედული აღმოჩნდა.
ზიანის ანაზღაურება სამედიცინო შეცდომის გამო
სამედიცინო მომსახურებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლოსგან რამდენიმე გარემოების დადასტურებას მოითხოვს.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ზიანი უშუალოდ მედიცინის მუშაკის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების უგულებელყოფით განხორციელებულმა ქმედებამ ან უმოქმედობამ უნდა გამოიწვიოს. ეს ის შემთხვევაა, როცა მედიცინის მუშაკი პროფესიულ ცოდნას და მის ხელთ არსებულ საშუალებებს მოსალოდნელი და დასაშვები რისკების თავიდან აცილებისთვის არ იყენებს, არღვევს გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპებს, შედეგად კი ზიანს აყენებს პაციენტს. ამგვარი ქმედება/უმოქმედობა შეიძლება იყოს დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია ან დაგვიანებული ოპერაცია, რაც პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება. თუმცა, ზიანად შეიძლება შეფასდეს განმეორებითი ოპერაციის საჭიროება, გართულებული მოულოდნელი შედეგიც და სხვა. ზიანის მასშტაბი მისი ანაზღაურების ოდენობის შესაფასებლადაა მნიშვნელოვანი.
ზიანის ანაზღაურება არასრული ინფორმირებული თანხმობის გამო
სამედიცინო სამართალში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის კონცეფციას. ზოგადი წესის თანახმად, ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს პაციენტის თანხმობას კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციის გაწევის თაობაზე. ამით იგი იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ. ამდენად, პაციენტს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აეხსნას სამედიცინო ჩარევის არსი, მოსალოდნელი შედეგები, გართულებები, შესაძლო რისკები და მათი დაშვების ალბათობა. პაციენტს ინფორმაცია სამედიცინო მანიპულაციამდე გონივრული ვადით ადრეც უნდა მიეწოდოს, რათა შეძლოს გადაწყვეტილების გააზრებულად, წნეხის გარეშე მიღება.
არასრული ინფორმირებული თანხმობა, შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებისგან სასამართლოს გზით პაციენტის მორალური და მატერიალური (მაგ.: მკურნალობის, განმეორებითი ოპერაციის, რეაბილიტაციის) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობა გახდეს. ასეთი დავები პრაქტიკაში ხშირია. მაგალითად:
უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და პაციენტისთვის სამედიცინო მანიპულაციის თანმდევი რისკის შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდების გამო, სამედიცინო დაწესებულებას მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. თუმცა, ქირურგიული ოპერაციის წარმატებით დასრულება (არა ქირურგიული ჩარევის ნაცვლად) და მკურნალობის სამედიცინო სტანდარტებთან შესაბამისობა, პაციენტისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი გახდა.
სასამართლომ მორალურთან ერთად მატერიალური ზიანის (მკურნალობის ხარჯების) ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა სხვა საქმეში, რომელშიც პაციენტს ოპერაციის შედეგად ქვედა კიდურებში მგრძნობელობა დაუქვეითდა. ამ შესაძლო გართულების შესახებ კი იგი სრულყოფილად ინფორმირებული არ იყო.
შესამჩნევია, რომ სამედიცინო დაწესებულებებსა და პაციენტს შორის ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებში, სასამართლო მტკიცების ტვირთს სამედიცინო დაწესებულებას აკისრებს და სამედიცინო ჩარევის შესახებ პაციენტისთვის გაცემული ინფორმაციის წერილობით, პაციენტისთვის გასაგები ფორმითა და შინაარსით დოკუმენტირებას სწორედ მისგან მოითხოვს, ხოლო ზეპირ კონსულტაციასა და მხოლოდ ხელმოწერას ინფორმირებული თანხმობის არსებობის შესახებ საკმარის მტკიცებულებად აღარ მიიჩნევს. იგულისხმება, რომ ეს მიდგომა სწორი სამედიცინო მომსახურების საზომია.