1990-იანი წლებიდან საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო დახმარებას იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისგან სესხების, გრანტების ან პირდაპირი დახმარების სახით. საგარეო დახმარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო სექტორში განხორციელებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებში და ხშირად მათ შინაარსსა და პოლიტიკასაც კი განსაზღვრავს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- ქვეყნის უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება არა მხოლოდ ეროვნულ ეკონომიკაში შემოდინებული უცხოური ინვესტიციების და ფულადი გზავნილების წილით განისაზღვრება, არამედ საგარეო დახმარებითაც;
- უცხოურ დახმარებაზე დამოკიდებული ქვეყნები ძირითადად განვითარებადი სახელმწიფოები არიან, რომელთა ადგილობრივი ეკონომიკაც ვერ ქმნის საჯარო სერვისებისა თუ ინფრასტრუქტურისათვის საჭირო კაპიტალს;
- უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე ათწლეულებია, საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. საგარეო დახმარება ჩვენს ქვეყანაში ძირითადად, სესხების სახით გაიცემა.
ჩვენი კომენტარი:
ხშირად საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერა და მათი რეკომენდაციები გადამწყვეტ როლს ასრულებს განვითარების პოლიტიკის განსაზღვრაში, რაც განვითარებადი ქვეყნების გავალიანებას იწვევს და მათ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, პრივატიზაციისა და დერეგულაციისკენ უბიძგებს.
ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკა, როგორც წესი, ვერ განაპირობებს სახელმწიფოების განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი პოლიტიკური კლასის როლი და პასუხისმგებლობა, როგორ განკარგავს იგი უცხოურ დახმარებას და ითვალისწინებს თუ არა ქვეყნის ინტერესებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
საგარეო დახმარება სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რომელიმე მიმღები ქვეყნისთვის კაპიტალის, საქონლის ან მომსახურების გადაცემას გულისხმობს. საგარეო დახმარება შეიძლება იყოს ეკონომიკური, სამხედრო ან ჰუმანიტარული.
საქართველოში საგარეო დახმარების უმეტესი წილი სესხებს შეადგენს და, ძირითადად, საჯარო რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. შესაბამისად, იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი და ეკონომიკა კიდევ უფრო მყიფე ხდება.
რიცხვებში:
- საქართველოში საგარეო დახმარების შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საგარეო დახმარების 82%-ს სესხები შეადგენს;
- იმავე ანგარიშის მიხედვით, თანხის თითქმის 83%-ს ხუთი უმსხვილესი დონორი გასცემს: აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირის ინსტიტუტები, გერმანია და საფრანგეთი;
- ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2010 - 2021 წლებში საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა. 2022 წელს ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი პირველად შემცირდა. ეს შეიძლება აიხსნას 2020-2021 წლებში ,,კოვიდ 19-ის“ პანდემიისთვის განსაკუთრებით გაზრდილი საგარეო დახმარებით;
- იქამდე, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთვის გაწეული საგარეო დახმარება წლიურად 40%-ით გაიზარდა და 21.5 მილიარდი ლარი შეადგინა;
- საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 2022 წლის დეკემბერში 23.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 95.7%-ია;
- სახელმწიფო საგარეო ვალი 22,5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 16%-ია.
მნიშვნელოვანია, რომ
2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსების წყაროდან მოდიოდა, უნდა დარეგისტრირებულიყო უცხო ძალის გავლენის აგენტად. პროცესს ხალხმრავალი აქციები მოჰყვა და საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა, კანონპროექტი უკან გაეწვია.
ქვეყნის სუვერენულობის განმტკიცების არგუმენტი, რომელსაც მთავრობა იშველიებდა, კრიტიკას ვერ უძლებდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეფორმებისა და საჯარო პროექტების ძირითადი წილი კვლავ უცხოური დახმარებით ხორციელდება.