პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას გულისხმობს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კონცეფცია?
იანვარი 25, 2023

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა თანამედროვე სამართლებრივი წესრიგის ცენტრალური კონცეფცია და ფუნდამენტური უფლებაა. მის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია სხვა უფლებების რეალიზება. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა როგორც გლობალური, ასევე ლოკალური პრობლემაა. მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 4.5 მილიარდი ადამიანი ვერ სარგებლობს კანონმდებლობის მიერ მინიჭებული უფლებებითა და შესაძლებლობებით.  მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების დღის წესრიგიც. 

ჩვენი კომენტარი

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოზე ან იურიდიულ დახმარებაზე წვდომის შესაძლებლობებს. ის უნდა გავიგოთ ფართოდ კანონის უზენაესობის, სოციალური და საჯარო მმართველობის კონტექსტში. ეს კონცეფცია მოითხოვს მთელი სამართლებრივი სისტემის (მათ შორის, სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის და ა.შ.) დემოკრატიულ მოწყობას. 

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ცნება

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა არის ფართო პოლიტიკურ-სამართლებრივი კონცეფცია. ის მოითხოვს სამართლებრივი საჭიროებების კვლევას და ანალიზს მოსახლეობის პერსპექტივიდან (ე.წ. ქვემოდან ზემოთ). 

უფრო კონკრეტულად, ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ: 

  • სამართლებრივი სისტემა თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის; 
  • სამართლებრივი სისტემა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მიღწეულ იქნეს როგორც ინდივიდუალური, ასევე სოციალური სამართლიანობა.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ელემენტები

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის 6 ელემენტს გამოყოფენ:

  • ადამიანის უფლებებზე მორგებული, დემოკრატიული სამართლებრივი კანონმდებლობა;
  • სამართლებრივი ცოდნა;
  • სამართლებრივი დახმარება და კონსულტაცია;
  • მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე ხელმისაწვდომობა;
  • სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცესი;
  • გადაწყვეტილებების აღსრულება.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა ცენტრალური მნიშვნელობისაა. მას შეუძლია გამოკვეთოს მართლმსაჯულების სისტემის შიდა პრობლემები (ფუნქციური ბარიერები) და რიგი სტრუქტურული ბარიერები, მაგალითად: სისტემის ელიტიზმი, სოციალური უთანასწორობა და სხვა.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერებად სახელდება:

  • ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბარიერები;
  • სამართლებრივ ცნობიერებასთან დაკავშირებული ბარიერები;
  • ფიზიკური, ინფრასტრუქტურული და გეოგრაფიული ბარიერები;
  • ფინანსური ბარიერები;
  • სოციალური და კულტურული ბარიერები.

თითოეული მათგანის გათვალისწინება აუცილებელია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საერთო სურათის წარმოსადგენად.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი