წლების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლება დარღვეულია. ამით, ოჯახმა მიიღო დასტური, რომ მათი მრავალწლიანი პროტესტი ლეგიტიმური იყო. გასაგებია, რომ იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში მანიპულირებს, ცდილობს სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილში (სათანადოდ გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თემირლანის გარდაცვალების გარემოებები) დარღვევა წარმოაჩინოს, როგორც მეორეხარისხოვანი ფაქტი, ხოლო მატერიალური ნაწილი (სასიკვდილო გასროლა რამდენად აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტს) პირველხარისხოვანი. არაფერი აქ ახალი არ არის. გვახსოვს, ეს უწყება იგივეს აკეთებდა, ოღონდ სხვა ხელისუფლების პირობებში, გირგვლიანის საქმეზე.
რა არის პრობლემა?
ამისგან დამოუკიდებლად, მინდა ყურადღება მივაპყრო თავად სასამართლოს გადაწვეტილების პრობლემურობას. ის რაც დავას წარმოშობს არის საკითხი: რატომ არ მიიჩნია თემირლანის სიკვდილზე პასუხისმგებლად სასამართლომ საქართველოს მთავრობა. ამაზე პასუხი წესით გადაწვეტილების 104-ე პუნქტში უნდა ეწეროს, თუმცა ეს ნაწილი ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია.
რატომ არის ბუნდოვანი სასამართლოს პოზიცია?
(ა) სასამართლო წერს: ვერ ვიტყვით, რომ სასიკვდილო გასროლის ის მიზეზი, რომელიც მთავრობამ პროცესზე განაცხადა, დამაჯერებელი არ არის. თუმცა ამ ფრაზას იქვე მოყვება სხვა: (2) სასამართლოს საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით არ შეუძლია შეაფასოს, თემირლანის გარდაცვალების რომელი სცენარია რეალური, მთავრობის თუ დაზარალებულის. სწორედ ამ მომენტშია გაუგებარი გადაწვეტილება. ის, ერთი მხრივ, მთავრობის არგუმენტებს „დამაჯერებლის“ კვალიფიკაციას აძლევს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დამაჯერებლობას მომდევნო წინადადებაში ივიწყებს, როცა ამბობს, რომ არ შეუძლა არც მთავრობის და არც მოსარჩელის პოზიციების შეფასება, რადგან მტკიცებულებები არ არსებობს. ამდენად მკითხველისთვის გაუგებარი ხდება, როდის აფიქსირებს სასამართლო საბოლოო პოზიციას, მაშინ როცა მთავრობის პოზიციის დამაჯერებლობაზე საუბრობს, თუ მაშინ, როცა მთავრობის და დაზარალებულის ვერსიების შეფასების შეუძლებლებლობაზე.
რატომ არის წინააღმდეგობრივი სასამართლოს პოზიცია?
სასამართლოს საბოლოო დასკვნით სიცოცხლის უფლების მატერიალური მხარე არ დარღვეულა. ის ამბობს: ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო კონვენციის სტანდარტს გასცდა, როდესაც უშუშროების სამსახურის წარმომადგენელმა სასიკვდილოდ გაისროლაო. აქ მას საინტერესო ასპექტი შემოაქვს. მნიშვნელოვანი ხდება მიზეზი, რამ განაპირობა სასამართლოს უძლურება გაეცა ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი? ეს მიზეზი ზედმიწევნით უცნაურია: სტრასბურგში ვერ მიიღეს ინფორმაცია რა მოხდა იმ ღამეს თემირლანის ოთახში. იცით რატომ? იმიტომ, რომ მთავრობამ დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობა, გამოეძიებინა ადამიანის გარდაცვალების მიზეზები და ეს მიზეზები სასამართლოსთვის მიეწოდებინა. მთავრობის მიერ ამ ვალდებულების დარღვევაზე თავად ევროპული სასამართლო საუბრობს. ის, ამის გამო, მთავრობას კომპენსაციის გადახდასაც აკისრებს. რა გამოვიდა? მთავრობის მიერ ადამიანის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობა, რომ გამოეძიებინა საქმე, მისი გამართლების მიზეზი გახდა მატერიალურ ნაწილში. ეს ხომ აბსურდია? ერთი დარღვევა მეორის გამართლებად შეუძლებელია გამოდგეს. გამოდის, მთავრობამ სხვა დროსაც შეიძლება არ გამიძიოს საქმე, გაანადგუროს მტკიცებულებები და შემდეგ ამით კომფორტულად აირიდოს თავიდან სამართლიანი მართლმსაჯულება.
რატომ არის აბსურდული სასამართლოს გადაწყვეტილება?
ეს გაუგებრობა გვახსენებს ფრანც კაფკას, თავად იურისტ მწერალს, რომელიც საკუთარ ტექსტებში ხშირად ეხება სამართლისა და ბიუროკრატიის აბსურდულობას. რომანში „პროცესი“ არის ასეთი პასაჟი: ციხის კაპელანი მთავარ გმირს კანონთა კრებულის წინასიტყვაობას აცნობს. წინასიტყვაობის მიხედვით კანონის საუფლოს წინ დარაჯი დგას. მასთან მიდის ერთი სოფლელი კაცი და კარიბჭეში შეშვებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. გადის წლები. ეს კაცი ვერ ახერხებს კანონის სამეფოში შეღწევას, ბოლოს კი ლოდინით და მუდმივი თხოვნით გაწვალებული შესასვლელთან კვდება. ოღონდ სიკვდილამდე დარაჯს კითხავს, როგორ მოხდა, რომ ამ ხნის განმავლობაში, მის გარდა, სხვას არავის უცდია ამ კარში შესვლა. ასეთ პასუხს მიიღებს: „აქ შესვლის უფლება არავის ქონდა, ეს კარი მარტო შენთვის იყო განკუთვნილი.“
ხომ აბსურდია არსებობდეს კარი, რომელიც მხოლოდ შენთვის არის განკუთვნილი, მაგრამ იქ შესვლის უფლება არ გქონდეს? შეიძლება ვინმემ თქვას: ასეთ კარს გინდა უარსებია - გინდა არა, ეს ერთი და იგივეა. მაგრამ ასე არ არის. ამ კარის არსებობა აბსურდს ხდის შესაძლებელს. იმისთვის, რომ დავინახოთ უსამართლობა, საჭიროა ის აბსურდით გავიგოთ - უსამართლობა აბსურდულია.
რაიმეს უსამართლობად მისი ალოგიკურობა აქცევს. ჩვენ ადამიანის მოქალაქეობრივი ცხოვრება ლოგიკურ ჯაჭვად წარმოგვიდგენია. რა დროსაც კონკრეტულ ქმედებებს კონკრეტული შედეგები მოყვება, - ყოველ შემთხვევაში კანონი ამის დაპირებას გასცემს. თუმცა კაფკა გვეუბნება - კანონი ამ დაპირებას ვერ ასრულებს და მეტიც, ზოგჯერ თავად უპირისპირდება მას. ამდენად ვიღებთ აბსურდულ სიტუაციას. სიტუაციას, რომელიც სამართლიანობის ლოგიკაში არ ჯდება. სიტუაციას რომელიც აბსურდულია, რადგან მას გამართლება არ მოეძებნება. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. სასამართლო, რომელიც თავად უნდა იყოს სამართლიანობის დამცველი, უსამართლოდ იქცევა. ის ვარდება აბსურდულ წინააღმდეგობაში, როცა თან ,,დამაჯერებელს“ უწოდებს მთავრობის ცნობებს, თან კი უარს ამბობს მოსარჩელისა და სახელმწიფოს არგუმენტების შეფასებაზე. ის ამართლებს მთავრობას სიცოცხლის უფლების მატერიალური ნაწილში და ამ გამართლების არგუმენტად მტკიცებულებების არ არსებობა მოყავს, იმ მტკიცებულებების, რომლის მოტანაც მთავრობას ევალებოდა, მაგრამ ვალდებულების დარღვევით უარი თქვა ამაზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილება მხოლოდ წინააღმდეგობრივი და გაუგებარი არ არის. ის გულგრილიცაა. გულგრილია, როგორც საკუთარი გადაწყვეტილების სამართლიანობის მიმართ (ასე, რომ არ იყოს, სულ ცოტა, განმარტებას მოგვცემდა), არამედ მომჩივანის მიმართაც. ის თითქოს იშორებს პრობლემას და იმაზეც არ წუხს, რომ კითხვებს ტოვებს. ადგენს დარღვევას, მაგრამ ეს უბრალოდ სამართლიანობისთვის ხარკის გადახდას გავს, ვიდრე მის ჭეშმარიტ მსახურებას. ეს კი კიდევ ერთხელ გვახსენებს „პროცესს“. რომანის დასასრულს მთავარი გმირი საყვედურობს ციხის კაპელანს: ისე მიშორებ, თითქოს სრულიად არ გაინტერესებს ჩემი ბედიო. რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს: „შენ კარგად უნდა გაიგო ვინ ვარ მე. მე სასამართლოს ვემსახურები. რა უნდა მინდოდეს შენგან. სასამართლოს შენგან არაფერი არ უნდა. როცა მოდიხარ სასამართლო გიღებს, როცა მიდიხარ გიშვებს.“ ამ გადაწვეტილებაშიც დაახლოებით ასეთ რამესთან გვაქვს საქმე, სასამართლს მომჩივანისგან არაფერი უნდა. ის ინდიფერენტულია მისი ტკივილის, მისი პრობლემის, სამართლიანობის მიმართ. სასამართლოს არ უნდა ამ ყველაფრის გაგება და ფორმალური ლოგიკის ხრიკებს მიმართვას, რომელიც ბოლოს მის წინააღმდეგ ბრუნდება. ის თითქოს შეისწავლის საქმეს, მაგრამ ძალისხმევას არ გასწევს. იწყებს და ამთავრებს პროცედურებს, იღებს სარჩელს, ჩარიცხავს საქმეთა რეესტრში, განიხილავს მას, გამოაქვს გადაწვეტილება და ამორიცხავს. მისი პასუხები ბუნდოვანია, შინაარსი აბსურდული, განწყობა კი ინდიფერენტული - მთავრობამ არ წარმოადგინა მტკიცებულებები. მტკიცებულებების გარეშე მის ბრალეულობას ვერ დავადგენთ! ეს ცივი აბსურდულობა, ძალიან მკაფიოა, ძალიან მახვილი, იმისთვის რომ შეუმჩნეველი დარჩეს.