პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ბრძოლა სიღარიბის აღიარებისთვის

სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზება და დაცვა დღემდე მნიშნელოვან გამოწვევად რჩება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებით განვითარდა, რომლის მიხედვითაც, თავისუფალ კონკურენციაზე ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკას მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა სოციალურ კეთილდღეობაზეც. ეს მიდგომა ძლიერ ეკონომიკას ღირსეული ცხოვრების წინაპირობად მიიჩნევდა, რომელშიც ბაზარი სათანადო სამუშაო ადგილების და დოვლათის უზრუნველყოფით „აწარმოებდა კეთილდღეობას.“  ამ მიდგომამ სოციალურ უფლებებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოდან ინდივიდუალურ პირებზე და კერძო სექტორზე გადაიტანა. ეს, დღეს თითქოს მოძველებული, რიტორიკა ჯერ კიდევ მყარად არის სახელმწიფოთა სოციალური პოლიტიკის საფუძვლებში შემორჩენილი. ამ მიდგომამ ხელი შეუშალა სოციალური უფლებების აღიარებასა და დაცვის ჯეროვანი სისტემის შექმნას, რადგან სადავო გახადა მისი სასამართლოს გზით აღსრულების საკითხი. თუმცა დღეს უკვე ადამიანის უფლებათა თანამედროვე დოქტრინა მკაფიოდ უპირისპირდება ამ მიდგომას. ის მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სასამართლოს სოციალური უფლებების დაცვის კუთხით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში მწვავედ დგას სოციალური დაცვისა და უსაფრთხოების საკითხი,კვლავ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი. 2022 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მოსახლეობის 15.6% იმყოფება. 2022 წელს შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 659 005-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, დღემდე პრობლემურია საარსებო შემწეობის ადმინისტრირების და რეგულირების წესი. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის საკითხებში სასამართლოს როლის გააქტიურება.  

ჩვენი კომენტარი 

საქართველოს კანონმდებლობით,  სასამართლოში სოციალური დაცვის უფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ვერ პასუხობს სოციალური სახელმწიფოს იდეას და მოქალაქეს სახელმწიფოსთან უთანასწორო ბრძოლაში იწვევს. 

რას გულისხმობს სოციალური სახელმწიფოს იდეა? 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა მოქალაქეთა ურყევ ნებად მიიჩნევს სოციალური სახელმწიფოს შენებას. ეს ჩანაწერი კონსტიტუციის მატერიალურ, სახელმწიფოს მიზნის დამდგენ პრინციპად მიიჩნევა. სოციალური სახელმწიფოს ბევრი განსხვავებული განმარტება შეიძლება შეგვხვდეს. თუმცა, ფართო გაგებით, ის ეკონომიკის ორგანიზებასა და მართვაში სახელმწიფოს აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. სოციალური სახელმწიფოს იდეა, სახელმწიფოს მონაწილეობით, სიმდიდრის თანაბარი გადანაწილების კონცეფციას ეფუძნება. ამ პრინციპით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობაზე, მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს მატერიალურ დახმარებას სხვადასხვა საჭიროებისთვის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სხვა სერვისების მიწოდებას.

როგორია ამ იდეის განვითარების ტენდენცია საქართველოში?

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სოციალური უფლებების დაცვა ვერც ერთი პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ვერ გახდა პრიორიტეტული. პირიქით, წლების განმავლობაში მკვეთრად ანტისოციალური ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებამ, სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ფაქტიურად გააქრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. სოციალური დაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებას ვერც საკონსტიტუციო სასამართლომ შეუწყო ხელი. მან სოციალური უფლებებთან მიმართებით კონვენციურ მიდგომას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად, სოციალური დაცვის საკითხებში აღმასრულებელ ხელისუფლებას პრივილეგირებული, უპირატესი როლი აქვს. ამ ფონზე მნიშვნელოვანი იყო 2017-2018 წლების საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც სახელმწიფო ორგანოებს სოციალური სახელმწიფოს იდეის ფარგლებში მოქმედება დაავალა. ცვლილებით სახელმწიფოს გაცხადებულად დაეკისრა მოქალაქეთა სოციალური დაცვის ვალდებულება. ამ რეგულაციამ გაზარდა სასამართლოს როლი სოციალური უფლებების დაცვაში და მას მნიშვნელოვანი ვალდებულებები დააკისრა სოციალურად მგრძნობიარე პრაქტიკის შესაქმნელად. 

სასამართლოს ხელმისაწვდომობა

სოციალური უფლებების დაცვისა და ამ უფლების სასამართლო გზით აღსრულების უმთავრესი კომპონენტია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა. მასზეა დამოკიდებული სასამართლოს როლი სოციალური უფლებების დაცვის საკითხებში. ხელოვნური ბარიერების დაწესება ზღუდავს როგორც პირს, დაიცვას საკუთარი უფლებები, ასევე სასამართლოს მანდატს, ჰქონდეს აღმასრულებელი ორგანოების  კონტროლის შესაძლებლობა. 

ჩვენ ხელმისაწვდომობის ორ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას:

  • ხარჯები;
  • იურიდიული დახმარება. 

სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ დავების წარმოებისას სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და შემწეობის მიმღები პირები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟისა და სხვა ხარჯებისაგან. თუმცა, თუ პირი შემწეობის დანიშვნას ან აღდეგენას ითხოვს, ის მხოლოდ ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება და შესაძლოა მოუწიოს სამართალწარმოების სხვა ხარჯების გაღება.  

სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით სრულფასოვანი უფასო იურიდიული დახმარების მიღება შეზღუდულია. ამგვარი დახმარება მოიცავს არა მხოლოდ სამართლებრივ კონსულტაციას, არამედ დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლოში წარმომადგენლობასაც. კანონით, ასეთი სრულყოფილი იურიდიული დახმარება საქმის სირთულესა და მნიშვნელობაზეა დამოკიდებული. იურიდიული დახმარების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს რაიმე რეგულაცია ან სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს საქმის სირთულისა და მნიშვნელობის ელემენტებს. აქედან გამომდინარე, ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება. ეს კი იმას ნიშავს, რომ ყველა შემთხვევაში ადამიანი ასეთ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. 2022 წლიდან 2023 წლის სექტემბრამდე სამსახურმა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით 666 კონსულტაცია გასცა, სასამართლოში წარმომადგენლობა 106, ხოლო, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა 8 პირისთვის უზრუნველყო.  

სასამართლოს საჯაროდ ხელმისაწვდომ საქმეებში ნაკლებად გვხვდება შემწეობის მიმღები პირის ინიციატივით დაწყებული დავები. მაგალითად, 2020 წლისათვის, საარსებო შემწეობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სულ 7 გადაწყვეტილებაა საჯაროდ ხელმისაწვდომი. აქედან მხოლოდ 1 საქმეშია დავის ინიციატორი მოქალაქე. 6 საქმე სააგენტოს მიერ  თავად შემწეობის მიმღების მიმართ „ზედმეტად“ ან „არასწორად“ მიღებული დახმარების ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების მოთხოვნით იწყება. 2019 წლის მონაცემით, 10 საქმიდან 9 საქმეა იმავე საფუძვლით დაწყებული. დამატებითი ინფორმაციის გარეშე რთულია იმის თქმა, რა განაპირობებს შემწეობის მიმღები პირების ინიციატივით დაწყებული დავების სიმცირეს. თუმცა ხელმისაწვდომობის ბარიერები შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყოს მოქალაქეებისთვის. 

შეჯიბრი უთანასწორო მხარეებს შორის

საარსებო შემწეობასთან დაკავშირებული დავები დისპოზიციურობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება. 

დისპოზიციურობა საქმის წარმართვის სადავეს მხარეებს გადასცემს. მხარე იწყებს დავას,  ის თავისუფალია დავის საგნის განსაზღვრაში, მას შეუძლია შეამციროს ან გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნა, უარი თქვას სარჩელზე, ცნოს ის ან საქმე მორიგებით დაასრულოს. ამ პრინციპით სასამართლოს უფლება არ აქვს, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ფიქრობს, რომ ეს აუცილებელია უფლების სამართლიანი რეალიზებისათვის. 

შეჯიბრებითობის პრინციპით მტკიცების საგნის განსაზღვრა და დავასთან დაკავშირებული ფაქტების დამტკიცების ტვირთი მთლიანად მხარეებს ეკისრებათ. შეჯიბრებითობის არსი თანასწორ მდგომარეობაში მყოფ მხარეებშია. შესაბამისად, მის მოქმედებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ პროცესში გარანტირებულია მხარეთა თანასწორობა, კონკრეტულად, მათი თანაბარი წვდომა პროცესუალურ და სამართლებრივ „რესურსებზე.“ სხვაგვარად ამ პრინციპს უკუშედეგი აქვს, ის უთანასწორო მხარეთა დავაში ყოველთვის ძლიერის სასარგებლოდ მოქმედებს. სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული დავების თავისებურება კი ისაა, რომ იგი აშკარად უთანასწორო მხარეთა დავაა. ერთი მხარეს არის სახელმწიფო ყველა თავისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით და მეორე მხარეს მოქალაქე, რომელიც ამავე სახელმწიფოს საკუთარ სიღარიბეს ედავება, ხშირად სათანადო დაცვაზე წვდომის და შესაბამისად, პროცესუალური მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გარეშე. 

მართალია, ადმინისტრაციულ დავებში პირველ ყოვლისა კანონის მოლოდინი შეჯირებითობა, მხარეთა მიერ საკუთარი პოზიციების მტკიცებაა, თუმცა შეჯიბრებითობა ისე არ უნდა განიმარტოს, რომ გამოირიცხოს სასამართლოს როლი და სამართლიანობის დადგენაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მხარეებს გადაეკისროთ. შეჯიბრებითობის პარალელურად, სასამართლოს აქვს საქმის ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულება. სასამართლომ საქმის განხილვისას ადამიანის უფლებების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა უნდა უზრუნველყოს და დაიცვას უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ მხარეთა შორის ბალანსი. ინკვიზიციური როლის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშნელოვანია სოციალურ დავებში, რომლებშიც სასამართლომ შემწეობის საჭიროებასა და სახელმწიფო ძალისხმევის მობილიზების ვალდებულებაზე უნდა იმსჯელოს. თუმცა პრაქტიკაზე დაკვირვება გვაფიქრებინებს, რომ სასამართლოები ამ პრინციპს შეზღუდულად განმარტავენ ან სათანადოდ არ იყენებენ.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ საქმეებში, რომლებშიც სახელმწიფო მოქალაქეს  შემწეობის „ზედმეტად“ მიღებას ედავება და მის დაბრუნებას ითხოვს. სასამართლო, როგორც წესი, არ მსჯელობს სახელმწიფოს ამ მოთხოვნის სამართლიანობაზე. ამგვარ საქმეებზე სასამართლო, რეალურად, ნოტარიულ ფუნქციას ასრულებს - ის ადასტურებს დავაში სახელმწიფოს მოთხოვნას. პრაქტიკა იმასაც ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ხელოვნურ ბარიერებს უქმნის მოქალაქეებს სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობისათვის. მათ უწევთ ბრძოლა არა მხოლოდ საარსებო შემწეობის მისაღებად, არამედ მის შესანარჩუნებლადაც. ხელახალი გადამოწმების დროს მათი სიღარიბის მაჩვენებელი შეიძლება ერთჯერადი ფულადი სარგებლის ან რკინეულის შეგროვებით მიღებული თანხის საფუძველზეც კი შეიცვალოს და „ზედმეტად“ მიღებული დახმარების ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება დაეკისროთ. ამ დავებში დომინანტი როლი მხარეებს აქვთ, თუმცა შეჯიბრებითობის ფარგლებშიც შეუძლია სასამართლოს ინკვიზიციური უფლებამოსილების გააქტიურებით სოციალურად მგრძნობიარე პრაქტიკის შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის უფლების გამოყენებაც ერთ-ერთი მაგალითი იქნებოდა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით წარდგინება  ჯერჯერობით არ მიუღია.   

საქმეთა დასაშვებობა 

საარსებო შემწეობასთან დაკავშირებით 2023-2022 წლების უზენაესი სასამართლოს  დაახლოებით 14  გადაწყვეტილება იძებნება, აქედან სასამართლომ 11 საქმე დაუშვებლად ცნო. საქმის დასაშვებობაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მუხლებზე, რომელსაც ის ეყრდნობა საკითხის გადაწყვეტისას. თუმცა ყველა შემთხვევაში არ მსჯელობს იმ კონკრეტულ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ ჩამოაყალიბა სტანდარტი საარსებო შემწეობასთან დაკავშირებით და რომლის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ არ არსებობს მსგავს საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. უზენაეს სასამართლოს შეუძლია მიიღოს პრეცედენტული ტიპის გადაწყვეტილება, რომელსაც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დავაზე ექნება გავლენა, არამედ დაადგენს სახელმძღვანელო სტანდარტს, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოებისათვის, ასევე მხარეებისთვისაც  და დასაშვებობის განხილვისას დაეყრდნობა ამ საქმეში მოცემულ მსჯელობას.

შეჯამება

სოციალური უფლებების სასამართლოს გზით დაცვა და აღსრულება რთულია, რადგან სასამრთლოს როლი ჯერ კიდევ ბუნდოვანი და სუსტი რჩება. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის არსებულ ბარიერებს თან ერთვის ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო ,,ნოტარიუსის“ როლშია, ის სათანადოდ არ იყენებს კანონით მინიჭებულ ინკვიზიციურ უფლებამოსილებებს. ეს, პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონმდებლობის ცვლებასაც მოითხოვს. ცვლილებებმა სოციალური დაცვის საქმეებში სასამართლოს როლი უნდა გაააქტიუროს. სოციალური უფლებების სათანადო აღსრულება იურიდიული დახმარების სისტემის გაუმჯობესებასაც მოითხოვს, რასაც, გარდა საკანონმდებლო რეგულაციებისა, სამსახურის ინსტიტუციური  გაძლიერებაც სჭირდება. 


სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი