უმუშევრობის დონის შემცირება და დასაქმებულთა რიცხვის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ სტატიაში გავაანალიზებთ საქართველოში სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიას და შევისწავლით, რომელი მონაცემები რჩება მის მიღმა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებული მოსახლეობის წილი მერყეობს 1,25 მილიონსა და 1.3 მილიონ ადამიანს შორის (პანდემიის პერიოდში ეს მონაცემი ყველაზე დაბალი იყო, 1.21 მილიონი), პარალელურად კი კლებადია უმუშევრობის დონე. მიუხედავად ამ დამაიმედებელი მაჩვენებლებისა, ქვეყანაში სამუშაო ძალის რაოდენობა ბოლო წლებში არ იზრდებოდა, მაგალითად, თუ 2015 წელს სამუშაო ძალა შეადგენდა 1.67 მილიონ ადამიანს, 2022 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 1.55 მილიონი იყო.
დიაგრამა N1
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ჩანს ამ სტატისტიკის მიღმა და რატომ შეიძლება არ ნიშნავდეს პოზიტიური სტატისტიკა უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში.
ჩვენი კომენტარი
უმუშევრობის დონის კლება არ ნიშნავს დასაქმებულთა რიცხვის ზრდას, რადგან, ამ ორი მაჩვენებლის გარდა, მნიშვნელოვანია, მესამე ინდიკატორის – სამუშაო ძალის რიცხვის – გაზომვაც.
როდესაც ადამიანი არის უმუშევარი და იმედგაცრუებისა თუ ნაკლები პერსპექტივის გამო უარს ამბობს დაბალანაზღაურებად და არასასურველ შრომაში ჩართვაზე, პრობლემა სწორედ ამ შემთხვევაში მწვავდება. სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება იმგვარად, რომ უმუშევრობის დონის დაწევით პრობლემა მოგვარდა, არასწორი და მანიპულაციურია.
როგორ ითვლება უმუშევრობის და დასაქმების დონე
საქსტატის მიხედვით, უმუშევართა და დასაქმებულთა დონეები ითვლება სამუშაო ძალასთან მიმართებით:
სამუშაო ძალაში ჩაითვლება ადამიანი, თუ არის:
- დასაქმებული;
- უმუშევარი, მაგრამ არის 15 წელს ზემოთ, ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეძებს სამსახურს და მზად არის, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში დაიწყოს მუშაობა.
უმუშევრობის დონის დასადგენად კი:
- უმუშევრად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც არის სამუშაო ძალაში, და ამავდროულად, არ არის დასაქმებული. რაც ნიშნავს, რომ ვინც არ ცდილობს დასაქმებას ზემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ის არ ითვლება უმუშევართა რიცხვში.
დასაქმებულად მიიჩნევა პირი:
- რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათი მაინც შრომის ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით. მათ რიცხვში შედიან თვითდასაქმებულებიც.
რა არის ყურადსაღები უმუშევრობისა და დასაქმების დონის დათვლის მეთოდოლოგიაში
ამ მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები საშუალებას გვაძლევს, შევადაროთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა სხვა ქვეყნებისას, რადგან ეს არის ILO-ს მეთოდოლოგია და ამ მიდგომით (სხვა მეთოდოლოგიებთან ერთად) ითვლიან სხვა ქვეყნებიც. თუმცა მხოლოდ მშრალი მონაცემი, გარკვეული ასპექტების განხილვის გარეშე, არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა.
უმუშევრობის პროცენტი ითვლება სამუშაო ძალასთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ თუ სამუშაო ძალა შემცირდება, ხოლო დასაქმებულების რიცხვი უცვლელი დარჩება (ე.ი., გარკვეულმა ნაწილმა, ვინც უმუშევარი იყო, გადაინაცვლა სამუშაო ძალის გარეთ), პროცენტულად უმუშევრების რიცხვი შემცირდება.
მაგალითად, თუ:
- 2021 წელს სამუშაო ძალაში იყო 100 ადამიანი და დასაქმებული იყო 80, უმუშევრობის პროცენტი გამოდის 20%;
- 2022 წელს სამუშაო ძალა შემცირდა და შეადგენს 90 ადამიანს, დასაქმებული კი კვლავ 80 ადამიანია, უმუშევრობის პროცენტი 11% იქნება;
ამგვარი დათვლისას უმუშევართა პროცენტული რაოდენობა მცირდება, თუმცა არ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, რაც არ ნიშნავს უმუშევრობის რეალურ შემცირებას.