პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება თვითდასაქმებული და უმუშევარი ქალებისთვის

თვითდასაქმებული ან უმუშევარი ქალების ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდისათვის ფინანსური დახმარების პოლიტიკის შემუშავებისას სახელმწიფო ვალდებულია, გაითვალისწინოს მათი სოციალური საჭიროებებიც. ზოგიერთმა სახელმწიფომ მათთვის ფინანსური დახმარების გაცემა კანონმდებლობით დაარეგულირა, ზოგიერთში კი სასამართლო პრაქტიკით მკვიდრდება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?  ბევრია თვითდასაქმებული, არაფორმალურ შრომაში ჩაბმული ან უმუშევარი ქალი. მათი ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კი უარესდება, თუკი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტენ. სახელმწიფო, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, არც ერთ ეტაპზე მათთვის დახმარებას ხელმისაწვდომს არ ხდის. 

ჩვენი კომენტარი: დღეს საქართველში არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში თვითდასაქმებული და უმუშევარი ქალების რაოდენობაზე, რაც მათზე ზრუნვის დაწყების არასაკმარისი, თუმცა აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა.

რა უნდა ვიცოდეთ? 

სახელმწიფოები სხვადასხვაგვარად არეგულირებენ თვითდასაქმებული და უმუშევარი ქალებისთვის დეკრეტული შემწეობის გაცემის წესსა და პირობებს, მაგ.: ნამუშევარი საათების რაოდენობას, მინიმალური შემოსავალს, სოციალური დაზღვევის ფონდებში განხორციელებულ შენატანებს და სხვა; სტატუსის, თვითდასაქმებულის თუ უმუშევრის, რეგისტრირება კი, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.  

დეტალურად:

  1. ზოგიერთ სახელმწიფოში თვითდასაქმებული ქალების დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზუსტი ოდენობა მათი შემოსავლების ან სოციალური უსაფრთხოების სქემაში შენატანების მიხედვით გამოანგარიშდება. ასეთი სისტემა მოქმედებს.

    მაგალითად, დანიაში, სადაც ფინანსური ბენეფიტის ზედა ზღვარიც არის დაწესებული და იგი კვირაში 600 ევროს არ აღემატება. ანაზღაურების ხანგრძლივობა 18 კვირაა; ხოლო ესპანეთში რეგისტრირებული თვითდასაქმებული ქალები ანაზღაურებას 16 კვირის განმავლობაში იღებენ. 

    სასამართლო პრეცედენტის მიხედვით, იზრდება თვითდასაქმებულ პირთა წრეც, რაც ავტომატურად ზრდის იმ ქალების რიცხვს, რომლებიც დეკრეტული შვებულებით სარგებლობას შეძლებენ.

  2. სახელმწიფოები თვითდასაქმებულებისათვის მაქსიმალური დეკრეტული შვებულების ოდენობას მინიმალური ხელფასით განსაზღვრავენ: 

    მაგალითად, ნიდერლანდებში თვითდასაქმებული, თუ მან კალენდარული წლის განმავლობაში 1125 საათი იმუშავა, მაქსიმალურ შემწეობას, 1 725 ევროს, მიიღებს. ეს კი  ქვეყანაში მინიმალური ხელფასის მაჩვენებელია. 

  3. არსებობს ქვეყნები, სადაც დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული თვითდასაქმებული ქალის შემოსავალზე.ბელგიაში ეს თანხა, მაქსიმუმ, 13 კვირის მანძილზე გაიცემა და ყოველკვირეულად 240-480 ევროს ტოლია.

     

  4. უმუშევარი ქალების ფინანსური უზრუნველყოფაც არაერთ ქვეყანაშია დამკვიდრებული. 

    მაგალითად, ნიდერლანდებში, სადაც უმუშევარი ქალები დროებით გამოირიცხებიან უმუშევრობის ან სხვა დახმარების პროგრამებიდან და იღებენ დეკრეტულ შემწეობას.

გერმანიაში, თუ უმუშევარი ქალები არ არიან სახელმწიფო დაზღვევის წევრები, დეკრეტულ შემწეობას იღებენ ერთჯერადად, მაქსიმუმ, 210 ევროს ოდენობით. დაზღვევის მქონე უმუშევარ ქალებს კი უნარჩუნდებათ უმუშევრობის დაზღვევა, რომელსაც გარკვეული ოდენობის თანხაც შეიძლება დაემატოს. 

 ავსტრიაში უმუშევარი დედებისთვის შემწეობის ოდენობა, უმუშევრობის დახმარების ფარგლებში, ბოლოს მიღებული თანხის 180%-ს შეადგენს, რომელსაც 16 კვირის განმავლობაში ყოველთვიურად იღებენ.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი