პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომები არჩევნების კონსტიტუციურობის საქმეზე
დეკემბერი 6, 2024

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე ნორმისა და მათ საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობას ეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი როლი და ადგილი ვერ დაინახა ამ დავაში, შესაბამისად, სარჩელები დასაშვებად არ ცნო.

რას ითხოვდნენ მოსარჩელეები?

მოსარჩელეები მოითხოვდნენ, რომ სასამართლოს დაედგინა არჩევნების ორი პრინციპის: საყოველთაობისა (საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა) და ე.წ. ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის დარღვევა.

რას განიხილავს სასამართლო დასაშვებობის ეტაპზე?

საკონსტიტუციო სამართალწარმოების ამ ეტაპზე არ მოწმდება სამართლებრივი ნორმების და არჩევნების კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს, დავა მისი გადასაწყვეტია (განსჯადი), თუ რომელიმე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტისა.

საყოველთაობის პრინციპი

დავა ეხებოდა საზღვარგარეთ არასაკმარისი უბნების გახსნის საკითხს. მოსარჩელეები ამბობდნენ, რომ ცესკო ვალდებული იყო, უზრუნველეყო საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა.

სასამართლომ დავის ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოსარჩელეებს დააკისრა მაშინ, როცა ლოგიკური იქნებოდა, სახელმწიფოს რესურსების საკითხზე ცესკოდან მოეთხოვა პასუხი და ინფორმაცია.

ფარულობის პრინციპი

საერთო სასამართლოებმა საარჩევნო კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმებზე დაყრდნობით თქვეს, რომ ფარულობის პრინციპი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არ გამოჩნდეს, ვის მისცა მოქალაქემ ხმა, ხოლო ფარულობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამომრჩეველს.

მოსარჩელე ამბობდა, რომ ხმის მიცემის ფარულობა იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ჩვეულებრივ ამომრჩეველს (სპეციალური მომზადების გარეშე) მისი დაცვა არ გაუჭირდეს, ხოლო ფარულობის დარღვევა ნიშნავს არა მხოლოდ იმის გამჟღავნებას, ვის მიეცი ხმა, ასევე იმას, ვის არ მიეცი ხმა.

ამ კითხვებზე პასუხისთვის კი ის უნდა დაყრდნობოდა ადმინისტრაციული ორგანოებისა და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებში მოცემულ განმარტებებს, იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მათ ჩადეს გასაჩივრებულ ნორმებში.

სასამართლომ ეს არ გააკეთა. მისი აზრით, მოსარჩელეების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მიემართებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებს (ბიულეტენის ან/და მარკერის შერჩევას) და არა სადავო ნორმების შინაარსს; ამ მოქმედების კონსტიტუციურობის შეფასება, სასამართლოს აზრით, სცდება მის კომპეტენციას. თუმცა რეალობა სხვაა:

ამდენად, სასამართლოს მოტივაცია სარჩელში გადმოცემულ არგუმენტაციას სრულად არ პასუხობს და არ იკვლევს იმ მიზეზებს, რამაც საარჩევნო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობა დააყენა ეჭვქვეშ.

რაზე უნდა ემსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ამ ეტაპზე?

ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის მეთოდმა 2024 წელს ამომრჩევლების დაახლოებით 90% მოიცვა. სასამართლოებშიც პირველად დადგა ფარულობის პრინციპის მასშტაბური დარღვევის გამო არჩევნების ბათილობის საკითხი. შესაბამისად, საერთო სასამართლოებს პირველად მოუწიათ იმაზე მსჯელობა, იწვევდა თუ არა ფარულობის პრინციპის დარღვევას არჩევნებში გამოყენებული ცალკეული ტექნიკური საშუალებების ხარვეზები − ბიულეტენის ქაღალდის სისქე, მარკერის მელნის სიმკვეთრე და ჩარჩო-კონვერტის ზომა.

24-დან 23-მა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ორმა სააპელაციო სასამართლომ თავიანთი გადაწყვეტილებებით მიიჩნიეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები  (1) უზრუნველყოფდნენ ფარულობის პრინციპის დაცვას, ხოლო (2) ცესკოს პრაქტიკა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მათთან. მათი თქმით, ეს ნორმები არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას აკისრებდა პასუხისმგებლობას ფარულობის უზრუნველყოფაზე, არამედ ამომრჩეველსაც.

საერთო სასამართლოებმა გასაჩივრებულ ნორმებს მიანიჭეს ისეთი შინაარსი, რომლის მიხედვითაც, მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმებით ხმის ფარულობაზე პასუხისმგებლობა ამომრჩეველს ეკისრებოდა მაშინ, როცა პრობლემა საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებმა წარმოშვა. სწორედ ამაზე დავობდა მოსარჩელე.

ასეთ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ხომ არ არღვევდა კონსტიტუციას სადავო ნორმების ის შინაარსი, რომელიც საერთო სასამართლოებმა მიანიჭეს მათ (ამ ნორმებს).

განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მოსარჩელეები აქცენტს აკეთებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკაზე და არა ამ პრაქტიკის განმაპირობებელ ნორმებზე. მაგალითად, სასამართლო აცხადებს, რომ მოსარჩელე სარჩელში მსჯელობს მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებზე − საარჩევნო ატრიბუტიკის მახასიათებლების განსაზღვრასა და გამოყენებაზე − და ამას ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პრეზიდენტის სარჩელში ხაზგასმულია, რომ გასაჩივრებულია „ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც ფარულობის დარღვევა არ გულისხმობს იმის გამჟღავნებას, თუ  ვის არ მისცა ხმა ამომრჩეველმა, ასევე ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კენჭისყრის ფარულობის დაცვაზე პასუხისმგებლობას აკისრებს თავად ამომრჩეველს და რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ავალდებულებს იმგვარად ჩატარდეს კენჭისყრის პროცედურა, რომ დაცული იყოს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი და ქმნის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესაძლებლობას საარჩევნო ბიულეტენის, ჩარჩო-კონვერტის და სპეციალური მარკერის ტექნიკური მონაცემების გაუთვალისწინებლობის გამო“.

მართალია, სარჩელის სხვა ნაწილებში იყო მსჯელობა საარჩევნო ადმინისტრაციის ფაქტობრივ საქმიანობაზე, მაგრამ იმ მიზნით, რომ წარმოჩენილიყო საერთო სასამართლოების მიერ ნორმისთვის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის მინიჭების საფუძვლები. საკონსტიტუციო სასამართლოსგან არავინ ითხოვდა ცესკოს მიერ შერჩეული ტექნოლოგიებით თუ ხარვეზიანი ატრიბუტიკით ჩატარებული არჩევნების შეფასებას, არც იმის შეფასებას, ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის კვალის გამოჩენა არღვევდა თუ არა ფარულობას, არამედ იმას, კონსტიტუციის მიხედვით ფარულობის დარღვევაზე ვინ იყო პასუხისმგებელი და რას ნიშნავდა ფარულობის დარღვევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსთხოვეს არა ფაქტების დადგენა, არამედ ამ ფაქტების განმაპირობებელი სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება.

სარჩელში დაყენებულ ამ მოთხოვნებზე მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლომ თავი აარიდა და უარი თქვა კონსტიტუციის განმარტებაზე, რისი შესაძლებლობაც მას ექნებოდა, თუკი სარჩელს არსებითად განსახილველად მიიღებდა.

საბოლოოდ, სარჩელის უარყოფამ შეუძლებელი გახადა კონსტიტუციური ნორმების − არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების შინაარსის განმარტება და იმის გადაწყვეტა, არაკონსტიტუციური იყო თუ არა საარჩევნო ნორმები და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნები. სამწუხაროდ, სასამართლომ უარი თქვა საკუთარი როლი დაენახა ამ დავაში.

მასალა მოამზადეს
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
ავტორი
ნინო კაპანაძე
ნინო კაპანაძე
ავტორი