განათლების პრივატიზაცია და მარკეტიზაცია ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხებია განათლების სფეროში. მიუხედავად ამისა, თანამედროვე რეფორმები, მათ შორის მასწავლებელთა პოლიტიკა ხშირად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზეა დაფუძნებული.[1] [2] ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. პირიქით, შეიძლება ითქვას ჩვენი სისტემისთვის ამგვარი მიდგომები განსაკუთრებით დამახასიათებელია და განათლების სისტემის ორგანიზებისას, გადაწყვეტილების მიმღებები, მეტწილად, სწორედ მარკეტიზაციის პრინციპებით ხელმძღვანელობენ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს
განათლების სისტემის პრობლემების განხილვისას, ხშირად არის მსჯელობა მასწავლებელთა კომპეტენციის დეფიციტზე, ინფრასტრუქტურის პრობლემებზე, კვების არარსებობაზე და სხვა. ცხადია, ყველა ეს პრობლემა უმნიშვნელოვანესია და მათი გადაჭრის გარეშე რთული იქნება როგორც აკადემიური შედეგების გაუმჯობესება, ასევე განათლების სოციალური ამოცანების შესრულება. თუმცა, სწორედ ისეთი მეინსტრიმული ხედვისა და პოლიტიკის ცვლილების გარეშე როგორიც მარკეტიზაციაა, თვისებრივი გაუმჯობესება და განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელიც კი არის.
ჩვენი კომენტარი
სამწუხაროდ, ათწლეულებია განათლების სისტემა ჩამოყალიბდა უთანასწორობის კვლავწარმოების ინსტრუმენტად, ვიდრე მისი აღმოფხვრის საშუალებად. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გარდა სისტემის პოლიტიკური და პარტიული კონტროლისა, სწორედ მარკეტიზაციის პრინციპებით ხელმძღვანელობაა, რაც მნიშვნელოვნად ცვლის თავად სისტემაში ჩართული ადამიანების, მაგ. მასწავლებლების სოციალურ იდენტობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განათლება აღვიქვათ როგორც საჯარო სიკეთე და საზოგადოებრივი განვითარების ინსტრუმენტი. უფრო კონკრეტულად, საჭიროა კონკურენციის პოლიტიკიდან თანამშრომლობის პოლიტიკაზე გადასვლა. ანალოგიურად, მენეჯერიალიზმისა და პერფორმატიულობის ნაცვლად, პროფესიონალიზმის და ღირსეული შრომითი პირობების განვითარება.
უფრო დეტალურად
საქართველოში განათლების პრივატიზაცია და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შემოღება 1990-იანი წლებიდან იწყება, როცა ქვეყანამ დამოკიდებლობა მოიპოვა. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა მსოფლიო ბანკის განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის მეშვეობით (მოგვიანებით ამ პროექტს „ილია ჭავჭავაძის პროგრამა“ ეწოდა). იმ პერიოდისათვის საქართველოს მთავრობა საკმაოდ რადიკალურ მიდგომებს მიმართავდა ნეოლიბერალური რეფორმების შემოღებისათვის, რა დროსაც პრივატიზაცია პოლიტიკის ფორმირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდა. თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ სპონტანური და დაუგეგმავი იყო.3 2002-2011 წლებში საქართველოს განათლების რეფორმა, მათ შორის ვაუჩერული დაფინანსების სისტემის შემოღებით, მარკეტიზაციის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა.6
მარკეტიზაციის მომხრეები თვლიან, რომ მას უფრო მეტი ეფექტიანობა მოაქვს, რაც გამოწვეულია საჯარო სკოლებისა თუ სისტემების კერძო სკოლებთან კონკურენციით და ინსტიტუციური სტრუქტურის ცვლილებით. მიუხედავად ამისა, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სისტემები ხასიათდებიან მაღალი უთანასწორობით, სეგრეგაციითა და განათლების ხარისხის გაუარესებით. განათლების მკვლევარების მიხედვით, მარკეტიზაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მასწავლებლებზე, მათ შრომით პირობებზე და მორალზე. მას შეუძლია შეცვალოს ის თუ რას ნიშნავს მასწავლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ მარკეტიზაციის შესახებ საქართველოში რამდენიმე კვლევა განხორციელებულა, აღნიშნული საკითხი ფართო სამეცნიერო დისკუსიებისა თუ კვლევის საგანი არ გამხდარა. შესაბამისად, ეს საკითხი დამატებით კვლევასა და ანალიზს საჭიროებს.
რას ნიშნავს მარკეტიზაცია განათლებაში
მარტივი განმარტებით, განათლების მარკეტიზაცია ნიშნავს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შემოღებას განათლების სფეროში. განათლების სოციოლოგის და ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მკვლევარის, სტივენ ბოლის აზრით, მარკეტიზაცია ხასიათდება სამი რამით - ბაზარი, მენეჯერიალიზმი და შესრულება (performance).
- ბაზარი - განათლება განხილულია როგორც ბაზარი, სადაც მთავარი წამყვანი პრინციპი კონკურენციაა. კონკურენცია როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ასევე თავად მასწავლებლებს, პროფესორებსა და მოსწავლეებს/სტუდენტს შორისაც. მიიჩნევა რომ კონკურენციის პირობებში გამოვლინდებიან საუკეთესო სკოლები, უნივერსიტეტები, დაწესებულებები და პრაქტიკები, რაც სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტასა და სტრატეგიულ დოკუმენტებში ამგვარი ხედვა ჭარბობს, სამეცნიერო სფეროში ის პრიმიტიულად და ხშირად დამაზიანებლად აღიქმება.[3]
- მენეჯერიალიზმი გულისხმობს ერთი მხრივ, ფოკუსირებას „მენეჯერებზე,“ რომელთაც არ მოეთხოვებათ საკითხის სიღრმისეული ცოდნა, არამედ ფლობენ გუნდისა და პროცესების მართვის გარკვეულ უნარებს. აღნიშნული მიესადაგება როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე „მენეჯერების“ დანიშნვას, ასევე თავად სკოლის დონეზე. თუ დავუკვირდებით, ჩვენს სისტემაშიც მუდმივად ე.წ. მენეჯერი ინიშნებიან, რომელთაც ნაკლებად აქვთ შეხება განათლების სისტემასთან, ნაკლებად არიან აღიარებული ამ სფეროს წარმომადგენლების მიერ.
მეორე მხრივ, მენეჯერიალიზმი ნიშნავს სწორედ მენეჯმენტისათვის დამახასიათებელი პრინციპების გამოყენებას, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, შეფასების სისტემების დანერგვა და ა.შ.
- შესრულება (პერფორმატიულობა) - ანგარიშვალდებულების იმგვარი სისტემა, რომელიც დაკავშირებულია შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების შემოღებასთან, როდესაც მასწავლებლები და პროფესორები მეტწილად ბიუროკრატიულ საქმიანობით არიან დაკავებულები ვიდრე სწავლა-სწავლებითა თუ პროფესიული განვითარებით; როდესაც ანაზღაურების სისტემა შესრულებაზე, გამომუშავებაზეა დაფუძნებული,
როგორია სახელმწიფოს პოზიცია
განათლების პოლიტიკა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ სახელმწიფო სწორედ მარკეტიზაციის პრინციპებით ხელმძღვანელობს განათლების პოლიტიკის გატარებისას. მაგ. განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიას თუ შევხედავთ, ვნახავთ რომ სწორედ ამგვარი ენითა და ტერმინებით არის გაჯერებული - „კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა“, „კონკურენტული უნივერსიტეტები“, „კონკურენციაზე დაფუძნებული დაფინანსება“ და ა.შ. სახელმწიფოს ბოლო ქმედებებსაც თუ გავიხსენებთ, მაგ. მასწავლებელთა ახალი სახელფასო მექანიზმის შემუშავება, სრულად ეფუძნება მარკეტიზაციის პრინციპებს. კონკრეტულად, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2024 წლის ივლისიდან, შეიცვალა მასწავლებელთა სახელფასო მექანიზმი და მასწავლებელთა ანაზღაურება მთლიანად არის მიბმული ჩატარებული გაკვეთილების დროსთან, შესაბამისად, გამომუშავებაზეა დაფუძნებული.
თუ დავაკვირდებით გადაწყვეტილების მიმღებთა ენას, მათთვის მთავარი პრინციპი სწორედ კონკურენცია და კონკურენტული გარემოს შექმნაა, სადაც მასწავლებლები სერვისის პროვაიდერები არიან, მშობლები - მომხმარებლები, ბავშვები კი - სისტემის პროდუქტები.
[1] Ball, S. J., & Youdell, D. (2008). Hidden privatisation in public education. Brussels: Education International.
[2] Kobakhidze, M. N. (2018, August 10). Teachers as Tutors: Shadow Education Market Dynamics in Georgia (CERC Studies in Comparative Education Book 34) (1st ed. 2018). Springer.
[3] Ball, S. J. (2003). The teacher’s soul and the terrors of performativity. Journal of Education Policy, 18(2), 215–228. https://doi.org/10.1080/0268093022000043065
ავტორი - გიორგი ჭანტურია