პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გიგ ეკონომიკის რეგულირება: საეთაშორისო სტანდარტები და ქვეყნების გამოცდილებები
ივნისი 26, 2023

გიგ-ეკონომიკამ გამოწვევების წინაშე დააყენა დასაქმების ტრადიციული მოდელები და წარმოშვა  არასტანდარტული სამუშაო მოწყობის მრავალფეროვანი ლანდშაფტი. 

პლატფორმული სამუშაო აგრძელებს სწრაფად გაფართოებას. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მარეგულირებელი ჩარჩოებისა და პოლიტიკის შესწავლას, რაც შესაძლებელს გახდის ამ განვითარებადი შრომის ბაზრის დარეგულირებასა და სამართლიანი შრომითი პრაქტიკის შემუშავებას. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

გიგ-ეკონომიკის რეგულირებისა და გიგ-მშრომელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირები ტრადიციული დასაქმების შეღავათებისა და დაცვის მიღმა არიან. ისინი საჭიროებენ სამართლიან მოპყრობასა და სოციალურ დაცვაზე ხელმისაწვდომობას.

ჩვენი კომენტარი

სახელმწიფოს როლი გიგ-ეკონომიკის დარეგულირებაში გადამწყვეტია. სახელმწიფოს შეუძლია, შექმნას ღირსეული სოციალური დაცვის ხელმისაწვდომი სისტემა და მოაგვაროს ძალაუფლების დისბალანსი, დაიცვას მშრომელები ექსპლუატაციისაგან და ხელი შეუწყოს ღირსეულ სამუშაო პირობებს. 

გარდა ამისა, სახელმწიფოს ჩართულობა იძლევა ინოვაციური პოლიტიკის განხორციელების საშუალებას, როგორიცაა პორტატული შეღავათების პრაქტიკის დანერგვა. 

საერთაშორისო რეგულირება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიდგომა (ILO)

ILO-მ აღიარა გიგ-ეკონომიკის გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობა და შეიმუშავა სხვადასხვა მიდგომა და რეგულაცია გიგ-მუშაკების უფლებების დასაცავად. იგი ყურადღებას ამახვილებს სამართლიანი სამუშაო პირობების, სოციალური დაცვისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლების რეალიზების მნიშვნელობაზე. 

ILO მხარს უჭერს გიგ-მუშაკების თანამშრომლებად კლასიფიკაციას, რათა მათზეც გავრცელდეს შესაბამისი შეღავათები და დაცული იყოს მათი უფლებები.

ევროკავშირის მიდგომა

ევროკავშირმა წარმოადგინა რამდენიმე ინიციატივა გიგ-მუშაობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია  „პლატფორმის მშრომელების უფლებების დირექტივა“, რომლის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე სამუშაო პირობები ამ პირებისთვის. დირექტივა მიუთითებს, რომ აუცილებელია, არსებობდეს მკაფიო ინფორმაცია სამუშაოს მოწყობის, სამართლიანი ანაზღაურების, სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობისა და კოლექტიური წარმომადგენლობის შესახებ. 

გარდა ამისა, ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა გიგ-მუშაკების დასაქმების სტატუსის გარკვევაზე, რათა არ მოხდეს მათი არასწორი კლასიფიკაცია, დაცული იყოს მათი უფლებები და გიგ-მუშაკებს ხელი მიუწვდებოდეთ შეღავათებზე. 

ქვეყნების გამოცდილება

ბევრი ქვეყანა აქტიურად მუშაობს გიგ-ეკონომიკის რეგულირებისა და მუშაკების გამოწვევების გადასაჭრელად:

  • გერმანიამ დანერგა „დამოკიდებული თვითდასაქმების“ (dependent self-employment) მოდელი. ის მიზნად ისახავს გიგ-მშრომელების, როგორც ფორმალურად დასაქმებულების, კლასიფიკაციას და მათ ანიჭებს სოციალური უზრუნველყოფის შეღავათებსა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლებებს. 
  • საფრანგეთსაც ანალოგიური მიდგომა აქვს. საფრანგეთში ასევე ჩამოაყალიბდა ციფრული პლატფორმის საბჭო, რომლის მიზანია პლატფორმებსა და მუშაკებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
  • ესპანეთმა ზოგიერთი გიგ-მშრომელი დასაქმებულად გადააკვალიფიცირა. ესპანეთში ასევე გატარდა ღონისძიებები მშრომელთა წარმომადგენლობისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლებების გასაძლიერებლად.
  • ნიდერლანდებში ჩამოაყალიბდა ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გიგ-მუშაკების გაძლიერებას იმ ცოდნით, რომელიც მათ სჭირდებათ გიგ-ეკონომიკაში ეფექტური მუშაობისა და უფლებების დასაცავად.
  • აშშ-ში დანერგილია პორტატული შეღავათების პრაქტიკა. ეს არის სპეციალური შეღავათების პაკეტი, რომელიც დასაქმებულებს შეუძლიათ თან წაიღონ სხვადასხვა სამუშაოს შორის მობილობისას ან დამოუკიდებლად/პლატფორმული მუშაობისას. 

პორტატული შეღავათები არის შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც მშრომელს აქვს  გარკვეული შეღავათები, ამავე დროს, ის დაკავშირებული არ არის კონკრეტულ დამსაქმებელთან. შეღავათები შეიძლება მოიცავდეს ჯანმრთელობის დაზღვევას, საპენსიო დანაზოგს, ანაზღაურებად დასვენებას და სხვა. 

პორტატული შეღავათები ნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო ერთ დამსაქმებელთან მუშაობა, რათა მშრომელს წვდომა ჰქონდეს შეღავათებზე. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდი შეიძლება იყოს ფრილანსერი ან თუნდაც იწყებდეს საკუთარ ბიზნესს, მას მაინც ექნება წვდომა მნიშვნელოვან სიკეთეებზე, რომლებიც დაეხმარება კეთილდღეობისა და სტაბილური მომავლის შექმნაში.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.

მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი