სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია არასდროსაა წარმატებული ძალადობრივ წარსულზე სათანადო რეაგირების გარეშე. პოსტ-რეპრესიული სახელმწიფოების უახლესმა გამოცდილებამ დაამსხვრია მითი, რომ „ისტორიული ამნეზია“ კურნავს კოლექტიურ ტრავმას და სტაბილურ გარემოში დემოკრატიის შენების საფუძველს ქმნის. წარსულის დავიწყება, როგორც მართვის მეთოდი, ვერ იმარჯვებს საზოგადოებრივ მეხსიერებაზე და მუდმივად ქმნის კონფლიქტების გაღვივების, ჩაგვრის დაბრუნების რისკს.
გარდამავალი მართლმსაჯულების ფუნქცია სამართლიანობის აღდგენა და წარსულის განმეორების პრევენციაა. ის ეფუძნება რწმენას, რომ საზოგადოებას წინსვლისთვის ტრავმაზე გამარჯვება სჭირდება; დემოკრატიამ კი იმგვარი სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შექმნას, რომელთაც წარსულზე სამართლიანი პასუხის გაცემა და საყოველთაო ჩართულობაზე ორიენტირებული მომავლის შექმნა შეძლონ. ამავე დროს, მას არ აქვს უსამართლობის შედეგების აბსოლუტური კომპენსაციის ამბიცია, თუმცა ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ზიანის ასანაზღაურება შეუძლებელია, ვერ გაამართლებს უმოქმედობას.
სამართლიანობის აღდგენაზე მსჯელობისას ხშირად ლოგიკურად ისმის კითხვა - რატომ ეს მექანიზმი, რით განსხვავდება ის ტრადიციული მართლმსაჯულებისაგან? გარდამავალი მართლმსაჯულებისთვის სამართლიანობა მეტია, ვიდრე ამ ცნების კანონით განსაზღვრული შინაარსი. იგი წარსულს არა კონკრეტული ნორმის, არამედ სიმართლეზე საზოგადოებრივი შეთანხმების ფარგლებში აანალიზებს და არ არის შეზღუდული ტრადიციული იურიდიული პროცედურებით. მისი მასშტაბი ფართოა, ინსტრუმენტები კი - მრავალგვარი. შესაბამისად, იგი არის როგორც პასუხისმგებლობის დაკისრების, ასევე სოციალური ტრანსფორმაციის მექანიზმი.
რატომ ვმსჯელობთ ამაზე ახლა? ხომ არ დავიგვიანეთ?
ისტორია იცნობს დემოკრატიული ცვლილებების წარმატებულ მაგალითებს იმ პოსტ-რეპრესიულ სახელმწიფოებში, სადაც გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები გამოიყენეს. თუმცა, ისტორია ასევე იცნობს დემოკრატიული ტრანზიციის მარცხებსაც იქ, სადაც წარსულის დავიწყება არჩიეს და უარი თქვეს სამართლიანობის აღდგენაზე. რა ხდება ჩვენთან? საქართველოს მცდელობა, თავი დაეღწია რეპრესიული რეჟიმებისგან, არ ყოფილა მარტივი. დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ სწრაფვას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. მცირე პერიოდში ბევრი რამ გადავიტანეთ. გამოვცადეთ რამდენიმე ომი, სამხედრო გადატრიალება, კრიმინალთან შერწყმული და კორუფციაში ჩაფლული უსუსური სახელმწიფო აპარატი, რეპრესია, ოლიგარქიული მართვა.
კიდევ გვაქვს თუ არა სამართლიანობის აღდგენის შანსი? საიდან ვიწყებთ ათვლას? საქართველოს ყველა ხელისუფლება ხომ თავს არიდებდა წარსულის ანალიზს და არ ჰქონდა მასზე რეაგირების მტკიცე პოლიტიკური პოზიცია? ეს ლოგიკური კითხვებია. ლეგიტიმურია განიავებული შანსის შიშიც. რეაგირების დაგვიანება, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომასთან ერთად, წარსულთან ხალხის ემოციურ კავშირსაც აზიანებს. თუმცა არადემოკრატიულ წარსულზე პასუხის გაცემა არასდროსაა გვიან. ის მძიმე გამოცდილებას მყარ ადგილს მიუჩენს მეხსიერებაში და რეპრესიასთან ბრძოლას საზოგადოების ღირებულებად, მის ძალად და დემოკრატიის კონსოლიდაციის მექანიზმად აქცევს.
ჩვენი კომენტარი
ჩვენი ქვეყნის წარსულს ანალიზი და რეაგირება სჭირდება. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, იმსჯელოს გარდამავალი მართლმსაჯულების პერსპექტივებზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად.
რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოსთვის მძიმე იყო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლები. იმჟამინდელმა პოლიტიკურმა გუნდმა ზუსტად ვერ განსაზღვრა განვითარების გეზი. მას გაუჭირდა სახელმწიფო მშენებლობისთვის პროგრესული, მკვეთრად დემოკრატიული და პლურალისტური არჩევანის გაკეთება. ამას დაემატა სამხედრო გადატრიალება, მისი შედეგები და თანმხლები სირთულეები. საქართველომ გამოიარა რამდენიმე ომი, უშედეგო ბრძოლა კორუფციასთან, სიდუხჭირესა და კრიმინალურ ავტორიტარიზმთან, რომელმაც ქვეყანაში გასაქანი არ მისცა სახელმწიფო მშენებლობას და, ფაქტობრივად, მართვის ალტერნატიული პრაქტიკა შექმნა. ამას მოჰყვა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ უახლესი ისტორიის ეს პერიოდი მართვის რეპრესიული მეთოდით გამოირჩევა. პოსტ-რევოლუციურმა ხელისუფლებამ სახელმწიფო შენების პროცესი ძალაუფლების კონსოლიდაციას, აგრესიულ ინსტიტუციონალიზაციას, დანაშაულთან ბრძოლის ნულოვან ტოლერანტობას, ელიტების დაუსჯელობას და ანტისოციალურ ეკონომიკურ პოლიტიკას დააფუძნა.
ელიტების ცვლილება
მართვის ამგვარი სტილის შედეგი იყო 2012 წელს მოქალაქეთა გადაწვეტილება, მხარი ახალი პოლიტიკური გუნდისთვის დაეჭირათ. მართალია, ეს ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პირველი შემთხვევა იყო, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ყოფილა დემოკრატიული პროცესების შედეგი. ის პოსტ-რევოლუციური პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი უფრო იყო. პოლიტიკის, რომელმაც ხალხი ხელისუფლების ცვლილების უკომპრომისო არჩევანის წინაშე დააყენა.
ამას ლოგიკური შედეგები მოჰყვა: ქართული ოცნება საიმედო პოლიტიკური პროგრამით, მაგრამ პირადი ინტერესებით მოვიდა ხელისუფლებაში. პირადმა ინტერესებმა თანდათან გადასწონა საზოგადოების ყველა მოთხოვნა, ღიად დაუპირისპირდა მის ჭეშმარიტ ინტერესს და დემოკრატიული რეფორმების გატარების შანსი არაფორმალურ, ოლიგარქიულ მარწუხებში მოაქცია. ხოლო ძალაუფლება მმართველისთვის სანდო გუნდის წევრებს გადაუნაწილა. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე აბსოლუტური პოლიტიკური კონტროლი დაამყარა და მოარყია საჯარო ანგარიშვალდებულების სისტემა. ოცნების პოლიტიკა, რომლის თავდაპირველი ამბიცია პოსტ-რევოლუციურ პოლიტიკასთან დაპირისპირება და მისი ანტითეზისის შექმნა იყო, მეტისმეტად დაემსგავსა წინამორბედს. მას არ შეუცვლია პოლიტიკის შინაარსი, შეცვალა მხოლოდ მისი აღსრულების მეთოდი და ამით შექმნა ყალბი კონფლიქტი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმთან.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ არასრულფასოვნი, ფრაგმენტული მექანიზმებით სცადა წარსულზე პასუხის გაცემა. სამართლიანობის აღდგენის არგუმენტით მან შეიმუშავა მასობრივი ამნისტიის პროექტი; უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების აღრიცხვის, დაარქივების ან/და განადგურების მიზნით შექმნა დროებით კომისია; გახსნა რეპრესიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი; პროკურატურის სისტემაში ჩამოაყალიბა სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მანდატი მიენიჭა. ერთი შეხედვით, ეს პოლიტიკა სამართლიანობის აღდგენის შანსს ქმნიდა, თუმცა პროცესი გარდამავალი მართლმსაჯულებისთვის დამახასიათებელი პროცედურით არ წარმართულა, ის არ ყოფილა ინკლუზიური. ხელისუფლებამ ფორმალური მექანიზმები აირჩია წარსულზე რეაგირებისთვის, თუმცა არ შეუქმნია სპეციალური ობიექტური კომისია რეჟიმის შეფასებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ცალკეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე. დროთა განმავლობაში ამ მიდგომის რეალური მიზეზიც გამოაშკარავდა - ეს იყო რეჟიმის მიერ საკუთარი თავის ლეგიტიმაციის სტრატეგია.
ტრავმის მუდმივი განახლება, როგორც მართვის პრინციპი
რატომ არ მოინდომა არც ერთმა ხელისუფლებამ წარსულის სისტემური ანალიზი და სამართლიანობის აღდგენა? ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ამ იდეაზე უარის თქმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი რეჟიმის დასჯის პრევენცია იყო. გარდამავალი მართლმსაჯულება ქმნის ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შენების პერსპექტივას. ეს საფრთხეა დემოკრატიასთან დაპირისპირებული მმართველისათვის. მან იცის, რომ პრეცედენტმა და დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა, რომლითაც წინამორბედებს ასამართლებს, შესაძლოა, სამომავლოდ მის წინააღმდეგ იმოქმედოს. ამის საპირისპიროდ, ძალადობრივი წარსულის წაყრუება ძალადობრივ მომავალს აშენებს და გზას უხსნის ხელისუფალს იბატონოს საზოგადოებაზე.
ქართულ ოცნებისგან ბევრი მოელოდა სამართლიანობის აღდგენის მექანიზმების თანმიმდევრულ გამოყენებას, მაგრამ ათწლიან მმართველობაზე დაკვირვება გვაფიქრებინებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ეს შანსი გამიზნულად გაუშვა ხელიდან. მან წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირება მართვის პრინციპად აქცია და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია ნაციონალური მოძრაობის ნეგატიურ კამპანიაზე ააგო. ცნობილი ფრაზაა: „ქართულ ოცნებას პიარი არ უვარგა“ - იგულისხმება, რომ ისინი სათანადო გულმოდგინებით არ უდგებიან მართვის წარმატებული მაგალითების ხალხისთვის მიწოდების საქმეს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, მოქმედ მთავრობას კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, ისინი შესანიშნავად იყენებენ პროპაგანდას საკუთარი მიზნებისათვის. რა არის ეს მიზანი?
,,ქართულ ოცნებას“ არ სურს მიღწევებზე საუბარი, მას არ აქვს პოზიტიური პროექტი, რომელზეც დააფუძნებდა საინფორმაციო კამპანიებს. მისი ამოცანაა წარსული ჭრილობების ღიად შენარჩუნება, მუდმივი აქტუალიზაცია და გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის. ხელისუფლება ჩვენი ტრავმებით მანიპულირებს, მუდმივად გვახსენებს რეპრესიას და წარსულის შემობრუნების შიშის გაცოცხლებით, ძალადობის პირველად ეფექტთან მუდმივი დაბრუნებით, ცდილობს ამომრჩევლის მობილიზებას. ეს მოჯადოებული წრე გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმების ამოქმედებით უნდა გაირღვეს.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.