კრიმინოლოგია, როგორც მეცნიერების ცალკეული დარგი, მე-18 საუკუნის ბოლოდან განვითარდა. მისი მიზანია დანაშაულის, დანაშაულებრივი ქმედებების, სასჯელის ეფექტის და ზოგადად, სასჯელის ფენომენის ანალიზი. კლასიკურ კრიმინოლოგიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამნაშავის, როგორც რაციონალური სუბიექტის გაგების ჩამოყალიბებაში. ეს იყო გადახვევა მანამდე გაბატონებული დანაშაულის სპირიტუალური (სამყაროსა და არსებული რეალობის, მათ შორის დანაშაულის თუ დამნაშავის რელიგიური თუ მეტაფიზიკური პერსპექტივით) გაგებისგან. ამ ყველაფრის შემდეგ დანაშაულზე მოძღვრება უფრო მეტად დაემყარა ზუსტ მეცნიერებებს და შესაბამისად, სასჯელმაც თეატრალური, პერფორმატიული ბუნებიდან, მეტად შეიძინა პრაგმატული, ეკონომიკურად დასაბუთებადი შინაარსი.
დანაშაულის თეორეტიზების და სადამსჯელო სისტემის ტრანსფორმაციის ერთი შეხედვით უწყინარი მიზნის პარალელურად, კლასიკური კრიმინოლოგიის მიმართ სამართლიანი კრიტიკა არსებობდა: ის ყურადღების მიღმა ტოვებდა ძალაუფლებას და გაბატონებული ფენების ინტერესებს დანაშაულის შინაარსის განსაზღვრის დროს. კლასიკური კრიმინოლოგია ზედმეტ აქცენტს აკეთებდა თავისუფალ ნებაზე და მისგან წარმოებულ დევიაციაზე, თუმცა ქცევის განმაპირობებელ სოციო-ეკონომიკურ თუ კულტურულ ფაქტორებს არასაკმარის მნიშვნელობას ანიჭებდა. ამავდროულად, დამნაშავეზე ორიენტირებითა და მისი „რეფორმირებისკენ“ მიმართული სადამსჯელო სისტემისთვის თეორიული ბაზის მომზადებით, კლასიკური კრიმინოლოგია სწორედ სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული და საზოგადოების დაუცველი ფენების კონტროლისთვის ნოყიერი ნიადაგი მოამზადა. დამნაშავის დასჯა და ამის ხაზგასმით დემონსტრირება, ან კონტროლის ინფრასტრუქტურის (კამერები, მეტალო-დეტექტორები, ხილვადი პოლიცია) გაფართოება დღესაც აქტუალურია და სახელმწიფოები ამ გზით ხშირად ცდილობენ შექმნან დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის ილუზია.
სწორედ კლასიკური კრიმინოლოგიის მიმართ არსებული მზარდი სკეპტიციზმის ფონზე განვითარდა კრიტიკული კრიმინოლოგია, რომელიც დანაშაულს ჩაგვრის/ჩაგრულის პერსპექტივიდან განიხილავდა. კრიტიკული კრიმინოლოგია ყურადღებას ამახვილებს როგორც ძალაუფლების მქონეთა, ასევე შედარებით სუსტების დანაშაულებზე და მიიჩნევს, რომ დანაშაული პოლიტეკონომიურ და კულტურულ პროცესებს უკავშირდება, რომელიც ცალკეულ ჯგუფებზე განსხვავებულ ზეგავლენას ახდენს. კრიტიკული კრიმინოლოგების აზრით, საშუალო და დაბალი ფენების დევიაციური ქმედებით გამოწვეული ზიანი უმნიშვნელოა იმ დანაშაულებთან შედარებით, რომელსაც საზოგადოების „ძლევამოსილი“ ნაწილი სჩადის და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, დაუსჯელი რჩება. ელიტური კორუფცია, გარემოს დაბინძურება, კარტელური შეთანხმებები და საქმიანობა, სიკვდილი სამუშაო ადგილზე და სხვა დანაშაულები საზოგადოებას ბევრად დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე, მაგალითად ახალგაზრდის მიერ ჩადენილი ხულიგნობა, ან აკრძალული ნივთიერების მოხმარება.
ხშირ შემთხვევაში, კრიტიკული კრიმინოლოგია დანაშაულს განიხილავს არსებულ სოციო-ეკონომიკურ უთანასწორობის წინააღმდეგ ამბოხად, რა დროსაც, პოლიცია, მედია და სხვა ფორმალური თუ არაფორმალური ინსტიტუციები არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურება. ცხადია, დანაშაული ყოველთვის ამბოხს არ ნიშნავს და ძალიან ხშირად, მოწყვლადი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი ისევ დაუცველი, ჩაგრული ფენებია. ამის მიუხედავად, კრიტიკულ კრიმინოლოგიას აქვს პოტენციალი, დანაშაულის შინაარსი და სადამსჯელო სისტემა უფრო სამართლიანი, თანასწორი გახადოს. მას შეუძლია პოლიტიკის შემუშავების პროცესში მეტად დაგვაფიქროს, რატომ ისჯება კონკრეტული ქმედება მკაცრად და პირიქით, რატომ არ აქვს სისხლის სამართლის სისტემას რეაგირება სხვა ისეთ ქმედებებზე, რომელიც უფრო მეტი ზიანის მომტანია.
მიმოხილვის ავტორი:
გურამ იმნაძე
დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.