პირველ სტატიაში უკვე აღვწერეთ უთანასწორო სასესხო ურთიერთობები, რომელთა გამოც საქართველოში მრავალი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ამ პრობლემის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა გარკვეული სტანდარტები ფიზიკური პირების სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობისაგან დასაცავად. სწორედ ამ სტანდარტებზე ვისაუბრებთ დღეს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
როგორც წინა სტატიაში ავხსენით, ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკური სესხის გაცემა საქართველოში აკრძალულია, რადგან მსესხებელს გაუმართლებელი რისკების წინაშე აყენებს. მიუხედავად ამისა, არაერთმა მევახშემ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით მოახერხა აკრძალვის გადაფარვა. შესაბამისად, ჩვენ გარშემო ისევ არაერთი ოჯახი კარგავს უკანასკნელ საცხოვრებელს, მევახშეები კი კაბალური გარიგებებით მაინც ახერხებენ, მოვალეების საცხოვრებლები შეუსაბამოდ დაბალ ფასად ჩაიგდონ ხელში.
ჩვენი კომენტარი:
მევახშეებისგან მოვალეთა დაცვას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რადგან მხოლოდ 2018 წელს მიღებული ცვლილებები ამ მიზანს ვერ აღწევს. ეს როლი სწორედ სასამართლოებმა უნდა შეასრულონ და დაიცვან მოქალაქეთა ინტერესები უთანასწორო სასესხო ურთიერთობებში.
როდის და რატომ აიკრძალა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი?
2018 წელს ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა აიკრძალა, რადგან:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კაბალური პირობებით იდებოდა;
- პრობლემა ვერ აღმოფხვრა სესხის (წლიური პროცენტის) ზედა ზღვარის დაწესებამაც;
- არ კონტროლდებოდა გაცემული სესხის ოდენობა და მოვალის გადახდისუნარიანობა;
- სასესხო ურთიერთობებში ყველაზე ხშირად სხვადასხვა სოციალური პრობლემის წინაშე მყოფი პირები შედიოდნენ და ზარალდებოდნენ;
- გამსესხებლები ორიენტირებული იყვნენ უძრავი ნივთის მათ საკუთრებაში გადასვლაზე.
ეს აკრძალვა იმავე წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.
რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ?
სასამართლომ დაადგინა, რომ:
- ნებისმიერი სასესხო ურთიერთობა ძალათა ასიმეტრიულობით ხასიათდება: გამსესხებელს, როგორც წესი, აქვს მეტი ცოდნა, გამოცდილება, რესურსი და სარგებლის მიღების ინტერესი;
- ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან მომდინარე რისკები შედარებით დაზღვეულია, რადგან მათზე საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობა ვრცელდება;
- მოვალეების ეკონომიკური/სოციალური მდგომარეობის გაუარესებისა და ჭარბვალიანობისგან დაცვა მნიშვნელოვანი საჯარო სიკეთეა;
- თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, აშკარად კაბალური პირობები უსამართლო გარემოს ქმნის და მომართულია ერთი მხარის ინტერესების დაზიანებისაკენ.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა რომ:
- სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას იმგვარი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს და ვერ გააკონტროლებს კრედიტორების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას;
- სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უძრავი ქონების მასობრივად დაკარგვის თავიდან აცილება ზოგადი წესის დადგენით;
- აკრძალვა თავისთავად ამცირებს ხსენებულ რისკებს.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკური სესხის გაცემის აკრძალვა საკუთრების უფლებას არ არღვევს და არც თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკური სესხის აკრძალვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ცხადია, რომ მეტი უნდა გაკეთდეს ქონების მასობრივი დაკარგვის აღკვეთისა და მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. სასამართლოებს კი სასიცოცხლო როლი აქვთ ამ პროცესში.
ციკლის მომდევნო სტატიებში გაგიზიარებთ, როგორ იხილავენ საქართველოს სასამართლოები სესხთან დაკავშირებულ დავებს.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს