პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მიგრანტების გავლენა მიმღებ ქვეყანაზე და მემარჯვენე პოპულიზმი

საერთაშორისო მიგრანტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ როგორც წარმოშობის ქვეყნების, ასევე მიმღები ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სურათზე. 

შრომითი მიგრანტების ძირითადი მოტივაცია და მიზანიც სწორედ ის არის, რომ სამშობლოში მცხოვრებ ოჯახის წევრებს დაეხმარონ, რითაც მათ წვლილი შეაქვთ წარმოშობის ქვეყნის ეკონომიკაში. ამასთანავე, ისინი აქტიურად მონაწილეობენ მიმღები ქვეყნების ეკონომიკის ფუნქციონირებაში და უფრო მრავალფეროვანს ხდიან სოციალურ და კულტურულ გარემოს. 

თუმცა შრომითი მიგრანტები ხშირად ხვდებიან მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების ყურადრების ცენტრში. 

რატომ არის საკითხი ჩვენთვის საინტერესო?

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც საზღვარგარეთ, ემიგრაციაში იმყოფება, დიდი წვლილი შეაქვს მიმღები ქვეყნების ეკონომიკასა და სოციალურ კეთილდღეობაში. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, მათ შორის, იმ დამოკიდებულებებისა თუ პოლიტიკის გამო, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ მიგრანტთა მიმართ. 

ჩვენი კომენტარი 

მემარჯვენე პოპულისტური დისკურსის საპირისპიროდ, სახელმწიფოებმა უნდა გააძლიერონ მიგრანტთა ინტეგრაციისთვის საჭირო მექანიზმები, უზრუნველყონ სამართლიანი და თანასწორი დამოკიდებულება მათ მიმართ, რაც თავად მიმღები ქვეყნის სოციალურ თუ ეკონომიკურ სურათს წაადგება სასიკეთოდ. 

რა უნდა ვიცოდეთ მემარჯვენე პოპულიზმის შესახებ მიგრაციის ჭრილში?

  • მემარჯვენე პოპულიზმს მემარჯვენე ნაციონალიზმსაც უწოდებენ, იგი ხშირად პოპულისტურ რიტორიკასა და საკითხებს მოიცავს. განსაკუთრებულ აქცენტს მემარჯვენე პოპულიზმი სწორედ მიგრაციის თემაზე აკეთებს; 
  • მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები იბრძვიან მიგრაციის წინააღმდეგ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს უსაბუთო იმიგრანტებზე და არ უნდა უზრუნველყოფდეს მათ კეთილდღეობას;
  • მემარჯვენე პოპულისტური დისკურსი საზოგადოებას ჰყოფს „ჩვენ/ისინი“ დაპირისპირებულ ბანაკებად;

საგულისხმოა, რომ დასავლეთის ქვეყნებში მემარჯვენე პოპულისტური პარტიებისა თუ პიროვნებების პოპულარობა იზრდება (საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, აშშ - ს მაგალითები) და ეს პარტიები სწორედ მიგრაციის დემონიზაციაზე აგებენ საარჩევნო კამპანიებს. 

რას გულისხმობს საფრთხე, რომელსაც ეფუძნება მემარჯვენე პოპულიზმი?

მემარჯვენე პოპულისტური პარტიები და პოლიტიკოსები ეყრდნობიან დაშვებას, რომ მიგრანტთა გარკვეული ნაწილი ეგზისტენციალური საფრთხეა მიმღები ქვეყნებისთვის:

    • ისინი სარგებლობენ სოციალური სერვისებით, რაც დამატებითი ხარჯია მიმღები ქვეყნისთვის;
    • ითვისებენ სამუშაო ადგილებს, რადგან დაბალ ანაზღაურებას თანხმდებიან და უფრო საინტერესონი არიან დამსაქმებლებისთვის;
    • მიგრანტები ხშირად თავად ქმნიან ან ექცევიან კრიმინალური ჯგუფების გავლენის ქვეშ;
    • გარკვეული რელიგიური ჯგუფების მიმართ არსებობს წარმოდგენები, რომ ისინი ტერორიზმის საფრთხეს წარმოადგენენ.

რატომ არის მიგრაციასთან დაკავშირებული მემარჯვენე პოპულისტური დისკურსი პრობლემური?

  • ეს დისკურსი უპირისპირდება თავისუფლებისა და თანასწორობის იდეას. იგი წახალისებულია უსამართლო, დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით მიგრანტების მიმართ;
  • დისკურსი ხშირად არაჰუმანური და ღიად რასისტულია;

სოციალური სამართლიანობა და მიგრაცია 

მიგრაცია სოციალურ სამართლიანობასთანაა გადაჯაჭვული. 

  • მიგრანტები, მიმღები ქვეყნის მოსახლეობის მსგავსად, უნდა ექვემდებარებოდნენ სამართლიან მოპყრობას, ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვასა და განათლებაზე მაშინაც კი, როცა ლეგალურად არ იმყოფებიან ქვეყანაში. თუმცა ამ ყველაფერს მემარჯვენე პოპულისტური დისკურსი ეწინააღმდეგება. 

რას არ ითვალისწინებს მემარჯვენე პოპულისტური დისკურსი ემიგრაციაზე საუბრისას?

მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებსა და ჯგუფებს მხედველობიდან „გამორჩებათ“ ხოლმე სარგებელი, რომელიც მიგრანტებს მოაქვთ მიმღები ქვეყნებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის მათი წვლილი ეკონომიკაში:

  • მუშახელი, რომლითაც გაჯერებულია შრომის ბაზარი ისეთ ქვეყნებში, სადაც შობადობის კოეფიციენტი დაბალია, ხანდაზმულთა და, შესაბამისად, პენსიონერთა, წილი - მაღალი, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპს ვერ ეწევა ადამიანური რესურსი; 
  • ბიზნესისა და სტარტაპების წამოწყების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია მიგრანტ მოსახლეობაში, ვიდრე ადგილობრივებში.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ანა გვალია
ანა გვალია
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი