პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მიგრაცია და ფულად გადმორიცხვებზე საქართველოს დამოკიდებულება
ივლისი 24, 2023

საქართველოში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უკვე ათწლეულებია, ქვეყნიდან მოსახლეობის უწყვეტ გადინებას იწვევს – ასიათასობით ჩვენი მოქალაქის საზღვარგარეთ შრომას გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის ჩვენს ყოველდღიურ ფიზიკურ და სოციალურ კვლავწარმოებაში.

უცხოურ ვალუტაში გამომუშავებული ანაზღაურების გადმორიცხვით ხდება ოჯახების გამოკვება, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსება, საცხოვრებლის ხარჯის დაფარვა თუ სხვა აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც შინამეურნეობების მნიშვნელოვან ნაწილს ამ გადმორიცხვებზე ფინანსურად დამოკიდებულად აქცევს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

მიგრაციას, რომელსაც სახელმწიფო ხედავს, როგორც  საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობას და საკუთარი მოქალაქეების დასაქმების ერთ-ერთ საშუალებას, საგანგაშო მასშტაბი და სისტემური გავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მისი გამომწვევი სტრუქტურული მიზეზები და შედეგები.

ჩვენი კომენტარი:  

მიგრაციის სტრუქტურული მიზეზი ეკონომიკური განვითარების კონკრეტული პოლიტიკაა, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულებას, სოციალურ სტაგნაციას, უმუშევრობასა და იაფ შრომას იწვევს. 

ქვეყნის უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება, უმეტესად, ეკონომიკაში შემოდინებული უცხოური ინვესტიციებით ან უცხოური დახმარებით იზომება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია შინამეურნეობების დამოკიდებულება უცხოეთიდან მიღებულ პირად გადმორიცხვებზე, რაც, ძირითადად, მიგრანტთა ფულად გზავნილებს გულისხმობს. საინტერესოა, რომ საქართველოში შემოდინებული მიგრანტთა ფულადი გადმორიცხვები აჭარბებს ქვეყანაში შემოდინებულ უცხოურ ინვესტიციებს.

რიცხვებში:

  • მიგრაციული სალდო, 90-იანი წლებიდან დღემდე უარყოფითია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ემიგრაცია საქართველოში ათწლეულების განმავლობაში შეუქცევად პროცესად იქცა. დადებითი სალდო ქვეყანას მხოლოდ 2020 და 2022 წელს ჰქონდა, რაც კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებით და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ქვეყანაში იმიგრანტების შემოდინებით აიხსნება;
  • მხოლოდ 2021 წელს საქართველოდან 40 825-ით მეტი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე უკან დაბრუნდა, ხოლო 2022 წელს ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეთა რაოდენობას გასულთა რიცხვმა 46 397-ით გადააჭარბა;
  • მხოლოდ 2022 წელს საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების რიცხვმა 100,802 შეადგინა.;
  • კვლევები აჩვენებს, რომ მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2020 წლებში ქვეყნიდან მოსახლეობის 23% გავიდა;
  • ქართველ ემიგრანტთა ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2020 წელს 861,000 იყო, თუმცა ქვეყნიდან წლების განმავლობაში ძალიან მაღალი იყო და არის არალეგალური მიგრაცია, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება;
  • საქართველოდან გარე შრომითი მიგრაციის მხოლოდ ოფიციალური მაჩვენებელი აჭარბებს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას, რომელმაც 2022 წელს 870,900 შეადგინა;
  • 2021 წელს მიგრანტთა ფულადი გადმორიცხვების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით საქართველო ქვეყნების პირველ ოცეულში მოხვდა. 2022 წელს მიგრანტების ფულადმა გადმორიცხვებმა ქვეყნის მშპ-ის 16,7 % შეადგინა;
  • 2021 წელს ქვეყანაში შემოდინებულმა ფულადმა გადმორიცხვებმა (2,35 მილიარდი აშშ დოლარი) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას გადააჭარბა.  

მნიშვნელოვანია, რომ

საერთაშორისო თუ ლოკალური კვლევები აჩვენებს, გრძელვადიან გარე შრომით მიგრაციას უარყოფითი გავლენა აქვს როგორც თავად ემიგრანტთა უსაფრთხოებაზე, ასევე მათი ოჯახების ცხოვრებაზე, მათ შორის, ბავშვთა განვითარებაზე. ემიგრაცია ოჯახების დანაწევრებას, ზრუნვის დეფიციტსა და სოციალური ქსოვილის მოშლას იწვევს. გარდა ამისა, დიდი საფრთხის შემცველია არალეგალური ემიგრაციის გზები. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სტატია: არალეგალური მიგრაცია და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ალექსანდრა აროშვილი
ალექსანდრა აროშვილი
ავტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი