რატომ გვაინტერესებს ეს თემა
„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 15-16 ოქტომბერს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მისცა უფლება, შესაბამისი პარტიის აკრძალვასთან ერთად, ამ პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირსაც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. ახალ საკანონმდებლო ცვლილებებამდე, პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, მისი რეგისტრაციის გაუქმების გარდა, კანონმდებლობა სხვა რაიმე თანმდევ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებდა. ეს შედეგები ცვლილებებმა გააფართოვა და გაზარდა იმ პირთა წრე, რომელთაც აეკრძალებათ როგორც პარტიის წევრობა, ისე არჩევნებში კანდიდატურის წამოყენება ან რაიმე თანამდებობის დაკავება სახელმწიფო სამსახურში.
ეს სიახლეები საკანონმდებლო იმ საარჩევნო დაპირების გაფორმებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო წლებში გასცემდა, და რომლის უკან პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების მიზანი იდგა. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წესებით, ერთპიროვნულად დააკომპლექტა სახელმწიფო ორგანოები, სამომავლოდ, პოლიტიკურ ველზე მარტო დარჩენას ის უკვე ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვით გეგმავს.
ეს სტატია არ შეეხება პარტიის აკრძალვის საფუძვლების შეფასებას; ის მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის (მათ შორის, პარტიის წევრობის) აკრძალვის ინსტიტუტს განიხილავს.
რატომ არის ახალი რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო
პოლიტიკური დებატების და გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების კონცეფციის ბირთვს წარმოადგენს. ამ აზრით პოლიტიკური პარტიები არსებით როლს ასრულებენ პლურალიზმის უზრუნველყოფასა და დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებაში.
გაერთიანება, მათ შორის, პოლიტიკური პარტია, არ გამოირიცხება კონვენციით გათვალისწინებული დაცვისგან მხოლოდ იმის გამო, რომ მისი საქმიანობა ეროვნული ხელისუფლების მიერ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს კონსტიტუციური სტრუქტურების ძირის გამოთხრა და შეზღუდვების დაწესებისკენ მოწოდება. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ჩამოშორება პოლიტიკური სივრციდან მკაცრად დადგენილი კრიტერიუმების არსებობისას დაშვებულია, სახელმწიფომ უნდა გამოკვეთოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაასაბუთოს ასეთი ზომების გამოყენების აუცილებლობა მის დაწესებამდე.
პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის კონტექსტში მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რა ტიპის გავლენა შეიძლება ჰქონდეს გაერთიანების თავისუფლების აკრძალვას (ჩვენს შემთხვევაში - პარტიის აკრძალვას) ამ გაერთიანების წევრებზე. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პარტიისა და მისი წევრების პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართების საკითხი ორი მიმართულებით არის საყურადღებო:
- შეიძლება თუ არა პარტიის აკრძალული საქმიანობა შეერაცხოს პარტიის ცალკეულ წევრს;
- (და პირიქით) შეიძლება თუ არა პარტიის ცალკეული წევრის აკრძალული ქმედება შეერაცხოს პარტიას.
ამ სტატიაში ყურადღებას პირველ კითხვაზე გავამახვილებთ, რადგანაც, მეორესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიდგომა შედარებით გამოკვეთილია: პოლიტიკური პარტია, როგორც მთლიანობა, არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს მისი წევრების ისეთ ინდივიდუალურ ქცევაზე, რომელიც პარტიის საქმიანობაში გაზიარებული არ არის.
მეორე კითხვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართალი ზღვარს ავლებს პოლიტიკური პარტიის ინსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და მისი წევრების პირად უფლებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ ლეგიტიმურად აკრძალონ ორგანიზაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ წესრიგს, მათ ეს სანქცია არ უნდა გაავრცელონ ინდივიდებზე მხოლოდ ამ ორგანიზაციის აკრძალვის მიზეზით. პოლიტიკური დანაშაულის კოლექტივიზაციის წინააღმდეგია ვენეციის კომისიაც.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც მსგავს ყოვლისმომცველ მიდგომას აყალიბებს: პოლიტიკური უფლებები ეკუთვნის ინდივიდებს და არა კოლექტივებს; ის ინარჩუნებს დემოკრატიული სისტემების რეაბილიტაციურ ხასიათს იმგვარად, რომ ოდესღაც აკრძალული ორგანიზაციის წევრებს საშუალებას აძლევს ხელახლა შევიდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სასამართლოს, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ პარტიას, შეუძლია დაშალოს მისი ორგანიზაციული სტრუქტურა, მაგრამ არ შეუძლია მის ყოფილ წევრებს ავტომატურად აუკრძალოს სხვა პარტიის დაარსება ან მასში გაწევრიანება, თუ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ახალი ორგანიზაცია იმავე არაკონსტიტუციურ მიზნებს ისახავს.
ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე საქმეში კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია აგრეთვე აკრძალული პარტიის ყოფილი წევრების მიერ ახალი პარტიის რეგისტრაციის შეზღუდვის რეგულაციები და პრაქტიკა. მან დაადგინა, რომ

რეგისტრაციის მექანიზმი კი არ შეიძლება გამოყენებული იყოს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების ჩასახშობად.
ახალი რეგულაციების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან
საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია. თუმცა, სხვა უფლებების მსგავსად, კონსტიტუცია პოლიტიკური გაერთიანების უფლებასაც უწესებს ზღვარს. უფრო კონკრეტულად:
(1) კონსტიტუცია განსაზღვრავს იმ ფიზიკურ პირთა კატეგორიებს, რომლებსაც პარტიის წევრობა ეკრძალებათ; ესენი არიან: მოსამართლეები და თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში ჩარიცხული პირები.
(2) კონსტიტუცია განსაზღვრავს პარტიის დაფუძნების ან საქმიანობის შეზღუდვის მიზეზებს. ის ამას პარტიის საქმიანობის მიზანსა და რეალურ ქმედებებს უკავშირებს. პარტიის აკრძალვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ, მისი მიზანია:
- კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა;
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
- ომის ან ძალადობის პროპაგანდა;
- ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება.
ამდენად,

საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის წევრს, მოსარჩელის მოთხოვნის შემთხვევაში, აეკრძალება:
- სხვა პარტიის შექმნა/წევრობა;
- სახელმწიფო-პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
- არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა (საკუთარი კანდიდატურის წარდგენა).
ამ კანონებმა, პოლიტიკური საქმიანობის უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით დაშვებული საფუძვლები გააფართოვეს. თუკი კონსტიტუციით მხოლოდ მოსამართლეს და თავდაცვის ან უსაფრთხოების ორგანოებში მომუშავე პირებს არ აქვთ პარტიაში გაწევრიანების უფლება, ქვემდგომმა კანონმდებლობამ ეს საფუძვლები თვითნებურად გაზარდა და ის დაუკავშირა პარტიის აკრძალვის საფუძვლებს, რასაც კონსტიტუცია არ უშვებს.
საბოლოო დასკვნა
საქართველოს კონსტიტუციის ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით პარტიისა და ინდივიდის ქმედებების (ანდა სტატუსის) გამიჯვნის პრინციპის მიხედვით, ფიზიკურ პირებს არ შეიძლება აეკრძალოთ პარტიის წევრობა და სხვა პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ისინი აკრძალულ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდნენ, თუ პირადად არ მონაწილეობდნენ პარტიის უკანონო ქმედებებში, ან არ არსებობს, კონკრეტული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ისინი კვლავაც ემხრობიან იმავე ანტიდემოკრატიულ მიზნებს.

