გიგ-ეკონომიკა მშრომელებს მოქნილ სამუშაო პირობებს სთავაზობს, თუმცა ასეთ სამუშაოს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც ახლავს თან, მაგალითად: დაუცველი სამუშაო სივრცე, არასათანადო შრომითი პირობები, სოციალური გარანტიების ნაკლებობა და სხვა. ამ პრობლემების წინაშე ყოველდღიურად უამრავი მშრომელი დგას, შესაბამისად, არაფორმალური ეკონომიკა და მისი რეგულირება პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი გახდა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ამ სფეროში დასაქმებულები არიან კურიერები, ტაქსის მძღოლები, ძიძები, დამლაგებლები, ხელოსნები. სფეროში საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული. ამას ადასტურებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიშიც, მაგალითად, ევროკავშირში (EU) დასაქმებულთა დაახლოებით 22% და აშშ-ში დასაქმებულთა 15% ჩართულია პლატფორმულ სამუშაოებში. ეს მაჩვენებლები უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, ტექნოლოგიური წინსვლა და შრომის ბაზრის ტენდენციები სწორედ ამაზე მიგვითითებს.
გიგ-ეკონომიკის მზარდი ბუნებიდან გამომდინარე, საქართველოც არ არის გამონაკლისი და ვხედავთ, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი საქმდება ამ სფეროში.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა არის გიგ-ეკონომიკა და როგორია მისი გავლენა მშრომელებზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე.
ჩვენი კომენტარი
დაურეგულირებელი გიგ-ეკონომიკა შრომის ბაზარზე აძლიერებს უთანასწორო გარემოს, ვინაიდან ხშირად ამ სფეროში დასაქმებულებს არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები და არ მიუწვდებათ ხელი სოციალურ ბენეფიტებზე.
რა უნდა ვიცოდეთ
გიგ-ეკონომიკა გულისხმობს არატრადიციულ სამუშაო შეთანხმებას და, როგორც წესი, მოკლევადიანი ან პროექტულია. დასაქმებული პირები ფლობენ დამოუკიდებელი კონტრაქტორების სტატუსს, როგორც თვითდასაქმებულები. შრომის კანონმდებლობის მიხედვით, გიგ-ეკონომიკაში მშრომელებს ხშირად არ აქვთ ისეთივე დაცვა, როგორიც ტრადიციულ თანამშრომლებს.
გიგ-ეკონომიკა გაჩნდა, როგორც ეკონომიკის სექტორი, რომელშიც დამოუკიდებელი კონტრაქტორები და შტატგარეშე თანამშრომლები მუშაობენ თავისუფალი გრაფიკით და დროებით სამუშაოებზე. ამ ტიპის შრომაში ჩართული პირები ცნობილნი არიან, როგორც გიგ-მუშაკები ან ატიპიური მშრომელები.
- მშრომელებზე გავლენა: გიგ-ეკონომიკა სპეციფიკურ გამოწვევებს უქმნის ამ სფეროში დასაქმებულებს, ახასიათებს შემოსავლის არასტაბილურობა და შეღავათების ნაკლებობა.
- ეკონომიკური შედეგები: პლატფორმული სამუშაოს გაძლიერება გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების განაწილებაზე. შესაბამისად, მისი შესწავლა გვეხმარება, დავადგინოთ, როგორ აისახება ის ეკონომიკურ ზრდასა და უთანასწორობაზე.
- სოციალური ცვლილებები: გიგ-ეკონომიკა გამოწვევაა ტრადიციული სამუშაო ურთიერთობებისთვის, რაც აჩენს კითხვებს მშრომელთა უფლებებსა და სოციალური დაცვის შესახებ.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
არატრადიციული სამუშაო შეთანხმებები მშრომელებს რამდენიმე უპირატესობას სთავაზობს, მაგალითად, მოქნილობას, ავტონომიას და დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას. თუმცა ასეთ პირობებს თან ახლავს უარყოფითი მხარეებიც: სახიფათო და არასათანადო სამუშაო პირობები, არასტაბილურობა და შემოსავლის ცვალებადობა.
ამგვარი ტიპის შრომა ხელსაყრელია კორპორაციებისთვის და პლატფორმული დამსაქმებლებისათვის, ამ გზით ისინი მარტივად ახდენენ მშრომელების ექსპლუატაციას, რადგან პლატფორმულ შრომაში დასაქმებულ პირებს არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები.
სამუშაოს არატრადიციულმა შეთანხმებებმა შეიძლება გააძლიეროს უთანასწორობა და დაასუსტოს სოციალური დაცვის სისტემა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც, ტრადიციულ დასაქმებაშიც კი, მაღალია შრომითი უფლებების დარღვევის მაჩვენებელი.
საერთაშორისო სტანდარტები
რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ILO-მ, შეიმუშავა სტანდარტები და გაიდლაინები გიგ-ეკონომიკაში ღირსეული მუშაობის ხელშეწყობისათვის. ეს სტანდარტები მოიცავს სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობასა და შრომითი უფლებების გავრცელებას არასტანდარტული მშრომელებისთვის.