პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა საწარმოო შემთხვევების შესამცირებლად

უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი სამუშაო ადგილზე მძიმე და ფატალური შემთხვევების შემცირების მთავარი წინაპირობაა. საინფორმაციო სახის პრევენციული ღონისძიებები კი ეხმარება საწარმოო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

ეკონომიკურად არამდგრად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და სიცოცხლისთვის საშიში სფეროა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა დავიცვათ მშრომელები დაზიანებისა და ფატალური შემთხვევებისგან. 

ჩვენი კომენტარი 

უსაფრთხო სამუშაო გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. შესაბამისად,  უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი არა მხოლოდ მშრომელთა, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. სახელმწიფომ კი უნდა გამოიკვლიოს საწარმოო შემთხვევების მიზეზები და ებრძოლოს მრავალმხრივი პრევენციული ღონისძიებებით. 

რა უნდა ვიცოდეთ? 

ფატალური შემთხვევები ყველაზე ხშირად სამშენებლო ინდუსტრიაში ხდება. როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დასაქმებულთა სიმაღლიდან ვარდნაა. ვარდნის მიზეზების იდენტიფიცირება კი სისტემური ბრძოლისთვის აუცილებელია. 

რა პრობლემაა? 

  • საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა მშენებლობაზე დაშავებისა და გარდაცვალების მიზეზების შესახებ; 
    • ეს კი ართულებს შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობას;
  • მედიაზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხშირად ფატალური შემთხვევები საქართველოშიც სწორედ სიმაღლიდან ვარდნას უკავშირდება.  

 

საერთაშორისო გამოცდილებით ვარდნის გავრცელებულ მიზეზებია

  • დაცვის საშუალებების გამოუყენებლობა; 
  • სამუშაო ადგილის მოცურებადი ზედაპირი; 
  • არამდგრადი ხარაჩოები.

რა არის და როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების საშუალებები?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციების მიხედვით:

  • ჩაფხუტი, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა იყოს მშრომელთა ინდივიდუალური ზომის მიხედვით შერჩეული, დაუზიანებელი, სუფთად შენახული, მდგრადი, მათ შორის, ამინდის მიმართ, და ხელმისაწვდომი დამატებითი ხარჯის გარეშე;
  • ვარდნისგან დამცავი მოწყობილობები, ღვედი, სალტე, ქამარი,  უნდა იყოს მშრომელთა სხეულზე მორგებული, გამძლე და გაუცვეთავი. 

ILO-ს რეკომენდაციები ხარაჩოებიდან ვარდნის რისკის შესამცირებლად:

  • აუცილებელია, ხარაჩოებს ჰქონდეთ მოაჯირები, რომლებსაც დამცავი აღჭურვილობით მიემაგრება დასაქმებული;
  • ძირზე ღია სივრცეები უნდა იყოს დაფარული და გადაადგილება ხდებოდეს მდგრადი კიბის საშუალებით;
  • ფატალური შედეგების მაქსიმალურად შესამცირებლად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ბადეების დამონტაჟება, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს დაცემის შედეგად მიღებულ ტრავმებს. 

უნდა გავიაზროთ, რომ მხოლოდ დამცავი მოწყობილობების არსებობა არ ქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ვერ იქნება შედეგიანი, თუკი:

  • არ გაიზრდება დამსაქმებელთა პასუხისმგებლობა, გააცნონ უსაფრთხოების წესები მშრომელებს;
  • დამსაქმებელი სამუშაო ადგილზე არ გამოყოფს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს და
  • ასეთი პირი ყოველდღიურად არ გააკონტროლებს ყველა მოწყობილობის გამართულობასა და დასაქმებულთა მიერ უსაფრთხოების წესების დაცვას.  

ასევე მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციამ გააძლიეროს საინფორმაციო კამპანიები და იზრუნოს ინსპექტორთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ხარვეზის დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი