პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა არის და როგორ გამოითვლება ინფლაცია
მაისი 16, 2023

ინფლაცია ეკონომიკური საკითხია, რომელიც მუდამ იწვევს ვნებათაღელვას საზოგადოებაში. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ინფლაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. გაზრდილი ინფლაცია უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს დანაზოგებზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ისე ფასებზე, რომლებსაც საქონელსა და მომსახურებაზე ვიხდით.

ინფლაციას ეკონომიკაში  ფასების საერთო დონის ზრდას უწოდებენ. როდესაც ქვეყანაში ინფლაციაა, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი ძალა მცირდება, მომხმარებელი კი ფულის იმავე რაოდენობით, დროთა განმავლობაში ნაკლებ პროდუქტსა და მომსახურებას შეიძენს.     

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებების თანახმად, ინფლაცია კოვიდ-პანდემიის შემდგომი მსოფლიო ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა;
  • საქართველოში ფასების მკვეთრი ზრდა კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ, 2021 წლის მეორე ნახევრიდან, დაიწყო და ბოლო 10 წლის უმაღლეს ნიშნულს, 13.9 პროცენტს, 2021 წლის დეკემბერში მიაღწია;  
  • როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ნავთობის და სურსათის გაძვირებამ, ისე მზარდმა იმიგრაციულმა ნაკადებმა, ხელი შეუწყო საქართველოში ინფლაციის  მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას 2022 წლის ბოლომდე

ჩვენი კომენტარი 

გაზრდილი ინფლაცია ყველაზე მეტად დაბალი და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ჯგუფებს, სტუდენტებს, პენსიონრებს და სოციალურად დაუცველებს აზარალებს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, პირველ რიგში, ამ ჯგუფების მდგომარეობას უნდა ითვალისწინებდეს.

რა უნდა ვიცოდეთ?

ინფლაციის დონის დასადგენად გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი), რომელიც მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის ცვლილებას ასახავს და ყოველთვიურად  დაიანგარიშება. იმისათვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია ასახოს, სფი 300-მდე დასახელების აუცილებელი მოხმარების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს.

სფი-ში შემავალ საქონელსა და მომსახურებას სხვადასხვა წონა აქვს მინიჭებული. რაც უფრო მეტი წონისაა საქონელი, მით მეტი გავლენა აქვს მისი ფასის ცვლილებას სფი-ზე, შესაბამისად, ინფლაციაზეც. მაგალითად, პურის 10%-იანი გაძვირება უფრო მეტად გაზრდის სფი-ს, ვიდრე ფეხსაცმლის 10%-იანი გაძვირება. რაც უფრო მოთხოვნადია პროდუქტი, მით მეტი წონა აქვს სამომხმარებლო კალათაში.

თავის მხრივ, ინფლაციის დროს სამომხმარებლო პროდუქტების ფასები თანაბარი ტემპით არ იზრდება. სურსათის, საწვავის, ქირის და სამედიცინო მომსახურების ფასები, ხშირად, მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელზე სწრაფად იზრდება ხოლმე. 

როგორც ნახაზი N2-დან ირკვევა, 2022 წლის 11.9%-იან ინფლაციაში ყველაზე დიდი, 5.8%-იანი, წვლილი სურსათზე მოდის. ამის შემდეგ, 1.80%-იანი და 1.50%-იანი წვლილები, შესაბამისად, ბინების ქირისა და ტრანსპორტის ფასების ზრდას უკავშირდება. 

მაღალშემოსავლიანი პირებისგან განსხვავებით, ფიქსირებული და დაბალი შემოსავლის მქონე პირების ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ ასეთი საარსებო მნიშვნელობის მქონე საქონელს და მომსახურებას ეთმობა. 

შესაბამისად, ინფლაცია ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიანი ოჯახების, სტუდენტების, პენსიონერების და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მდგომარეობას აუარესებს: ზოგჯერ იმდენად, რომ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი ძალიან რთულია. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი