ბოლო წლებში, ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები გატარდა. ამის შედეგად შედარებით გაძლიერდა დასაქმებულთა სამართლებრივი გარანტიები, ასევე შრომით უფლებებზე ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბევრ სხვადასხვა სფეროში მშრომელთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დასაქმებულები რა დარღვევებს აწყდებიან საქმიანობისას, რათა ცხადად დავინახოთ შრომის ბაზარზე არსებული სისტემური ხარვეზები.
ჩვენი კომენტარი
დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევების გამოვლენა აუცილებელია იმ ყოვლისმომცველი რეფორმების განსასაზღვრად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშრომელთა უფლებებისა და კეთილდღეობის სათანადოდ დაცვა.
რომელი შრომითი უფლებები ირღვევა ყველაზე ხშირად?
„კომენტარის“ მიერ ჩატარებულმა თვისებრივმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბევრ სექტორში შრომითი უფლებების დარღვევა მშრომელთა ყოველდღიურობაა. ეს რაოდენობრივმა კვლევამაც დაადასტურა. რესპონდენტთა 44% საუბრობს, რომ მის ახლანდელ სამსახურში ყოფილა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები. ისინი მიუთითებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლება, ხშირად ორგანიზაციული ცვლილების (რეორგანიზაციის) გამოყენებით;
- დისკრიმინაციული/ძალადობრივი მოპყრობის შემთხვევები, იქნება ეს პოლიტიკური, პროფკავშირული თუ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია;
- ზეგანაკვეთურად მუშაობა, ხშირად ანაზღაურების გარეშე, რაც არცთუ იშვიათად მშრომელთა ემოციურ გადაწვას, სამუშაო და პირადი ცხოვრების დისბალანსს უწყობს ხელს;
- ისეთი შრომითი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვა, როგორიცაა ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება და ბიულეტენის გამოყენება;
- უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა;
- წერილობითი კონტრაქტის არ არსებობა;
- გაფიცვის უფლების შეზღუდვა და სხვა.
რა დარღვევებია სექტორების მიხედვით?
საინტერესოა შევხედოთ შრომითი უფლებების დარღვევებს სექტორების მიხედვითაც, ვინაიდან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოწვევებიც სხვადასხვანაირია და თითოეული განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
მოპოვებისა და მრეწველობის სექტორში ძირითადი საკითხები მოიცავს:
- უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას;
- ზეგანაკვეთურ შრომას და ასეთი შრომის აუნაზღაურებლობას;
- გაფიცვის უფლების შეზღუდვას;
- ხელფასის დაგვიანება/არგაცემას;
- ისეთი შრომითი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვას, როგორიცაა, მაგალითად ანაზღაურებადი შვებულება.
ტრანსპორტის სექტორიც (მეტრო) საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე. ასევე ძირითად საკითხებად დასახელდა გაფიცვის უფლების შეზღუდვა, დისკრიმინაციული/ძალადობრივი დამოკიდებულებები, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნის შემთხვევები და ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური მუშაობა.
უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა უმთავრეს დარღვევად გვხვდება სათამაშო ბიზნესსა (ონლაინ გეიმინგი) და არასტანდარტული შრომის (გიგ-ეკონომიკის) სფეროებშიც. ორივე სფეროში მნიშვნელოვან საკითხებად ასახელებენ სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებისა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებსაც. სათამაშო ბიზნესის მიმართულებით ასევე სახელდება ისეთი შრომითი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვა, როგორიცაა ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება და ბიულეტენის გამოყენება და უსამართლო შრომითი ხელშეკრულებები, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს არ ითვალისწინებს.
ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური მუშაობა ყველაზე ხშირად ჯანდაცვის/სოციალური მომსახურების, საშინაო შრომის, ხელოვნებისა და მომსახურების (სერვისის სფერო) მიმართულებით დასახელდა. საშინაო შრომის სფეროში შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევებია: წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა და ანაზღაურებადი შვებულებით, დეკრეტული შვებულებითა და ბიულეტენით სარგებლობის შეუძლებლობა.
წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა, ხელფასის დაგვიანება/არგაცემასთან და სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებასთან ერთად სახელდება ხელოვნების სექტორშიც. ჯანდაცვა/სოციალური მომსახურებისა და მომსახურების (სერვისის) მიმართულებით კი გვხვდება დისკრიმინაციული/ძალადობრივი დამოკიდებულებების შემთხვევებიც.
რაც ეხება განათლებისა და მეცნიერების სექტორს, აქ ძირითადი დარღვევა სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებაა, ასევე ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური მუშაობა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები დამსაქმებლების მხრიდან.
წინამდებარე სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.