საქართველოში, ბოლო 33 წლის განმავლობაში, ხელისუფლებების სურვილის მიუხედავად დაემყარებინათ ავტორიტარიზმი, შუალედებში იქმნებოდა საბაზისო დემოკრატიის აჩრდილები. ამან გარკვეული შედეგები სხვადასხვა სფეროებში გამოიღო. თუმცა, მშრომელებისთვის მდგომარეობა დიდწილად უცვლელი დარჩა. 1990-იან წლებში ე.წ. „პრივატიზაციის“ და ეკონომიკის ჩამოშლის პარალელურად მშრომელების უფლებები ქრებოდა, 2006-2013 წლებში შრომის კანონმდებლობის სრული გამოშიგვნით და სრულად დამსაქმებელზე ორიენტირებული შრომის კოდექსის მიღებით მშრომელები კიდევ უფრო მეტად დასუსტდნენ, ხოლო ამის შემდგომ, 2013 წლიდან 2021 წლამდე კანონების კოსმეტიკური ცვლილებებით თუ შრომის ინსპექციის შექმნით, მშრომელებს პრაქტიკაში გაუმჯობესება არ უგრძვნიათ. მათ არ უსარგებლიათ იმ საბაზისო, ჰიბრიდული დემოკრატიის სიკეთეებით, რადგან მათთვის სამუშაო ადგილებზე მუდმივად ავტორიტარიზმი სუფევდა და სუფევს.
დღეს, ავტორიტარიზმის დამყარების კვალდაკვალ, წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის გაფიცვა. გაფიცვისკენ დღეს ისეთი ადამიანებიც მოუწოდებენ მშრომელებს, რომლებიც ამ მძიმე რეალობის შემოქმედები არიან და დასაქმებულების მხრიდან ნებისმიერ წინააღმდეგობას „ეკონომიკაზე თავდასხმად“ და „კომუნიზმად“ ასაღებდნენ.
დღევანდელი ვითარების არაორდინალურობას და განსაკუთრებულობას ბევრი ვიზიარებთ, ამის პარალელურად ცხადად ვუყურებთ პოლიტიკურ წმენდას საჯარო სამსახურებში, ტყიბულში, სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში და კარგია, რომ მშრომელების კოლექტიური ბრძოლის მნიშვნელობა მკაფიოდ გამოჩნდა, თუმცა მისი მოთხოვნის პარალელურად ბევრი კითხვა უნდა დავსვათ და გავიგოთ, რატომ არის საქართველოში გაფიცვა, როგორც კოლექტიური ეფექტიანი წინააღმდეგობის მთავარი იარაღი - პრაქტიკულად მიუწვდომელი და რა სტრუქტურული მიზეზები აქვს მას.
მანამდე დავსვათ კითხვა, რა ძალა აქვს გაფიცვას?
გაფიცვა ძლიერი იარაღია მშრომელის ხელში, რათა წინ აღუდგეს უსამართლო, დამამცირებელ მოპყრობას და კოლექტიური ბრძოლის გზით მიაღწიოს უკეთეს შრომით პირობებს. გაფიცვა არის ფართო სოციალური ცვლილებებისკენ მიმავალი გზა. ქვეყნის პროგრესი მათ შორის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არის საზოგადოება მხარი დაუჭიროს მშრომელთა პროტესტს. ეს ბრძოლა არის დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების და სოციალური სამართლიანობის მიღწევის აუცილებელი ნაწილი.
საქართველოში გაფიცვა, როგორც მშრომელთა პროტესტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა, მრავალი სირთულის წინაშე დგას. ეს გამოწვევები არა მხოლოდ საკანონმდებლო დაბრკოლებებში, არამედ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაშია ღრმად ფესვგადგმული. გაფიცვის ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით დასაქმებულთა უფლებად არის აღიარებული, პრაქტიკულად შეუძლებელია იმ დაბრკოლებების ფონზე, რომლებიც მშრომელებს წინ ეღობებათ.
რატომ არის გაფიცვა ასეთი რთული?
- სუსტი პროფესიული კავშირები
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოში რეალური, მშრომელზე ორიენტირებული პროფესიული კავშირების სისტემა ვერ შეიქმნა. ამასაც თავისი მიზეზები აქვს, იქნება ეს ხელისუფლებების მუდმივი წნეხი მშრომელებზე, რათა მათ ვერ შეძლონ კოლექტიური ბრძოლა, სურვილი პოლიტიკურად დაიქვემდებარონ პროფესიული გაერთიანებები, სუსტი კანონმდებლობა თუ სხვა.
დღეს, ჩვენ გვყავს რამდენიმე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და თვალს ვადევნებთ ახალი პროფესიული გაერთიანებების დაბადებას, რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, თუმცა მანამდე დასაძლევი იქნება, ის რაც ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ თავს მოგვახვია, კერძოდ დასაბრუნებელია მშრომელთა კოლექტიური ორგანიზების კულტურა. აქამდე, რამდენიმე სამაგალითო გაფიცვის გარდა, მშრომელები უმეტესწილად ინდივიდუალურად უწევდნენ წინააღმდეგობას დამსაქმებლებს, რაც კოლექტიური ბრძოლის ეფექტიანობას ამცირებდა.
- სუსტი საკანონმდებლო ჩარჩო
შრომის კოდექსში გაფიცვასთან დაკავშირებული ჩანაწერები მშრომელთა უფლებების რეალიზაციას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
- სოლიდარული/ე.წ. საყოველთაო გაფიცვის შეუძლებლობა: სოლიდარული გაფიცვები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით დასაშვებია, საქართველოში პირდაპირ აკრძალული არ არის თუმცა თითქმის შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ საყოველთაო გაფიცვაზე. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან სოლიდარული გაფიცვები მშრომელთა ერთიანობისა და სოლიდარობის მთავარ გამოხატულებად ითვლება.
- რთული პროცედურები: მედიაციის პროცესი და მრავალსაფეხურიანი პროცედურები გაფიცვის ფორმალური ლეგალიზაციისთვის იმდენად კომპლექსურია, რომ მათი გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს პროცესები ხშირად დამსაქმებლების სასარგებლოდ მოქმედებს და დროის გაწელვით მშრომელთა წინააღმდეგობის რესურსებს ამცირებს, რადგან მედიაციამდე მისასვლელი გზა თუ თავად მედიაცია, ძირითადად არა პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად, არამედ დამსაქმებლისთვის დროის მიცემას, მშრომელების გამოფიტვას, მათზე ზეწოლის განხორციელებას და სხვას.
- საგაფიცვო ფონდის არარსებობა
საქართველოში საგაფიცვო ფონდი პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ცხადია, პირდაპირ დაკავშირებულია ძლიერი პროფესიული კავშირების არარსებობასთან. გამართული პროფესიული კავშირები საწევროებიდან შემოსული თანხის ნაწილს ასეთ ფონდებს ახმარენ, თუმცა საქართველოში ასეთი რამ არ არსებობს. ახლა ვუყურებთ ამ ტიპის ფონდების შექმნას, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ესეც მეტწილად ერთჯერად ინიციატივას გავს, ვიდრე რეალური, მყარი საგაფიცვო ფონდის შექმნას. უნდა ვიცოდეთ, რომ გაფიცვისას მშრომელები ხელფასის გარეშე რჩებიან, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. ასეთ პირობებში, გაფიცვა შეიძლება პირდაპირ გზად იქცეს სიღარიბეში ჩავარდნისა და სოციალური დაცვის გარეშე დარჩენისკენ. - სოციო-ეკონომიკური რეალობა - გაკოტრებული მშრომელები
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება მშრომელებზე. 88%-ს არ აქვს დანაზოგი, ხოლო სამსახურის დაკარგვა ნიშნავს ფინანსურ კატასტროფას. პირველადი საჭიროებების პროდუქტების გაძვირება და ბინების ქირის ზრდა მშრომელებს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. ამასთანავე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სესხი, ხოლო გაფიცვის შემთხვევაში მშრომელი ვერ იღებს ხელფასს, შესაბამისად ვერ იხდის სესხს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. - სოციალური დაცვის მინიმალური გარანტიების არარსებობა
უმუშევრობის დაზღვევა და ადრეული სოციალური დახმარების სისტემა საქართველოში არ არსებობს. მშრომელების გადაწყვეტილება გაფიცვაზე - პირდაპირ კავშირშია პირადი და ოჯახის ფინანსური სტაბილურობის დასასრულთან.
რა უნდა მოვითხოვოთ?
შესაბამისად, როდესაც არის მოწოდება „გაიფიცე“, იქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მოვითხოვოთ შემდეგი:
- სოლიდარული გაფიცვის საკანონმდებლო დაშვება
სოლიდარული გაფიცვის შეუძლებლობა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს. სოლიდარული გაფიცვები უნდა იყოს კანონით პირდაპირ აღიარებული და შესაძლებელი, რათა მშრომელებმა კოლექტიური ბრძოლის შესაძლებლობა სრულად გამოიყენონ. - მედიაციის პროცესის გამარტივება
გაფიცვის ფორმალური ლეგალიზაციის პროცედურები უნდა გამარტივდეს და გახდეს მეტად ორიენტირებული მშრომელების პრობლემების გადაწყვეტაზე.
დეტალურად იხილეთ: გაფიცვის უფლება საქართველოში
- ძლიერი პროფესიული კავშირები
პროფესიული კავშირების როლის გაძლიერება აუცილებელია მშრომელთა უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის. კავშირებმა უნდა უზრუნველყონ არა მხოლოდ გაფიცვების ორგანიზება, არამედ მშრომელთა ინტერესების დაცვა სასამართლოებში და მედიაციის პროცესში. ამიტომაც, მშრომელები, რომლებიც დღეს გაფიცვაზე საუბრობენ უნდა შექმნან ან/და გაწევრიანდნენ კეთილსინდისიერ პროფესიულ კავშირებში. - სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება
უმუშევრობის დაზღვევის და სოციალური დახმარების მექანიზმების დანერგვა და გაძლიერება მშრომელებს სტაბილურობის განცდას შეუქმნის. - სესხების გადავადება და პროცენტის გაყინვა
ბოლო პერიოდში მუდმივი საუბარია, იმაზე, რომ ამ მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაიჭრას ზოგადად კოლექტიური პასუხიმგებლობების აღებით. ეს ცხადია არ ეხება მხოლოდ ერთ ჯგუფს ანუ მშრომელებს და არათუ ნაკლებად, არამედ მეტადაც უნდა შეეხოს საბანკო-საფინანსო სექტორსაც, რომელიც ამ უსამართლო სისტემის ერთ-ერთი ელემენტია და მათ თავიანთი წვლილი და პასუხისმგებლობა უნდა დაინახონ. შესაბამისად ამ რეალობაში, რომელშიც ვართ, ასევე სადაც არ არსებობს საგაფიცვო ფონდები, არ არსებობს სოციალური დაცვის სისტემა, გაფიცვის პერიოდში სესხების გადავადება და პროცენტის გაყინვა მშრომელებისთვის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი იქნება. ამ ნაბიჯს შეუძლია მშრომელების პროტესტის შესაძლებლობა გაზარდოს, რადგან ისინი აღარ იქნებიან განწირულები აღმოჩნდნენ კიდევ უფრო ღრმა სიღარიბეში.