პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის სასამართლოს შესახებ?
ივნისი 27, 2023

ევროკავშირი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს კანონის წინაშე თანასწორ მოპყრობას, თანაბარ შესაძლებლობებსა და დაცვას ჰპირდება. ამაში კი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მთავარი როლი აქვს.   

რატომ უნდა მაინტერესებდეს? 

საქართველო ევროკავშირის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემასთან დაახლოებას ცდილობს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა დამატებითი შესაძლებლობები და  გარანტიები ჩნდება ეროვნული სასამართლოებისთვის, მოქალაქეებისა თუ სხვადასხვა ჯგუფისთვის უფლებების დასაცავად და ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად.  

ჩვენი კომენტარი

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო მეთვალყურეობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ევროკავშირის კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის განმტკიცებას და მოქალაქეებს უფლებების დაცვის, თანასწორობის უფრო მყარ გარანტიებს სთავაზობს. 

რა უნდა ვიცოდეთ?

ევროკავშირის ყველა მოქალაქე სარგებლობს ფუნდამენტური უფლებებით, რომლებიც ემყარება თანასწორობის, ღირსეული მოპყრობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს. ეს ღირებულებები ასახულია ევროკავშირის სხვადასხვა სამართლებრივ აქტში. ზოგიერთი მათგანი ავტომატურად, წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში გადატანის გარეშე, ვრცელდება ყველა ქვეყანაზე. ზოგჯერ კი მათ აღსასრულებლად საჭიროა ეროვნულ დონეზე გარკვეული ზომების მიღება.  

რა ფუნქცია აქვს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს?

  • ეროვნულ სასამართლოებს შეუძლიათ, მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს დაუსვან შეკითხვები ევროკავშირის კანონმდებლობის განსამარტებლად და სთხოვონ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება;

მაგალითად, ამ მექანიზმის ფარგლებში, სასამართლომ ორსულის სამსახურიდან გათავისუფლება დისკრიმინაციად ჯერ კიდევ 1998 წელს შეაფასა, რაც ევროკავშირში თანასწორი მოპყრობისა და სოციალური უფლებების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი განმარტება იყო.

  • სახელმწიფოს ან ევროკომისიას შეუძლიათ, ევროკავშირის სამართალთან შეუსაბამო ქმედების გამო, სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართონ;

მაგალითად, ევროკომისიამ პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ სასამართლოს საჩივრებით მიმართა, რათა დაპირისპირებოდა ამ ქვეყნების ხელისუფლებათა მიერ გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს.

  • სასამართლო ასევე ამოწმებს თავად ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისობას ევროკავშირის ხელშეკრულებებთან;
  • სასამართლოს შეუძლია, გააუქმოს ევროკავშირის ინსტიტუტის აქტიც ან დაადგინოს მისი უმოქმედობა, რისი გამოსწორებაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალება;
  • სასამართლოს შეუძლია, ევროკავშირის ინსტიტუტებსაც კი დააკისროს კომპენსაციის გადახდა ინდივიდების, კომპანიების სასარგებლოდ, თუ ამ უკანასკნელთა უფლებები დაირღევევა.   

როგორია სასამართლოს სტრუქტურა?

სასამართლოს სტრუქტურაში ორი სასამართლოა:

  • მართლმსაჯულების სასამართლო (Court of Justice), რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყნის თითო მოსამართლისა და 11 გენერალური ადვოკატისაგან შედგება. გენერალური ადვოკატები მოსამართლეებს განსახილველ საქმეებზე საჯარო, დასაბუთებული მოსაზრებს წარუდგენენ. ევროკავშირის კანონმდებლობის განმარტება და ევროკავშირის ინსტიტუტების აქტის გაუქმება სწორედ ამ სასამართლოს ფუნქციაა.
  • საერთო სასამართლო (General Court) კი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილი ორი მოსამართლისაგან  შედგება და, როგორც წესი, ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ინდივიდუალურ საჩივრებს განიხილავს. 

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი