პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას ეუბნება სასამართლო შუქრუთს?
სექტემბერი 3, 2024

თითქმის ნახევარი წელია, ჭიათურის სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტია. ადგილობრივი მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დანგრეული და დაზიანებული სახლებისთვის კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას ითხოვს. მათი პროტესტი 160 დღეზე მეტია კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან მიმდინარეობს. რამდენიმე ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. კომპანიამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასამართლოს და სამართალდამცავ უწყებებს მიმართა. შედეგად, ადგილობრივების მიმართ ახლა რამდენიმე საქმის წარმოება მიმდინარეობს, მათ შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების. 2024 წლის 9 აგვისტოს, სწორედ მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში, რომლითაც კომპანია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე მილიონი ლარის ანაზღაურებას ითხოვს, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მიიღო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილება და აქციის მონაწილეებს კომპანიისათვის სასარგებლო წიაღისეულის სამთომოპოვებით საქმიანობის განხორციელებაში რაიმე ფორმით ხელშეშლააუკრძალა. უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათის ღონისძიებაა. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ სასამართლოს არ მიუღია.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი რუსიაშვილი გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს შუქრუთელების მიმართ სასამართლოს მიერ გამოყენებული ღონისძიების შესახებ.

  1. რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და რა დანიშნულება აქვს მას?

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მხრიდან მყისიერი რეაგირების ზომაა, მოსარჩელის სავარაუდო მოთხოვნის დროებითი დაცვის მექანიზმი, როდესაც მისი ხელყოფის შედეგები უკუქცევადი არ იქნება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებით.

  1. რა პრინციპებით ხელმძღვანელობს მოსამართლე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას?

მოსამართლეს, უპირველესად, ევალება, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გააკეთოს სარჩელის დასაბუთებულობის პროგნოზი. ეს ასეა, რადგან თუკი არ არის სულ მცირედი პერსპექტივა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მაშინ არ არსებობს არც მისი უზრუნველყოფის საფუძველი. ასევე, მოსამართლემ უნდა დაადგინოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოცდა გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. აქვე, მხოლოდ მნიშვნელოვანი მაგრამ დათვლადი (კალკულირებადი) ზიანი ასეთ გამოუსწორებელ შედეგს არ გამოიწვევს. გარდა ამისა, მოსამართლემ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისას წინასწარ არ უნდა განსაჯოს დავა. ამას დავის წინასწარგანსჯის აკრძალვას უწოდებენ.

  1. სასამართლომ შუქრუთელებსსასარგებლო წიაღისეულის სამთო-მოპოვებით საქმიანობის განხორციელებაში რაიმე ფორმით ხელშეშლააუკრძალა. რას ნიშნავს ეს?

თავის განჩინებაში, სასამართლო, ერთი მხრივ, უთითებს შპს „მაღაროელის“ საკუთრების უფლებაზე, მეორე მხრივ, კი იცავს არამარტო საკუთრებას, არამედ ასევე უფლებას „მოწყობილ და ამუშავებულ საწარმოზე“, რაც ორი სხვადასხვა რამაა. სინამდვილეში, ერთადერთი კერძოსამართლებრივი უფლება შპს „მაღაროელის“ მხარეს, რომელსაც ახსენებს სასამართლო, არის ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება შესაბამის ტერიტორიაზე და შესაბამის შენობა-ნაგებობებზე. თუმცა, აქციის მონაწილეებს სასამართლო უკრძალავს არა მარტო ამ ტერიტორიაზე რაიმე ქმედების განხორციელებას, არამედ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც იქნება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა საკუთრების უფლებით მოცული არ არის. მესაკუთრის კომპეტენცია, ისარგებლობს კუთვნილი ქონებით, იცავს ზოგადად, სარგებლობის შესაძლებლობას და არ იცავს სარგებლობის კონკრეტულ ფორმებს, როგორიცაა მაგალითად, საკუთრების სამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენება. მაგალითად, საჯარო გზის გადაკეტვა, რითაც გადაადგილებაში ხელი ეშლება კომპანიის სატვირთო მანქანებს, საკუთრების უფლების ხელყოფა კი არ არის, არამედ (ჰიპოთეტურად) შეიძლება ეხებოდეს „მოწყობილი და ამუშავებული საწარმოს“ უფლებას. თუმცა, სასამართლო ამგვარ უფლებაზე საერთოდ არ მსჯელობს. თუ მას ამგვარი, ყოვლისმომცველი ამკრძალავი განკარგულების გამოცემა სურდა, უპირველესად, კომპანიის კერძოსამართლებრივი უფლება უნდა დაედგინა, გამოერკვია მისი ფარგლები და შემდეგ შეეწონა მისი დაცვა შუქრუთელების კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების დაცვასთან. სასამართლოს ეს არ გაუკეთებია.

ამ ტიპის პროტესტის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოების პრაქტიკაში, აკრძალვის მაქსიმალურ ზომა, ჩვეულებრივ, მხოლოდ საწარმოო აუცილებლობით განპირობებული სატრანსპორტო მოძრაობისათვის ხელის არშეშლაა (შესასვლელების ან მაგისტრალის ერთი ნაწილის გამოთავისუფლება), რაც, ცალკეულ შემთხვევებში, აუცილებლობის ძალით შეიძლება არ გულისხმობდეს, მაგალითად,  დირექტორისა და სხვა მმართველების თავისუფლად შეშვებას საწარმოს ტერიტორიაზე, რომელთაც დისტანციურად შეუძლიათ მითითებების მიცემა და რომელთათვის გზის გადაკეტვაც შეიძლება დემონსტრანტთა საზოგადო საჭირბოროტო საკითხზე აზრის გამოხატვისათვის მნიშვნელოვანი იყოს (ისევე როგორც: პოლიტიკოსისათვის გზის გადაკეტვა, ტრიბუნასთან არმიშვება და ა. შ.). სამწუხაროდ, ყველა ეს გარემოება სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული და შეფასებული არ არის.

  1. რა შეგვიძლია ვთქვათ შუქრუთელების კონსტიტუციურ უფლებაზე − გამოხატონ პროტესტი?

თუ უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხის ძირითად უფლებებს ეხება, სასამართლომ დეტალურად უნდა გამოიკვლიოს ამ ძირითადი უფლების ფარგლები, რომლის წინაშეც შეიძლება უკან იხევდეს კერძოსამართლებრივი პოზიციების დაცვა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ შეკრების თავისუფლებაზე, რომლითაც სარგებლობენ შუქრუთელები. ისინი იმყოფებიან მაღაროს შესასვლელთან, საჯარო ტერიტორიაზე და გამოხატავენ პროტესტს მათ სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხზე.

გერმანიის უმაღლესი ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ეს ბროკდორფის ქრესტომათიულ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული, ყოველთვის განსაკუთრებულად უსვამს ხაზს შეკრების თავისუფლების, „დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების ელემენტარული მდგენელის“, მნიშვნელობას და მისი მეშვეობით ინდივიდთა პოლიტიკური აზრისა და ნების გამოხატვის დაცვას.

ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს განმარტება, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში, დასაშვებად მიიჩნევს კერძო საკუთრებაში მყოფ ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ სივრცეებში პროტესტსაც (აეროპორტი, სავაჭრო ცენტრი, ავტოსადგომი და ა. შ.). თუმცა, ეს პრობლემა შუქრუთში ისედაც არ დგას. საჯარო სივრცის გადაკეტვისას, შეკრების თავისუფლებისა და „მოწყობილ საწარმოზე“ უფლების შეწონვისას, მაგალითად, ბერლინ-ბრანდენბურგის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ავტობანის 7 საათით სრული გადაკეტვა დასაშვებად შეაფასა, მიუხედავად მახლობელ ტერიტორიაზე საწარმოო პროცესის ჩაშლისა და მასზე სასწრაფო და სხვა პირველადი დახმარების ავტომობილების ვერგადაადგილებისა. ხანგრძლივი დროით გადაკეტვის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, პოლიცია გამოსცემს არა შეკრების აკრძალვის ან დაშლის განკარგულებას, არამედ ავალდებულებს აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ მაგისტრალის ნახევარი, არ ჩაკეტონ სათადარიგო მისასვლელები და ა. შ. ძირითადი უფლების მხოლოდ ამ ტიპის შეზღუდვას მიიჩნევენ გერმანული სასამართლოები დასაშვებად.

შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სასამართლოს, ზოგადად, აქვს კომპეტენცია, ერთი პირის სარჩელის საფუძველზე შეზღუდოს ხელშემშლელი პირის ძირითადი უფლება და, მათ შორის, შეკრების თავისუფლებაც, თუმცა, ამით არ უნდა გადაიფაროს ადმინისტარციული ორგანოების კომპეტენციები, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ამ უკანასკნელს შეუძლია განსაზღვროს, თუ რა ზღვარი უნდა დაედოს ძირითადი უფლებების უზრუნველყოფას. სპონტანური და დინამიკური პროტესტის შემთხვევაში ასეთი პოლიციაა. მხოლოდ მას შეუძლია ადგილზე (იმისდა მიხედვით, თუ სად არიან ზუსტად მონაწილეები განლაგებულნი, კეტავენ თუ არა შესასვლელს და ა. შ.) გამოარკვიოს და გამოსცეს შესაბამისი განკარგულება ისე, რომ მაქსიმალურად დაიცვას ერთი მხარის ძირითადი და მეორე მხარის სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებები და იპოვოს შუალედი ორივეს უზრუნველყოფას შორის. ამ შემთხვევაში კი ცალსახად სახეზეა კომპეტენციათა გადაფარვა, რაც საბოლოო ჯამში პროტესტის მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებებში არაპროპორციულ ჩარევას იწვევს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი