ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ ზესახელმწიფოს, დიდი ხანია ღრმა სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებთ. თუმცა, ბოლო დროს, განსაკუთრებით ტრამპის მიერ 2 აპრილს დაანონსებული ე.წ. „განთავისუფლების დღის“ ტარიფების შემდეგ, ეს პარტნიორობა სავაჭრო ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დაძაბული და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ტრანსატლანტიკური ვაჭრობის წესებს. ახალი გარიგება მხარეებს უფრო მასშტაბურ კონფლიქტს არიდებს, მაგრამ ამავდროულად ახალ ეკონომიკურ რეალობას ქმნის.
რატომ არის ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი?
შეთანხმება არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომისტებისთვის განკუთვნილ ტექნიკურ დოკუმენტს; მას პირდაპირი გავლენა ექნება მხარეების ეკონომიკებზე და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებზე.
შეთანხმების არსი: გარიგების მთავარი მიზანი ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტირებულ პროდუქციაზე 15%-იანი ტარიფის დაწესებაა, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 380 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადი აღემატება დიდი ბრიტანეთისთვის დაწესებულ 10%-იან ტარიფს. ამასთან, ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე აშშ-ში გაყიდვისას კვლავ 50%-იანი ტარიფი გავრცელდება. რაც შეეხება ავტომობილებს, მათზე ტარიფი 15%-მდე შემცირდება, ნაცვლად 25%-იანი გლობალური ტარიფისა, რომლის შესახებაც ტრამპმა აპრილში განაცხადა. სანაცვლოდ, აშშ-ის ექსპორტი ევროკავშირში, ავტომობილების ჩათვლით, სრულად გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ხოლო ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, სამი წლის განმავლობაში 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ენერგორესურსი შეისყიდოს და დამატებით 600 მილიარდის ინვესტიცია გააკეთოს ამერიკაში.
რატომ არის შეთანხმება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი: შეთანხმება ფართოდ განიხილება, როგორც „ასიმეტრიული“, რადგან ის აძვირებს ევროპულ პროდუქციას აშშ-ში, ხოლო აიაფებს ამერიკულს - ევროპაში. ეს პირობები ცალსახად აშშ-ს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას ემსახურება. გარდა ამისა, გარიგება სტიმულს აძლევს ექსპორტზე ორიენტირებულ ამერიკულ კომპანიებს და ასევე, უბიძგებს ევროპულ კომპანიებს, გადაიტანონ წარმოება ამერიკაში, რათა თავი აარიდონ ტარიფებს.
რატომ არის შეთანხმება გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი: შეთანხმება უკიდურესი წნეხის ქვეშ იქნა მიღწეული, რადგან დონალდ ტრამპი, თავდაპირველად 30%-იან ტარიფებს ითხოვდა. ევროკომისიამ გარიგება იმ არგუმენტით დაიცვა, რომ ალტერნატივა დამანგრეველი სავაჭრო ომი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, შედეგმა ევროკავშირის შიგნით ღრმა განხეთქილება გამოიწვია – საფრანგეთმა შეთანხმებას ღიად უწოდა „კაპიტულაცია“.
ჩვენი კომენტარი:
ეს შეთანხმება ნათლად აჩვენებს გლობალური ვაჭრობის მრავალმხრივი წესებიდან ძალაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად იმისა, რომ ის მოკლევადიან სტაბილურობას გვთავაზობს, გრძელვადიან პერსპექტივაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას და მის როლს მრავალპოლუსიან სამყაროში.
რა უნდა ვიცოდეთ: შედეგები
ევროკავშირისთვის:
ეკონომიკური გავლენა: ევროპელი ექსპორტიორები მათთვის უმსხვილეს ბაზარზე შესასვლელად 15%-იანი ბარიერის წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა, ბრიუსელმა შეძლო გარკვეული პირობების დაცვა, მათ შორის ფარმაცევტულ პროდუქციაზე ნულოვანი განაკვეთის შენარჩუნება და ნულოვანი ტარიფების შეთანხმება ისეთ საკვანძო პროდუქტებზე, როგორიცაა მაგ. თვითმფრინავები. შეთანხმება განსაკუთრებულ თავსატეხს ქმნის ირლანდიაში, სადაც ირლანდიის ბიზნესის ნაწილი 15%-იანი ამერიკული ტარიფის წინაშე აღმოჩნდა, მაშინ როცა ნაწილი დიდი ბრიტანეთის ცალკეული შეთანხმების წყალობით მხოლოდ 10%-იან განაკვეთს გადაიხდის.
გეოპოლიტიკური გავლენა: ევროკავშირმა თავიდან აიცილა სავაჭრო ომი, მაგრამ მაღალ ფასად, რამაც შიდა პოლიტიკური განხეთქილებებიც გამოიწვია. საფრანგეთი გარიგებას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროკავშირს მეტი „ძალა“ უნდა გამოეჩინა. თუმცა, ვინაიდან სავაჭრო შეთანხმებებს მთელი ბლოკის სახელით ევროკომისია აფორმებს, საფრანგეთს ვეტოს უფლება არ აქვს, რაც მის პროტესტს მეტწილად პოლიტიკური რიტორიკის დონეზე ტოვებს.
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის:
ეკონომიკური გავლენა: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა აშშ-სთვის, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში მაინც. ამერიკელი ექსპორტიორები ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე უბაჟო წვდომას იღებენ. ამასთან, ქვეყანამ ევროკავშირისგან ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვის მასშტაბური გარანტია მიიღო დამატებითი 600 მილიარდიანი ინვესტირების პირობით.
გეოპოლიტიკური გავლენა: გარიგება დონალდ ტრამპის მოლაპარაკების სტრატეგიის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელმაც, საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით, აშშ-ისთვის აშკარად ხელსაყრელი შედეგი გამოიღო. ეს აძლიერებს მოლაპარაკების იმ მიდგომას, რომელსაც, როგორც ერთი ფრანგი მინისტრი აღნიშნავს, „მხოლოდ ძალის ენის ესმის“.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებამ წარმატებით აარიდა მხარეებს დაუყოვნებლივი სავაჭრო ომი, მისმა არათანაბარმა პირობებმა ახალი და უფრო სადავო პოლიტ-ეკონომიური რეალობა შექმნა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გრძელვადიან სტაბილურობას, ისე გლობალური ეკონომიკური თამაშის წესებს.

