დემოკრატია სხვა არაფერია თუ არა მოქალაქეთა საერთოზე ზრუნვის მიზნით შეკავშირება. მისი ფუნდამენტია რწმენა, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად ერთმანეთი და ერთმანეთთან თანამშრომლობა სჭირდებათ. სწორედ ამ ფუნდამენტური კავშირების მორღვევას ცდილობდა საკანონმდებლო ინიციატივები უცხოური გავლენის შესახებ.
2023 წლის 14 და 22 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა (მოძრაობა „ხალხის ძალიდან“) ორი პროექტი დააინიცირეს, თუმცა მოგვიანებით, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის გამო, მოუწიათ უარი ეთქვათ მათზე. ორივე მათგანის ერთიანი მიდგომა, სულ ცოტა, იმაში გამოიხატებოდა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს („ა(ა)იპ“) ავალდებულებდა სპეციალურ რეესტრში „უცხოური გავლენის/ძალის აგენტად“ ჩაწერილიყვნენ. ეს ვალდებულება სხვადასხვა საფუძვლით წარმოიშობოდა, თუმცა მათი საერთო ამოცანა ორგანიზაციებისა და მასში მომუშავე ადამიანების არჩევანის წინაშე დაყენება იყო, ან დათანხმდნენ ასეთ სტატუსს, ან საქმიანობაზე უარი ეთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას. ამგვარი არჩევანი, რეალურად არც არის არჩევანი, ის ხელშეშლაა, რადგან საკითხს ასე დგება, ადამიანი იძულებულია ან ღირსებაზე თქვას უარი (მისთვის შეურაცხმყოფელი სტატუტის ქვეშ მოქმედებით), ან მოქმედებაზე. ეს კი უპირისპირდება კონსტიტუციურ უფლებას გაერთიანდე სხვებთან ერთად რაიმე მიზნის მისაღწევად, ამ გაერთიანებას კი ორგანიზაციული ფორმა მისცე.
რატომ ვსაუბრობთ ამ საკითხზე?
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა, ამ ეტაპზე, ორივე კანონპროექტს განხილვაზე უარი თქვა, საზოგადოება აგრძელებს მათზე მსჯელობას. დისკუსიის დროს ისმის კითხვა: რას აშავებდა ამგვარი რეგულირება? ამ უზოგადეს კითხვას რამდენიმე არგუმენტით შეიძლება გაეცეს პასუხი. წინამდებარე ტექსტის ამოცანა მათგან ერთ-ერთის, ანტიდემოკრატიულობის, გაშლაა. მკაფიოდ უნდა ითქვას: ამ ინიციატივების სასარგებლო არგუმენტები მარტივად ბათილდება, თუ ჩვენ მათ გულდასმით განვიხილავთ.
რას გულისხმობს დემოკრატია?
უმრავლესობა ისე წარმოაჩენს, თითქოს მხოლოდ იმ ორგანიზაციებს უპირისპირდება, რომლებსაც თავად „მდიდარ ენჯეოებს“ უწოდებს. ცხადია, ამ დაპირისპირებაში ის უსამართლო მეთოდებს მიმართავს, რაც თავისთავად მიუღებელია, მაგრამ, ამაზე ბევრჯერ ითქვა, რის გამოც, მათზე აქ აღარ შევჩერდები. ჩემი ამოცანაა ვაჩვენო, რომ კანონპროექტებს უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა. მინდა მათ ანტიდემოკრატიულ ხასიათზე ვისაუბრო. ანტიდემოკრატიულზე - მისი უფართოესი, იმგვარი გაგებით, რომელიც მოიაზრებს საფრთხეს, რასაც ეს დოკუმენტები ქართული საზოგადოებრივი წყობის ფუნდამენტს უქმნიან.
დემოკრატიის პირველადი დანიშნულება ისეთი სისტემის ფორმირებაა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ამა თუ იმ საკითხის გარშემო, ძალისხმევა გააერთიანონ. ეს პოლიტიკური სისტემა გულისხმობს საერთოზე ფიქრს. საერთო კი ნიშნავს ყველაფერს რაც პირადს მიღმაა, ის რაც მოქალაქეებს ერთმანეთთან გვაკავშირებს, იქნება ეს პრობლემა, თუ წარმატება. რაც ყველას თანაბრად გვეხება, იმის დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა და ყველაზე ხშირად, სწორედ, კოლექტიურად აღსრულდება. კარგი სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს არა მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს, საერთოზე ზრუნვისკენ მიმართონ მოქმედებები, არამედ მხარს უჭერს მას, ახალისებს კიდეც.
რა სამართლებრივი ფორმით არის შესაძლებელი საქართველოში საერთოზე ზრუნვისთვის გაერთიანება?
ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ამგვარი გაერთიანების ერთადერთი გზა არსებობს, ეს ა(ა)იპ-ის დაარსება, მასში გაწევრიანება და საქმიანობაა. ა(ა)იპ შეიძლება ორი ტიპის იყოს, პარტიული და საზოგადოებრივი. პარტიების მიზანი არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლაა. საზოგადოებრივი ორგანიზაციებს კი ეს მიზანი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ისინი ყველა მოქალაქის, ან მისი ნაწილისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ, ამგვარად კი საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობენ. ასეთი გაერთიანებები ბევრი სახის შეიძლება იყოს, სახელოვნებო კლუბებით დაწყებული პროფკავშირებით დამთავრებული, სხვადასხვა ასოციაციების, ანალიტიკური ცენტრების, პლატფორმების, კოლექტივების, კავშირების, კონფედერაციების, ალიანსებისა თუ საზოგადოებების ჩათვლით. თუმცა, ყველას ერთი რამ აერთიანებს, ფორმალურად ა(ა)იპ-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით უნდა დარეგისტრირდეს - საქართველოს საკანონმდებლო სივრცე მათ ერთმანეთისგან არ გარჩევს.
ერთი თვის წინ პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივები თითოეულს თანაბრად შეეხებოდა. ისინი, ცალკეულ გამონაკლისებს ითვალისწინებდა, თუმცა არსებითად მიზანი, ზემოთ ხსენებულიდან უკლებლივ ყველას, რეესტრში ჩაწერასა და საქმიანობაზე უარის თქმას შორის დილემის წინაშე დაყენება, იყო. ეს ორივე მათგანიდან გამომდინარეობდა: პირველ ვარიანტში დილემა ჩნდებოდა უცხოური დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, მეორე კი უფრო შორს მიდიოდა, ამისთვის ფინანსური მხარდაჭერის არსებობასაც არ თვლიდა საჭიროდ. რეგულირების ქვეშ მოექცეოდა ის ორგანიზაციებიც, რომელსაც ტერმინ „ენჯეოს“ ქვეშ მოიაზრებენ ავტორები და „რიონის ხეობის მოძრაობაც“, აგრეთვე ისინიც ვისაც ტრადიციული რეწვის ფორმების პოპულარიზაცია განუზრახავთ და ა.შ., ანუ ნებისმიერი ოფიციალურად არსებული ერთობა.
ამგვარად ორივე კანონპროექტი უპირისპირდებოდა დემოკრატიული ორგანიზების ელემენტარულ ფორმებს, ცდილობდა საერთოზე ზრუნვის საფუძვლები მოერყია.
რა სურს საპარლამენტო უმრავლესობას?
მაშ ასე, რადგან ხელისუფლების ეს იდეა დემოკრატიის ფუნდამენტს ეწინააღმდეგება, ის უფრო შორს მიდის ვიდრე, მის მიერვე ამოჩემებული, რამდენიმე „ენჯეოსთვის“ პრობლემების შექმნაა (რაც თავის მხრივ ასევე მიუღებელია). საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ამოცანა ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირებაა. ამ გზაზე მის მიმართ ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი და ორგანიზებული ძალა საფრთხის შემქმნელია. პირველ რიგის საფრთხეს უკვე არსებული ჯგუფები ქმნიან, ამიტომ საჭიროა მათი განეიტრალება, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ახალი, ზოგადი, ჩარჩოს შექმნა. ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ ისინი იდენტიფიცირებული ყავთ. თუ ეს ასეა, მაშინ მმართველ გუნდს ხომ შეუძლია მარტივად, ინდივიდუალური მიდგომით „გადაჭრას პრობლემა“?
თუმცა საქმე სხვა რამაა. როდესაც ძალაუფლების კონსოლიდაცია გაქვს განზრახული, მაშინ საფრთხეს მხოლოდ ამჟამინდელი ოპონენტი არ ქმნის. საფრთხე იმისგანაც მოდის, ვინც, ჯერ საზოგადოებრივ პროცესებში არ ჩართულა, მეტიც, შეიძლება არც ორგანიზებულა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, ჩაერთოს. სწორედ ამიტომაა საჭირო ახალი ჩარჩო, ახალი ზოგადი ინსტრუმენტი, რომელიც ამას შეუშლის ხელს, წინასწარ დააზღვევს ყველა საფრთხეს. ამიტომაა აუცილებელი კანონით რეგულირება, რადგან კანონია ის რაც მომავლისკენ მიმართულა და იქ წარმოშობილ დაბრკოლებებს აღმოფხვრის.
ამგვარად მმართველი გუნდი საკუთარი მიზნების მიღწევას დემოკრატიულ მექანიზმებზე გადავლით აპირებდა. ის ცდილობდა დემოკრატია უჯრედულ დონეზე დაეზიანებინა, მოეშალა და დისფუნქციური გაეხადა. კოლექტიური წინააღმდეგობის ფორმების დაცემის შემდეგ, უკვე ცალკეულ ინდივიდების ჯერი დგება. როდესაც ადამიანებს არსებითად აღარ შეეძლებათ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, ამ ინტერესების დასაცავად საერთო ძალისხმევის მიმართვა, და როდესაც ისინი მარტოდმარტო აღმოჩნდებიან სახელმწიფო აპარატის წინაშე, მათი დამარცხება ტექნიკის საქმედ იქცევა.
ინდივიდუალურ წინააღმდეგობაზე ბევრი უარს იტყვის, ბევრი უთანასწორო დაპირისპირებას კოლაბორაციას არჩევს. ამათ პარალელურად იქნებიან მამაცი ადამიანები, ვინც ინდივიდუალურ წინააღმდეგობას გასწევენ, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდებიან. ეს მარცხები იქნება შთამბეჭდავი და ამაღელვებელი, იქნებ ზოგიერთი ლამაზიც იყოს, ვიღაცეებს შთააგონებს კიდეც, მაგრამ ყველა მათგანი იქნება მარცხი, არა მხოლოდ ამ ადამიანების, არამედ დემოკრატიის მარცხიც.