სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შექმნის პროგრესულ პოლიტიკას და დემოკრატიულ სისტემას. თუმცა შეუძლია, წინ აღუდგეს ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმების გეგმებს და შეაფერხოს მათი განხორციელება. ამისათვის სასამართლო თავად უნდა იყოს პროგრესული იდეების ერთგული. წინამდებარე სტატიაში სწორედ პროგრესული მართლმსაჯულების შესახებ მოგიყვებით.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ჩვენ გვჭირდება, მეტი ვისაუბროთ სასამართლოს სოციალური ფუნქციისა და სოციალურად მგრძნობიარე მართლმსაჯულების შექმნის გზების შესახებ.
ჩვენი კომენტარი
პროგრესული მართლმსაჯულება მნიშვნელოვნად ცვლის არსებულ წარმოდგენებს დანაშაულზე, სასჯელზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უფლებრივ მდგომარეობაზე. ეს სოციალურად მგრძნობიარე სისტემაა, რომელიც ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკასა და განაწილებითი სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება. მისი შექმნა მოითხოვს ძირეულ განახლებას კანონმდებლობასა და სასამართლო პაქტიკაში.
რა განსხვავებაა მართლმსაჯულების სახეებს შორის?
მართლმსაჯულების რამდენიმე კატეგორიას განარჩევენ, ესენია: პროგრესული, სტატუს ქვო და რეაქციონერული.
- პროგრესივიზმი გამოიხატება [თავის]უფლებებით მოსარგებლე წრის ან თავად თავისუფლების შინაარსის გაფართოებაში. თავისუფლების ეს გაგება მოიცავს კეთილდღეობის ცნებასაც;
- რეაქციონერული მართლმსაჯულება თავისი არსით ანტი-პროგრესულია. ის თავისუფლების იდეას ავიწროებს და მის გამოყენებას შესაძლებელს ხდის ელიტური ჯგუფებისთვის, ე.ი. მათთვის, ვინც წარსულში ამგვარ უფლებებს ექსკლუზიურად ფლობდა;
- ე.წ. სტატუს ქვო მართლმსაჯულება, კანონმდებლობის ინტერპრეტაციისას, ძირითადად, არსებული სოციალური და პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
კიდევ ერთი კლასიფიკაციის მიხედვით, მართლმსაჯულების ბუნება გამომდინარეობს დინამიკური ან შეზღუდული სასამართლოს თავისებურებებისაგან. თუკი დინამიკური სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებასა და სოციალურ პროცესებზე, შეზღუდულ სასამართლოს ამგვარი უნარი არ აქვს. გასათვალისწინებელია მოსაზრებაც, რომ სასამართლოს პოზიტიური გარდაქმნების პოტენციალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც წესი, შეზღუდულია. პროგრესული დღის წესრიგი იქმნება სოციალური მოძრაობებისა და ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკის ფარგლებში, სასამართლოს კი დამხმარე როლი აქვს. მაგალითად, მას შეუძლია დაბრკოლება შეუქმნას ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს.
როგორ მიიღწევა პროგრესული მართლმსაჯულება?
პროგრესული მართლმსაჯულება სისტემის დემოკრატიზაციას და ჰუმანიზაციას გულისხმობს. დემოკრატიზაცია გულისხმობს:
- მრავალმხრივი თანხმობით (პოლიტიკური კონსენსუსით) სასამართლოს დაკომპლექტებას;
- თანასწორ გენდერულ წარმომადგენლობას;
- ხარისხიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას;
- იურიდიული დახმარების გაფართოებას.
ჰუმანიზაცია კი კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში ცვლილებებს მოითხოვს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროგრესულ სამოსამართლო აქტივიზმს.
რა არის სამოსამართლო აქტივიზმი?
პროგრესული სამოსამართლო აქტივიზმი არის მიდგომა და პროცესი, რომელიც უფლებების რეალიზაციას ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის პერსპექტივიდან ხედავს. სასამართლო აქტივიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას, რათა ნაკლები ფინანსური თუ სხვა რესურსების მქონე მოსახლეობის ინტერესები მართლმსაჯულებაში აისახოს. რესურსების თვალსაზრისით სუსტმა, თუმცა ორგანიზებულმა ჯგუფებმა, თუკი მათ მართლმსაჯულებაზე წვდომა გამარტივებული აქვთ, შესაძლოა, სასამართლოს პროგრესული გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგონ. პროგრესული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც სასამართლოს მოქმედების საშუალებას აძლევს (მაგალითად, განსჯადობა). ამგვარი პრაქტიკის განვითარება კი თავის მხრივ უფრო სავარაუდოა მაშინ, როცა სასამართლოზე საპასუხო პოლიტიკური შეტევის ალბათობა მცირეა.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს