პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას?
დეკემბერი 12, 2024

„ქართული ოცნების“ გეგმა 2024 წლის 14 დეკემბერს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევაა. მისი გეგმის მიხედვის ამას არაპირდაპირი წესით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია გააკეთებს.

არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ცესკოა. ის ასევე განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიის დაკომპლექტების ზოგიერთ წესს.

300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, 150 პარლამენტის, 21 აჭარის, ხოლო 20 აფხაზეთის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრია. დარჩენილ 109 წევრს ასახელებენ პარტიები, რომლებიც მათთვის გამოყოფილი კვოტების ფარგლებში, საკრებულოებიდან. ამ კვოტებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმულა განსაზღვრავს, რომელიც 2021 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზეა მიბმული.

რომელ პარტიას რამდენი წევრის დასახელება შეუძლია საარჩევნო კოლეგიაში?

კოლეგიის წევრის დასახელება შეუძლია იმ პარტიას, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მიიღო.

ცესკომ კოლეგიაში დამატებითი კვოტები დაადგინა

ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ცესკომ დამატებითი კვოტები დაადგინა და 55-ვე ადგილი „ქართულ ოცნებას“ გადაეცა.

როგორი იქნება კოლეგიის საბოლოო შემადგენლობა?

11 დეკემბერს ცესკომ საარჩევნო კოლეგიის საბოლოო შემადგენლობა განსაზღვრა, რომელშიც გაითვალისწინა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ცვლილებები.

როგორ აირჩევენ მიხეილ ყაველაშვილს?

პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის ჩასატარებლად საკმარისია კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, ანუ მინიმუმ 151 წევრის დასწრება. პრეზიდენტის ასარჩევი კვორუმი კი სრული შემადგენლობის 2/3, ანუ სულ მცირე 200 წევრის ხმაა.

დღევანდელი მდგომარეობით, 150 დეპუტატიდან „ქართულ ოცნებას“ 89 წევრი ჰყავს პარლამენტში, 13 - აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხოლო 109-ვე წევრს ის საკრებულოებიდან იმატებს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მათ განკარგულებაშია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების დიდი ნაწილი, რომლებიც 90-იანი წლებიდან ახორციელებენ უფლებამოსილებას. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ 300-წევრიან კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 231-მდე წევრი ჰყავს. ამდენად, მას მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პირველ ტურში არ გაუჭირდება.

 


ავტორები:

თამთა წვერაიძე, ნინო კაპანაძე

მასალა მოამზადეს