პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ იკარგება ჩვენი ხმები არჩევნებზე ?
ოქტომბერი 21, 2024

რა შედეგამდე მივალთ, თუ არჩევნებზე არ წავალთ? ან ყველა საარჩევნო სუბიექტს „დავიწუნებთ“, ან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს მივცემთ ხმას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდებით.

რა ნიშნავს აბსენტეიზმი არჩევნებში?

მოქალაქეებს აქვთ უფლება, არჩევნებზე ხმა მისცენ მათთვის მისაღებ სუბიექტებს, თუმცა მათ ასევე შეუძლიათ უარი თქვან ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე. ეს მოვლენა „აბსენტეიზმის“ სახელითაა ცნობილი. გამოყოფენ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის რამდენიმე შემთხვევას: შემთხვევითი (დროის უქონლობა ან სხვა), ხშირი (გარკვეული ტიპის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი) და რეგულარული/სისტემატური (როდესაც არც ერთ არჩევნებზე არ მიდის ამომრჩეველი). ბოლო ორ შემთხვევაში არჩევნებში მისვლაზე უარი არ არის უბრალო პროტესტი, ის გამოხატავს პოლიტიკურ პოზიციას: ეს ადამიანები აკრიტიკებენ ხელისუფლების ყველა ფორმას ამ რადიკალური ნაბიჯით ისე, რომ არ ესახებათ არანაირი პერსპექტივა, თუნდაც თავად წარდგნენ საკუთარი პროგრამით სხვა ამომრჩევლის წინაშე.

ჩვენი კომენტარი

ქართული გამოცდილების გათვალისწინებით, არჩევნებში სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგული ხმების რაოდენობა მთლიანი ამომრჩევლის თითქმის ნახევარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს არჩეული ორგანოს ლეგიტიმაციაზე. თქვენი ხმა იკარგება იმ შემთხვევაში, თუ არ მიხვალთ არჩევნებზე, ან მიხვალთ, მაგრამ არცერთ პარტიას არ გააფერადებთ ბიულეტენზე, ან მონიშნავთ ერთდროულად რამდენიმე პარტიას, ანდა ვერ ირკვევა, ვის სასარგებლოდ გააკეთეთ არჩევანი. ხმა დაიკარგება მაშინაც, თუ ისეთ პარტიას მონიშნავთ, რომელიც საბოლოოდ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს.

როგორ გამოითვლება საპარლამენტო მანდატები საქართველოში

საქართველოს პარლამენტში პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი აღნიშნავს პარტიის მიერ პარლამენტში გაყვანილი დეპუტატების რაოდენობას. გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პარტიები.

რას ნიშნავს არჩევნებზე მიუსვლელობა?

როდესაც მოქალაქეები არ მიდიან არჩევნებზე, მათი რაოდენობა აკლდება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის რიცხვს. შესაბამისად, რაც უფრო ცოტა ადამიანი მიდის არჩევნებზე, მით უფრო მცირეა პროცესში მონაწილე ხმების რაოდენობა, და შედეგად, კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩევლის ხმას ასახავს პარლამენტი.

რას ნიშნავს არჩევნებზე მისვლა, მაგრამ ბიულეტენის „გაფუჭება“?

არსებობს ბიულეტენის გაბათილების რამდენიმე მიზეზი. მათგან ყველაზე ხშირია, როცა ბიულეტენზე:

  • არცერთი პარტია არ არის მონიშნული;
  • რამდენიმე პარტიაა მონიშნული;
  • მკაფიო არ არის, რომელი პარტიაა მონიშნული.

ასეთი ბიულეტენები არ მონაწილეობს მანდატების განაწილებაში.

რას ნიშნავს არჩევნებში ისეთი პარტიის მხარდაჭერა, რომელიც ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს?

თუ ამომრჩეველი ისეთ პარტიას დაუჭერს მხარს, რომელმაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, მისი ხმა დაიკარგება. ეს ხმებიც არ არის გათვალისწინებული მანდატების გამოსათვლელ ფორმულაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამომრჩევლებმა 120 პარლამენტის წევრი პროპორციული წესით აირჩიეს, 30 კი − მაჟორიტარულით. საარჩევნო ბარიერი პროპორციული სისტემისთვის 1% იყო. ამასთან, ამ არჩევნებისთვის მოქმედებდა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები მოაკლდებოდა პროპორციული საარჩევნო სიიდან და განაწილდებოდა პროპორციულად სხვა უკეთესი შედეგის მქონე ბარიერგადალახულ პარტიებსა და ბლოკებზე.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით იმართება. 150 საპარლამენტო მანდატი იმა პარტიებს მათ შორის გადანაწილება რომლებიც 5%-იან საარჩევნო ზღურბლს გადალახავენ. ამ არჩევნებში მაჟორიტარული კომპონენტი არ არის გათვალისიწნებული.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 18-მა პარტიამ წარადგინა საარჩევნო სიები ცესკოში. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო ბიულეტენში ამდენი პარტია იქნება წარმოდგენილი. ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

მასალა მოამზადეს
ნინო კაპანაძე
ნინო კაპანაძე
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი