პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ იცავს მინიმალური ხელფასი დასაქმებულს?
აგვისტო 15, 2022

დაბალი ხელფასები და შრომის არასათანადო ანაზღაურება საქართველოს მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.  ამის მიუხედავად, სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც დასაქმებულს შრომის სამართლიანი ანაზღაურებითა და ღირსეული შემოსავლით უზრუნველყოფს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა სრულად აცდენილია მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 

ჩვენი კომენტარი

აუცილებელია, რომ სახელმწიფომ დროულად გადახედოს მინიმალური ხელფასის ოდენობას და მისი განსაზღვრისას გაითვალისწინოს საარსებო მინიმუმის, საშუალო ხელფასისა და მშპ-ის ოდენობა, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა და დაბალანაზღაურებადი მუშახელის განსაკუთრებული საჭიროებები.

კონტექსტი:

  • 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ყოველთვიური მინიმალური ხელფასის ოდენობად 20 ლარი განისაზღვრა;
  • ამის შემდეგ, მიუხედავად მნიშვნელოვნად შეცვლილი ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლებისა, მინიმალური ხელფასის რაოდენობა არ განახლებულა; 
  • 2020 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად,  მოსახლეობის 48% სრულად, ხოლო 27% ნაწილობრივ უჭერს მხარს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის არსებობას. 

რა უნდა ვიცოდეთ?

  • მინიმალური ხელფასი არის თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
  • ყველაზე გავრცელებულია მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საათობრივად ან თვიურად; 
  • მინიმალური ხელფასის მიზნებია: დასაქმებულის დაცვა უსამართლოდ დაბალი ანაზღაურებისაგან, სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება, დასაქმებულისთვის მოტივაციის ამაღლება და შრომის ბაზრის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

უფრო დეტალურად:

მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება ძირითადად ხდება კანონმდებლობის ან კოლექტიური ხელშეკრულებების მეშვეობით.

  • მაგალითად, გერმანიაში მინიმალური ხელფასი დაწესებულია სპეციალური „მინიმალური ხელფასის შესახებ აქტით“, ხოლო ავსტრიაში მინიმალური ხელფასი კანონით სავალდებულო არ არის, თუმცა სხვადასხვა შრომის ბაზარზე კოლექტიური ხელშეკრულებების მეშვეობით მაინც დგინდება და, ფაქტობრივად, დასაქმებულთა 98-99%-ს მოიცავს.

მინიმალური ხელფასი შეიძლება იყოს უნივერსალური და სექტორული

  • მინიმალური ხელფასი უნივერსალურია, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი დასაქმებულისთვის განსაზღვრულია ანაზღაურების ერთიანი მინიმალური ზღვარი;
  • სექტორული ნიშნავს  განსხვავებულ მინიმალურ ხელფასს სხვადასხვა კატეგორიის შრომის ინდუსტრიისათვის. 

მაგალითად, ირლანდიაში უნივერსალური და სექტორული მინიმალური ხელფასის სისტემა კომბინირებულია.

მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც

  • ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დასაქმებულს სამართლიანი ანაზღაურებით;
  • მეორე მხრივ, უმუშევრად არ ტოვებს დაბალკვალიფიციურ მუშახელს.

საერთაშორისო სტანდარტი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  No 131 კონვენციის მიხედვით, მინიმალური ხელფასის შემუშავებისას გასათვალისწინებელი გარემოებებია:

  • დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების საჭიროებები;
  • ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები;
  • ქვეყანაში საშუალო ხელფასი;
  • სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან მიღებული სარგებელი;
  • ქვეყნის  ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზოგადი ფაქტორები.  
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზურაბ ქარჩავა
ზურაბ ქარჩავა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი