პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პროფესიული კავშირების როგორც ძლიერი სოციალური დაცვის გარანტი
მაისი 8, 2025

შრომით ურთიერთობებში დასაქმებული ხშირად იმყოფება უფრო სუსტ პოზიციაში, რადგან მასზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს დამსაქმებლის ძალაუფლება. ამ უთანასწორობის დასაბალანსებლად მნიშვნელოვანია მშრომელთა ერთობა და სოლიდარობა. პროფკავშირი არის მშრომელების მიერ თავისუფალი ნების საფუძველზე შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც მათ საერთო მიზნებისათვის აერთიანებს. პროფკავშირებში გაწევრიანება აძლიერებს მშრომელებს და ზრდის მათი უფლებების დაცვის ეფექტიანობას.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს თემა?

შრომითი უფლებების დაცვა დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს საფუძველია. საქართველოში, სადაც შრომითი ბაზარი არასტაბილურია და დასაქმებულთა სოციალური გარანტიები სუსტია, პროფესიული კავშირები ხშირად რჩება ერთადერთ ინსტიტუციად, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა კოორდინირებულ მოქმედებას მათი უფლებების დასაცავად. თუმცა მათი რეალური ძალა და გავლენა საკმარისად ძლიერი არ არის არსებულ გამოწვევებთან, რაც მათ როლის გააქტიურებას და ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერებას  მნიშვნელოვნად აქცევს. საქართველოში არსებობს მაგალითები, როდესაც დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებმა შრომითი უფლებების გაუმჯობესება შეძლეს. მაგალითად, სოციალური მუშაკებისა და მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებული გაფიცვები, რომლებშიც პროფკავშირები მნიშვნელოვან მხარდამჭერ როლს ასრულებდნენ.

ჩვენი კომენტარი:

საქართველოს შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკაში სრულად ვერ ხორციელდება, ამიტომ დასაქმებულების თვითორგანიზება და გაერთიანება აუცილებელია უფლებების დასაცავად. დამოუკიდებელი პროფკავშირები ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს ღირსეული შრომის გარემოს დამკვიდრებას. სოციალური კეთილდღეობისათვის კი გადამწყვეტია ორმხრივი და სამმხრივი დიალოგის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას, პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას.

რატომ გვჭირდება პროფკავშირები?

პროფკავშირები არა მხოლოდ ცალკეული შრომითი უფლებების დაცვის ინსტრუმენტია, არამედ სისტემური ზეწოლის საშუალებაა სახელმწიფოსა და დამსაქმებლებზე. ისინი უზრუნველყოფენ მოლაპარაკების ძალას, ამაღლებენ მინიმალურ სოციალურ სტანდარტებს, ხელს უწყობენ შრომის პირობების გაუმჯობესებას და საჯარო პოლიტიკის რეფორმირებას. ქვეყნები, სადაც პროფკავშირები ძლიერია, ხშირად გამოირჩევიან დაბალი უთანასწორობით, მაღალი ანაზღაურებით და სტაბილური შრომის ბაზრით. კეთილდღეობის სახელმწიფოს შესაქმნელად პროფესიული გაერთიანებების არსებობა მნიშვნელოვანია.

რას გვიჩვენებს „კომენტარის“ კვლევა?

2024 წლის კვლევა „შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები“ ადასტურებს, რომ პროფესიული კავშირების არსებობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საქართველოში. რესპონდენტების აზრით, პროფკავშირების შესაძლებლობები შეზღუდულია როგორც ინსტიტუციური, ისე კულტურული თვალსაზრისით. დასაქმებულები ხშირად არ არიან ინფორმირებულნი პროფკავშირების უფლებამოსილებების შესახებ, რაც ამცირებს მათ მოტივაციას გაწევრიანდნენ. ასევე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან, სოციალური დიალოგის მნიშვნელობა, არ არის სათანადოდ დანახული და პირიქით ხშირად პროფესიული კავშირების დისკრედიტაცია ხდება. პროფესიული კავშირების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გატარდეს, რადგან ეს პრობლემა აღმოიფხვრას.

საქართველოს კანონმდებლობა და პროფკავშირები

საქართველოს შრომის კოდექსი პროფესიულ კავშირებს უზრუნველყოფს კანონით მინიჭებული უფლებებით, თუმცა პრაქტიკაში მექანიზმები, რომლებიც ამ უფლებებს რეალიზებას უნდა უწევდეს, ან სუსტია ან საერთოდ არ მუშაობს. მაგალითად, კოლექტიური მოლაპარაკებების ვალდებულება იშვიათად სრულდება. არ არსებობს ეფექტიანი სანქციები დამსაქმებელთა მხრიდან პროფკავშირის უფლებების დარღვევისთვის. გარდა ამისა, პროფკავშირების რეგისტრაციის, წარმომადგენლობის დადგენის ან გაფიცვის კანონები ხშირად არაერთმნიშვნელოვნად არის რეგულირებული, რაც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას დამსაქმებელთა სასარგებლოდ.

საერთაშორისო რეკომენდაციები და ადგილობრივი გამოწვევები

საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს რეკომენდაციები აღნიშნავს, რომ პროფკავშირების გაძლიერება სახელმწიფოს ვალდებულებაა. საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული ILO-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი კონვენცია (მაგალითად, კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტიანობის უზრუნველყოფის თაობაზე). პროფესიული კავშირების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფო მხოლოდ დეკლარაციულად იცავს მათ უფლებებს, ხოლო პრაქტიკულ დონეზე არა. ნაკლებად ხდება  პროფკავშირების წარმომადგენლების ჩართვა საკანონმდებლო პროცესებში, მათი წარმომადგენლობა შრომის ინსპექციაში მინიმალურია და ფინანსური მხარდაჭერა არ არსებობს ან მწირია.

შესაბამისად, პროფკავშირების გაძლიერებისთვის აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:
სახელმწიფოს მხარდაჭერა: სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა აღიაროს და გააძლიეროს პროფესიული კავშირების როლი, უზრუნველყოს მათი ეფექტიანობა და დაინტერესდეს კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესით.

  • საჭიროა მშრომელთა ინფორმირებულობის გაზრდა პროფკავშირების ფუნქციების, მათი როლისა და სარგებლის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ნდობის გაღრმავებას.
  • ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა: აუცილებელია ახალ ორგანიზაციების ჩამოყალიბება და არსებული პროფკავშირების შესაძლებლობების განვითარება.
  • სოციალური დიალოგი: სოციალური დიალოგის მექანიზმების გაუმჯობესება საწარმოო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
  • სამმხრივი კომისიის რეფორმა: კომისიის ეფექტიანობის გაზრდა და „ყველაზე წარმომადგენლობითობის“ პრინციპის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველა კავშირის ინტერესების გათვალისწინებას.

ეს ცვლილებები, საქართველოში,  ხელს შეუწყობს შრომითი პირობების გაუმჯობესებას და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, ყოველივე ეს განაპირობებს მშრომელთათვის უფრო ძლიერ სოციალურ დაცვას.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი