პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ იცავს მინიმალური ხელფასი მოქალაქეს ევროკავშირში?
აგვისტო 15, 2022

მინიმალური ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებულის სიღარიბისგან დაცვისა და სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასა და შიდა სტანდარტებს თანდათან უნდა დაუახლოვდეს. 
  • ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე კი დავინახავთ, როგორ არის უზრუნველყოფილი მინიმალური ხელფასი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ჩვენი კომენტარი

  • საქართველომ უნდა გადახედოს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას იმგვარად, რომ რეალურად გააუმჯობესოს მუშახელის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
  • იხელმძღვანელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, ასევე გაითვალისწინოს ადგილობრივი სოციო-ეკონომიკური კონტექსტი

კონტექსტი:

  • საქართველოში 1999 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა არ შეესაბამება თანამედროვე შრომის ბაზარსა და მშრომელის რეალურ საჭიროებებს;
  • საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს (CoE) ადამიანის უფლებათა კომისრის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მინიმალური ხელფასის დაწესებას. 

რა უნდა ვიცოდეთ?

  • ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 21 ქვეყანაში უნივერსალური მინიმალური ხელფასი კანონმდებლობით არის შემოღებული;
  • დანარჩენ ექვს ქვეყანაში „დე ფაქტო“ სექტორული მინიმალური ხელფასი მოქმედებს და იგი კოლექტიური ხელშეკრულებებით, პროფესიული კავშირების, დამსაქმებლების და სახელმწიფო ორგანოების ჩართულობით დგინდება სხვადასხვა ინდუსტრიაში. ეს ქვეყნებია: ავსტრია, დანია, კვიპროსი, ფინეთი, შვედეთი, იტალია. 

ქვეყნების ნაწილში გაერთიანებულია როგორც უნივერსალური მინიმალური ხელფასი და სექტორული მინიმალური ხელფასი, ასევე კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულებების სისტემა. მაგალითად

  • ბელგიაში შემოღებულია უნივერსალური მინიმალური ხელფასი, თუმცა კოლექტიური ხელშეკრულებებით შეიძლება დადგინდეს შედარებით მაღალი რაოდენობის მინიმალური ხელფასი კონკრეტული ინდუსტრიებისთვის;
  • ირლანდიაში ეროვნულ მინიმალურ ხელფასთან ერთად ზოგიერთი სექტორისთვის განსხვავებული ოდენობის მინიმალური ხელფასი კანონმდებლობითვეა გათვალისწინებული; 
  • კვიპროსში არ არსებობს უნივერსალური მინიმალური ხელფასი, თუმცა სექტორული მინიმალური ხელფასი დადგენილია სასტუმროების ინდუსტრიაში, მომსახურების სფეროში და რამდენიმე სხვა სექტორში დასაქმებული მუშახელისთვის.

უფრო დეტალურად

ევროკავშირში უფლება მინიმალურ ხელფასზე „სოციალური უფლებების ევროპული სვეტის“ მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს, რომელიც მიუთითებს, რომ დასაქმებულებმა უნდა მიიღონ შრომის სათანადო, ღირსეული ანაზღაურება.

  • უშუალოდ მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი ქვეყნების უფლებამოსილებაა;
  • სწორედ ამიტომ, ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების ხარჯების მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობა წევრ ქვეყნებში მნიშვნელოვნად განსხვავდება; 
  • ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ( 363 ევრო თვეში) ბულგარეთშია, ხოლო ყველაზე მაღალი - ლუქსემბურგში (2313 ევრო თვეში). 

საბოლოო ჯამში, მინიმალური ხელფასის ოდენობის მიხედვით გამოიყოფა ქვეყნების სამი ჯგუფი:

  1. მინიმალური ხელფასი 1500 ევროზე მაღალია ლუქსემბურგში, ბელგიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და საფრანგეთში. 
  2. 1000-დან 1500 ევრომდე მერყეობს ესპანეთსა და სლოვენიაში. 
  3. 1000 ევროზე დაბალია პორტუგალიაში, საბერძნეთში, მალტაში, ლიეტუვაში, ჩეხეთში, ესტონეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ხორვატიაში, უნგრეთში, რუმინეთში, ლატვიასა და ბულგარეთში. 

სამომავლო პერსპექტივა

მშრომელის ანაზღაურებისა და ღირსეული მინიმალური ხელფასის უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის ივნისში მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ევროკომისიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების მიერ მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ნათელი კრიტერიუმების შემუშავებას.

  • ადეკვატური შეფასებისთვის სასურველია, რომ ქვეყნებმა იხელმძღვანელონ სამომხმარებლო კალათის რეალური ფასებით და საორიენტაციო ნიშნულად აიღონ ქვეყანაში საშუალო ხელფასის 50-60%;
  • ინიციატივის ძალაში შესასვლელად მას ევროპარლამენტმა ფორმალურად უნდა დაუჭიროს მხარი, თუმცა უკვე სარგებლობს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტარების ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით. 
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზურაბ ქარჩავა
ზურაბ ქარჩავა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი