პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორია საოჯახო მშრომელების სოციალური დაცვის საერთაშორისო სტანდარტი?
ოქტომბერი 12, 2022

საქართველოში ძიძების, დამლაგებლების, მზრუნველების და საოჯახო სამუშაოში ჩართული ადამიანების ადამიანების შრომის უფლებები კანონით არ რეგულირდება. ეს პრობლემაა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორია საოჯახო მშრომელების სოციალური დაცვის საერთაშორისო გამოცდილება და მინიმალური სტანდარტები, რათა ჩვენმა ძიძებმა, დამლაგებლებმა, ოჯახში დამხმარეებმა ისინი საკუთარ ქვეყანაშიც მოითხოვონ.

ჩვენი კომენტარი: 

აუცილებელია, საქართველოს შრომით კანონმდებლობაში განისაზღვროს საოჯახო შრომის დეფინიცია, რათა ქვეყანაში შეიქმნას საოჯახო მშრომელთა სოციალური დაცვის საბაზისო მექანიზმები და მათ შეძლონ  იმ უფლებებითა და ბენეფიტებით სარგებლობა, რომლებიც განსაზღვრულია სხვა დასაქმებულთათვის. 

რა უნდა ვიცოდეთ?

  • დღეს მოქმედი საერთაშორისო სტანდარტის ძირითადი მიზანი საოჯახო მშრომელების სოციალური დაცვის სხვა მშრომელებთან გათანაბრებაა;
  • ეს გათვალისწინებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 189-ე კონვენციაში, რომელიც ეკონომიკაში საოჯახო მშრომელთა როლის მნიშვნელობაზე საუბრობს; 
  • კონვენცია განსაზღვრავს საშინაო მშრომელთა უფლებებს;
  • ეს კონვენცია ხელმომწერი სახელმწიფოებისათვის ერთგვარი გზამკვლევია, რათა მათ დაიცვან საშინაო შრომაში ჩართული ადამიანების ელემენტარული, საბაზისო უფლებები.

ტერმინები:

  • საოჯახო შრომა არის სამუშაო, რომელიც სრულდება ოჯახში ან შინამეურნეობაში;
  • საოჯახო მშრომელი (ოჯახში დასაქმებული პირი/domestic worker) არის პირი, რომელიც შრომითი ურთიერთობების ფარგლებში შრომობს ოჯახში.

კონვენცია განმარტავს, რომ საოჯახო მშრომელები საშუალებას აძლევენ ოჯახებს, მონაწილეობდნენ შრომის ბაზარზე და ჩაერთონ სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაში. შესაბამისად, ისინი სხვა მშრომელთა მსგავსად უნდა იყვნენ დაცულნი.

უფრო დეტალურად:

გათანაბრების ეს მექანიზმები სოციალური დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრულ 9 პუნქტს ეფუძნება:

  • სამედიცინო დაზღვევა, 
  • ავადმყოფობის ცნობა (ბიულეტინი),
  • უმუშევრობის შემწეობა,
  • საპენსიო ბენეფიტი, 
  • საწარმოო ტრავმის ან დასაქმებისას დაშავების კომპენსაცია,
  • ოჯახის შემწეობა (ბავშვებზე);
  • დეკრეტული შვებულება;
  • შშმ შემწეობა,
  • მარჩენალდაკარგულის შემწეობა. 

მნიშვნელოვანია, რომ საოჯახო მშრომელებს შეეძლოთ, ისარგებლონ დასაქმებულთა ზემოთჩამოთვლილი უფლებებითა და ბენეფიტებით. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის საოჯახო მშრომელთა სოციალური დაცვა განსხვავდება სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორი შრომის კანონმდებლობა, სოციალური დაცვის სისტემა და ბენეფიტები აქვთ მათ დანარჩენი დასაქმებულებისათვის. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საოჯახო მშრომელთა მდგომარეობას ართულებს არა მხოლოდ ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობის მიღმა დარჩენა, არამედ თავად ამ კანონმდებლობის ხასიათი და აღსრულების პრობლემა, ვინაიდან ზემოთ მოყვანილი 9 საბაზისო სოციალური ბენეფიტით საქართველოში ხშირად ფორმალურად დასაქმებულებიც ვერ სარგებლობენ. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
თეკლა ზუხბა
თეკლა ზუხბა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი