ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა საპენსიო მოდელი მოქმედებს, თუმცა მათ აერთიანებს თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპი, ეს კი ღირსეულ პენსიას უზრუნველყოფს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ევროპული გამოცდილება მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ, თუ როგორი საპენსიო მოდელების დანერგვაა შესაძლებელი საქართველოში.
ჩვენი კომენტარი?
ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ საჯარო საპენსიო სვეტები ღირსეული პენსიის გასაცემად გადამწყვეტი მექანიზმია. უნივერსალური თუ პროფესიული საჯარო საპენსიო სქემები თაობათაშორისი სოლიდარობის ფუნქციას ასრულებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
- თაობათაშორისი სოლიდარობა - როდესაც ყოველი შემდეგი თაობა აფინანსებს წინა თაობის ღირსეულ სიბერეს. ეს გამოიხატება როგორც მშრომელების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიდან საბაზისო პენსიის დაფინანსებაში, ისე დაგროვებით, პროფესიულ საპენსიო სქემაში. მშრომელები სპეციალურ საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანს საკუთარი ხელფასიდან იხდიან, რომელსაც დამსაქმებლის შენატანიც ემატება;
- ჩანაცვლების კოეფიციენტი არის საშუალო პენსიის შეფარდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან;
-
- საბაზისო სვეტი გასცემს ფიქსირებულ პენსიას ყველასთვის, იგი, ძირითადად, სოციალური შემწეობის ფუნქციას ასრულებს;
- სოციალური დაზღვევის/პროფესიული/PAYG სვეტები გასცემს მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტის პენსიებს ინდივიდუალური შრომის სტაჟისა და საშუალო ანაზღაურების გამოთვლის მიხედვით;
- კერძო სქემები არის, ძირითადად, ნებაყოფლობითი, ინდივიდუალური დაგროვების სქემები, რომლებიც მხოლოდ საჯარო სვეტების შემდეგ მოდის ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში.
შედეგად:
- არცერთი ხანდაზმული არ ცხოვრობს სიღარიბეში;
- ფასდება თითოეული მოქალაქის შრომითი გამოცდილება ;
- რჩება ინდივიდუალური დანაზოგის შესაძლებლობა.
უფრო დეტალურად:
ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, დანია, ბულგარეთი, რუმინეთი - ნულოვან, ან პირველ სვეტად მოქმედებს საბაზისო პენსია, მეორე სვეტად კი სოციალური დაზღვევის/PAYG სქემები.
- დამსაქმებლისა და დასაქმებულის კონტრიბუციაზე დაფუძნებული საჯარო სისტემა უზრუნველყოფს გადანაწილებას როგორც თაობათა შორის, ისე მშრომელებსა და დამსაქმებლებს შორის.
მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, საპენსიო ფონდებში დამსაქმებლის კონტრიბუცია გაცილებით მაღალია, ვიდრე დასაქმებულის შენატანი. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ჩეხეთსა და ესპანეთში, დამსაქმებლის კონტრიბუცია სამჯერ ამ მეტჯერ უფრო მაღალია მშრომელის შენატანზე.
მნიშვნელოვანია, რომ თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპით მოქმედი საპენსიო ფონდები ითვალისწინებს დამატებით, სხვადასხვა სოციალური დაცვის მექანიზმებს.
- მაგალითად, თუ პენსიონერს შრომის პერიოდში ჰქონდა დაბალი ანაზღაურება ან/და დროებითი უმუშევრობის პერიოდები, თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული ფონდი საშუალებას იძლევა, მას დაუბალანსდეს ეს წყვეტები. მისი პენსიის გამოთვლის ფორმულაში იზრდება კოეფიციენტი, რომელზეც შრომის წლების რაოდენობა და საშუალო ანაზღაურება გამრავლდება.