ასაკობრივი პენსიის მიზანია, მოხუცებულობა სიღარიბეში არ გავატაროთ. ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა:
პენსიის საკითხი ყველას გვეხება, რადგან ან უკვე ვართ, ან მომავალში ვიქნებით პენსიონერი, გარდა ამისა, ყველას გვყავს ხანდაზმული მშობლები, ნათესავები თუ ახლობლები. საპენსიო სისტემა კი საქართველოში მოუწესრიგებელია.
ჩვენი კომენტარი:
საქართველოს დღეს მწვავედ აწუხებს მოხუცთა სიღარიბე და უთანასწორობა სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს არასაკმარისი საბაზისო პენსია და ახალი საპენსიო სქემის კონტექსტთან შეუსაბამობა თუ ხარვეზები.
რა უნდა ვიცოდეთ?
- ღირსეული (ეფექტური) პენსია იზომება იმით, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს, შეინარჩუნოს ცხოვრების საშუალო, პენსიამდელი სტანდარტი პენსიაზე გასვლის შემდეგ.
- ანუ, როგორ თანაფარდობაშია პენსია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან.
- ეს ინდიკატორი ევროკავშირში დღეს საშუალოდ 78%-მდეა, საქართველოში კი მხოლოდ 19%-ია.
დღეს, ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემები, რომლებიც ეყრდნობა როგორც სავალდებულო - საჯარო პენსიების, ისე ნებაყოფლობითი - კერძო დაგროვების სქემებს. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კომბინაციითა და სახით გვხვდება, თუმცა, მრავალსვეტიანობის იდეა სამი ძირითადი პრინციპის მუშაობას ეფუძნება:
- საბაზისო, უნივერსალური დაფარვის პენსია - ფიქსირებული თანხა, რომელსაც სახელმწიფო გასცემს ქვეყანაში ცხოვრებისა და მოქალაქეობის საფუძველზე;
- დაგროვებითი პროფესიული საპენსიო სქემა - შრომის ხანგრძლივობისა და სტაჟის მიხედვით დაანგარიშებული პენსია. მას სპეციალური საპენსიო ფონდის მეშვეობით სახელმწიფო გასცემს, საპენსიო ფონდს კი მშრომელები და დამსაქმებლები ავსებენ;
- დაგროვებით კერძო საპენსიო სქემა - ნებაყოფლობითი, ინდივიდუალური დაგროვების სისტემა, რომელიც ჰგავს საბანკო ანაბარს, სადაც შეგიძლია დამატებით დააგროვო თანხა დარიცხული საპროცენტო სარგებელით.
უფრო დეტალურად: არსებობს მსოფლიო ბანკისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მრავალსვეტიანი საპენსიო მოდელების სტანდარტები, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციების სვეტებად ალაგებენ ამ სამ ძირითად პრინციპს.
სოციალური დაზღვევის/პროფესიულ პენსიებსა და კერძო/ინდივიდუალურ სადაზღვევო სქემებს შორის მთავარი განსხვავება შენატანების პრინციპსა და გამოანგარიშების ფორმულაშია.
- პირველ შემთხვევაში, მშრომელებისა და დამსაქმებლების მიერ განხორციელებული შენატანებით გაიცემა განსაზღვრული სარგებელი, რომელიც დაანგარიშებულია პენსიონერის შრომის დამსახურებისა და ანაზღაურების მიხედვით.
- კერძო, დაგროვებითი საპენსიო სქემის შემთხვევაში კი განსაზღვრული მხოლოდ ინდივიდუალური შენატანია. განსაზღვრული კონტრიბუცია პენსიონერს მხოლოდ მის მიერ შენახულ თანხას დაუბრუნებს, დარიცხული საპროცენტო სარგებელით.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპენსიო სისტემა მხოლოდ საბაზისო პენსიას და კერძო დაგროვების პრინციპზე დაფუძნებულ სვეტს ეფუძნება და მასში გამოტოვებულია თაობათაშორისი სოლიდარობის სქემა, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს, სადაც ღირსეული პენსია გაიცემა.