საქართველოში, ბოლო დროის შემაშფოთებელი ცვლილებების ფონზე, წარდგენილია კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც საპენსიო სააგენტოს ფუნქციებსა და მმართველობის ფორმაში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. ეს ცვლილებები ორი მთავარი საკითხის ირგვლივ ერთიანდება – ინვესტიციების შესაძლებლობა და სააგენტოს მმართველობა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს?
ინიციირებული ცვლილებების თანახმად, საპენსიო სააგენტო, რომელსაც მომავალში საპენსიო ფონდი ეწოდება, შეძლებს სხვადასხვა პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას უფრო გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობებით, ვიდრე ამას კანონის ბოლო რედაქცია (2023 წლის 16 ნოემბერი) ითვალისწინებდა. აქ მოიაზრება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, როგორიც შეიძლება იყოს მაგ. ნამოხვანის ან ხუდონ ჰესი. ამასთან, ინიციატივით გაუქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები და მათ მმართველობითი საბჭო ჩაანაცვლებს.
ჩვენი კომენტარი
საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილებები ავტორიტარიზმის და განვითარების პოლიტიკის კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ვაკვირდებით რა, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობებს საქართველოში, დამატებითი ფულადი რესურსის ფაქტობრივად მთავრობის განკარგვაში გადასვლა, გარკვეული პროექტების დასაფინანსებლად, კიდევ უფრო გააძლიერებს ხელისუფლების ძალაუფლებას.
რა იცვლება?
კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტი აწესრიგებს საპენსიო აქტივების ინვესტირებას და მათ წილობრივ გადანაწილებას საპენსიო პორტფელების რისკიანობის მიხედვით. თუ აქამდე დაბალრისკიან პორტფელში მობილიზებული თანხის ინვესტირება სხვა აქტივებში დაშვებული არ იყო, ახალი ინიციატივით საპენსიო ფონდი შეძლებს ამ თანხის 15% სხვა აქტივებში განათავსოს. ამასთან, გაზრდილია საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელებიდან სხვა აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობა, შესაბამისად 20%-მდე და 25%-მდე. თუმცა, საპენსიო ფონდის ინვესტიციები, მოცემულ პროექტში, ჯამური ინვესტიციის 20%-ს არ უნდა აჭარბებდეს. საპენსიო ფონდი ამ პროექტებში თანაინვესტორის სახით მოგვევლინება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად.
ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პარალელურად იცვლება საპენსიო სააგენტოს მმართველობის სტრუქტურაც. საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებს მმართველობითი საბჭო ჩაანაცვლებს, რომელიც არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრს გააერთიანებს. „რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში 1 წევრი წარმოადგენს თანამდებობრივ წევრს, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.„ (მუხლი 9). მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს აირჩევს სპეციალური კომისია და დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიერ მინისტრს, 5 წლის ვადით.
ამრიგად, საპენსიო ფონდის მმართველობის და მათ შორის ინვესტიციების პოლიტიკის განსაზღვრის სადავეები მთავრობის ხელში გადავა. არსებული ხელისუფლების პირობებში, საინვესტიციო საბჭოს გაუქმება და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სამთავრობო ძალების გავლენის ზრდა კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს საპენსიო დანაზოგს. მართალია, საქართველოს ეროვნული ბანკი არეგულირებს საპენსიო სააგენტოს, მაგრამ მოცემულ ძალაუფლებრივ გადანაწილებაში, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ეროვნული ბანკის მთავრობისგან დამოუკიდებლობაც, ბუნდოვანი რჩება მისი მიმართება საპენსიო ფონდის საქმიანობასთან.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ამოღებული იქნება კანონის 29-ე მუხლი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან შესაძლებლობას აძლევდა საპენსიო დანაზოგის მფლობელებს მათი შენატანები აქტივების მმართველ სხვა კომპანიაში გადაეტანათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა დანაზოგი საპენსიო ფონდში დარჩება.
უფრო დეტალურად
დღეს, საპენსიო სააგენტოში 1.5 მლნ ადამიანის 4,8 მლრდ. ლარამდე საპენსიო დანაზოგია მობილიზებული და ეს თანხა მუდმივად მზარდია. ამა თუ იმ ჰესის, გზის თუ პორტის თანადაფინანსება ეროვნული კაპიტალით, მთავრობას პირდაპირ თუ ირიბად შესაძლებლობას მისცემს პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინოს მისი დამსახურება და იამაყოს ეკონომიკური ზრდით. ბოლო წლების გამოცდილებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მაგ. ახალი ჰესის მშენებლობის წამოწყება კვლავ სახალხო წინააღმდეგობას შეეჯახება. თუმცა, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩაახშოს ამგვარი წინააღმდეგობები და მოასუფთაოს ველი მთავრობის გადაწყვეტილებების განსახორციელებლად.
ავტორიტარიზმის გაძლიერებასთან ერთად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ ეხმიანება საქართველოს ბოლოდროინდელ განვითარების პოლიტიკას, რომელიც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დგას. კერძო კაპიტალის მოზიდვით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება კი განვითარების გლობალური დისკურსის და პოლიტიკის ნაწილია. 2017 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად მოუწოდებენ მთავრობებს, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთში, დააზღვიონ კერძო კაპიტალის ფისკალური თუ პოლიტიკური რისკები და განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები. „ამის მიზეზია გლობალური ინვესტორების მტკიცება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნახევარზე მეტს, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთში, მოგება არ მოაქვს“.
საქართველოც სწორედ ამ ტიპის რისკების დამზღვევ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. საპენსიო ფონდიდან ე.წ. განვითარების პროექტებში მოსალოდნელი ინვესტირება კი შეიძლება დავინახოთ, როგორც კერძო კაპიტალის მოზიდვის და პროექტის რისკების დაზღვევის გარანტიის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ცხადად არის მითითებული რომ საპენსიო სააგენტოს კანონის ცვლილების შემუშავებაში ჩართული იყო მაგ. აზიის განვითარების ბანკის ექსპერტთა ჯგუფი. აზიის განვითარების ბანკი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული საპენსიო რეფორმაში და მათი ერთ-ერთი მოტივი სწორედ კერძო სექტორის დაფინანსების მობილიზაცია წარმოადგენდა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გრძელვადიანი ინვესტიციების მოსაზიდად.
ამრიგად, ახლებური საპენსიო ფონდის საშუალებით, ქართული სახელმწიფო არამხოლოდ კაპიტალის მთავარ გარანტორად მოგვევლინება, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც ჩვენდაუნებურად გავხდებით ისეთი პროექტების თანაინვესტორები, რომელთა განხორციელებასაც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ვეწინააღმდეგებოდით. თუმცა, „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ არსებული სახალხო წინააღმდეგობის ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ პოზიციონირდებიან საერთაშორისო განვითარების ბანკები - კვლავ გააგრძელებენ საქართველოსთან თანამშრომლობას თუ უარს ეტყვიან მთავრობას სესხების გაცემაზე.
დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომლის მთავრობაც ქვეყნის განვითარების მიზნებს საზოგადოებრივ კონსენსუსს და სარგებელს აფუძნებს, და სახალხო ნდობით სარგებლობს, იქნებ არც კი ყოფილიყო პენსიის შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილება საგანგაშო. თუმცა, მოცემულ კონტექსტში, როცა ხალხი და მთავრობა იმაზეც კი ვერ შეთანხმებულა რას ნიშნავს განვითარება ან დემოკრატია და სულ უფრო იზრდება სახალხო წინააღმდეგობა ფსევდოგანვითარების პროექტების და ავტორიტარიზმის მიმართ, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ გააძლიერებს მთავრობის ძალაუფლებრივ პოზიციას ამ მზარდ დაპირისპირებაში.