სახელმწიფო ახალგაზრდების გასაძლიერებლად სხვადასხვა სტრატეგიას გეგმავს, ახალგაზრდებისთვის კი ეკონომიკური პრობლემები მაინც მთავარი გამოწვევაა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
სახელმწიფო პროგრამებზე, ბევრ ახალგაზრდას ინფორმაცია არ აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რას აკეთებს სახელმწიფო ამ პრობლემის გადასაჭრელად და არის თუ არა თანხვედრაში მისი ძალისხმევა ევროპულ გამოცდილებასთან.
ჩვენი კომენტარი
სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება, არ არის საკმარისი მათი პრობლემების აღმოფხვრისა და გაუმჯობესებისთვის. ახალგაზრდების აღქმები არ ემთხვევა პროგრამის მიზნად დასახულ შედეგებს, ხოლო რიცხვითი მაჩვენებლები მცირედით უმჯობესდება, თუმცა ვერ აღწევს ევროპის ქვეყნების ნიშნულს. სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი სტრატეგია ახალგაზრდების გაძლიერებისთვის და ის ფრაგმენტულად და ფორმალურად ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების გააქტიურებასთან ერთად, ახალგაზრდები ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფად გამოიკვეთა. 2013 წლის სტრატეგიული დოკუმენტებიდან იწყება საუბარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. აქვე გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ახალგაზრდები ძირითადად „მეორად შრომის ბაზარზე“ არიან დასაქმებულები, რაც ნიშნავს ნაკლებ სტაბილურობას, ხელფასს, სოციალურ გარანტიას და ნაკლები კომპეტენციის საჭიროებას. ამის შემდეგ, ყოველწლიურად ისახება გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. მათ შორისაა პროფესიული განათლების, ტრენინგების, სტაჟირებისა და სხვა ტიპის ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამა.
რა კეთდება ახალგაზრდების უმუშევრობის შესამცირებლად სახელმწიფო დონეზე?
პირველ რიგში, დოკუმენტებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროფესიული განათლების განვითარებაზე − სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სწავლის გადასახადი, პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა პროფესიული სასწავლებელს და პროფესიას, თუმცა, პროფესიული სასწავლებელი მაინც ვერ გახდა პოპულარული ახალგაზრდებისთვის. როგორ აფასებენ კურსდამთავრებულები პროფესიულ დაწესებულებაში მიღებულ განათლებას? მათი 52% ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებელი არ დაეხმარა პროფესიით დასაქმებაში და მხოლოდ 22% აფასებს მას დადებითად. ასევე, ის პროფესიები, რომელთაც პროფესიულ სასწავლებლებში ასწავლიან, ძირითადად, არ მოიცავს მაღალანაზღაურებად სფეროებს.
ამის გარდა, არსებობს ახალგაზრდების დასაქმებისა და გადამზადების სხვა პროგრამებიც. 2020 წლიდან დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის პარალელურად, ეს საკითხი მისი დაქვემდებარების ქვეშაა. 2022 წლიდან კი სახელმწიფო უზრუნველყოფს 16-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს (დევნილები, სოც. დაუცველები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები ან ზრუნვიდან გასულები) შრომის ანაზღაურების 50%-იანი თანადაფინანსებას, არაუმეტეს 3 თვისა, 560 ლარის ფარგლებში. ასევე, სტრატეგიაში მუდმივადაა ბენეფიციარების ტრენინგები თუ გადამზადება. სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას თან ახლავს ბუნდოვანება და საჯაროობის არარსებობა, რადგან არ ცხადდება პროექტებში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი და მიღწევები.
კიდევ ერთი მიდგომა, რომელსაც სახელმწიფო ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახორციელებს, არის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა. ეს პროგრამა მოიცავდა 6 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში. თუმცა, პროგრამის შეფასებისას, სტუდენტები ამბობენ, რომ მიმართვიანობა არ იყო მაღალი მისი ადმინისტრირების დაბალი ხარისხის გამო. 2024 წლიდან კი დაანონსდა სახელმწიფო სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამა, რაც, ერთი მხრივ, პოზიტიური ფაქტია, თუმცა, მეორე მხრივ, თუ სტაჟირების პროგრამის ხარისხი არ გაუმჯობესდა, 4 თვიანი 500 ლარიანი ანაზღაურება ვერ შეძლებს სტუდენტის ვერც ეკონომიკური მდგომარეობის და ვერც შრომის ბაზარზე შეყვანის ხელშეწყობას.
რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდების გამოწვევების დასაძლევად?
ახალგაზრდების ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია კარგი განათლება და შემდეგ ამ განათლების გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა, სახელმწიფოს მხრიდან განათლება და დასაქმება ერთიან პროცესად იყოს წარმოდგენილი. ევროკავშირის ქვეყნების მაგალითი მოწმობს, რომ ერთიანი, სისტემური მიდგომა და არა ცალკეული პროგრამები, შეიძლება იყოს გამოსავალი. შესაბამისად:
- სახელმწიფომ, გარდა საკუთარი როლის დანახვისა, დასაქმების ბაზარზე უნდა დაინახოს კერძო სექტორის პასუხისმგებლობაც. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩართოს პროცესებში. ერთი მხრივ, ხელფასის სუბსიდიის პრაქტიკა არსებობს, თუმცა ამ მხრივ მუშაობა მეტად უნდა გააქტიურდეს. საქართველოში უნდა დაინერგოს ევროპაში არსებული გამოცდილება და ხელი შეეწყოს მეტი პარტნიორის მოზიდვას, რათა შესაძლებელი გახდეს დასაქმების და ახალგაზრდების ხელშეწყობის ევროპული მოდელის საქართველოში ინტეგრირება.
- შემუშავდეს ერთიანი სისტემა, სადაც სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ სწავლის დასრულების პარალელურად ან შემდეგ ჩაერთონ ისეთ მასშტაბურ პროექტებში, რომლებიც დაეხმარება მათ პროფესიულ დასაქმებაში. ასეთი შეიძლება იყოს მენტორობის პროგრამა, რომელიც ინდივიდუალურად მიუდგება ახალგაზრდას და მისი უნარებისა და ინტერესებიდან გამომდინარე შეძლებს დახმარებას.
- სტაჟირების არსებული პროგრამების სამიზნე ჯგუფი სტუდენტები არიან. თუმცა, ამის გარდა, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც არც სწავლობენ, არც მუშაობენ და არც ტრენინგებს გადიან. მათი რიცხვი საქართველოში ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე მაღალია. ამიტომ, საჭიროა მოკლევადიანი თუ ხანგრძლივი უმუშევრობის იდენტიფიცირება და სპეციალური პროგრამების შექმნა, რომელიც თან მისცემს ასეთ ახალგაზრდებს გადამზადების საშუალებას, თან კი შეძლებს მათ გრძელვადიან დასაქმებას.
- გარდა საუნივერსიტეტო განათლებისა, პროფესიული განათლების კიდევ უფრო გააქტიურება მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, შეიქმნას პროგრამა, რომელშიც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები შეძლებენ ჩართვას და დასაქმებას. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროფესიული სწავლება მოიცავდეს არა მხოლოდ დაბალანაზღაურებად სამსახურებს, არამედ უფრო მაღალანაზღაურებად პროფესიებსაც.
- შრომის ბაზრის კონტროლისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების გარეშე ვერც ახალგაზრდების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ახალგაზრდების განვითარებასა და გადამზადებას, ასევე, მათ დაინტერესებას შრომის ბაზრით და შესაძლებლობების შექმნას კონკურენტულ გარემოში.