საქართველოს უახლესი ისტორიის ბევრი ეპიზოდი მოითხოვს შეფასებას. ძალადობრივი გამოცდილების უგულებელყოფა ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დადგენას, შერიგებას, ჩაგვრის პრევენციასა და დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ამის საპირისპიროდ არსებობს გარდამავალი მართლმსაჯულების, ანუ სამართლიანობის აღდგენის, კონცეფცია, რომელიც გვაჩვენებს წარსულის ანალიზისა და მომავალი განვითარების გზებს. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ძირითად ისტორიულ ეტაპებს, რომელთა კონტექსტშიც ღირს საქართველოში ამ იდეაზე საუბარი.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
გარდამავალ მართლმსაჯულებაზე მსჯელობის დროს ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასა თუ პერიოდს ვაფასებთ. ეს დაგვეხმარება: (1) ფაქტების ანალიზში; (2) სამართლიანობის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში; (3) მისი მექანიზმების სწორად შერჩევაში.
ჩვენი კომენტარი
გარდამავალი მართლმსაჯულების პერსპექტივიდან შესაძლოა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდი შევაფასოთ (თუმცა საკითხის უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ, შესაძლოა ჩამონათვალი შეიცვალოს): 1. საბჭოთა გამოცდილება; 2. დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდის ნაციონალისტური პოლიტიკა; 3. 1991 წლის სამხედრო გადატრიალება და მისი შედეგები; 3. ვარდების რევოლუციის შემდგომი რეპრესიები; 4. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში.
რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ამ მოვლენების გარდამავალი მართლმსაჯულების პერსპექტივიდან შეფასება?
აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან განსხვავებით, ჩვენს რეგიონს თითქმის არ აქვს გარდამავალი მართლმსაჯულების გამოყენების პრაქტიკა. სამართლიანობის აღდგენის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არც საქართველოში ჰქონია ამ პროცესს სისტემური ხასიათი. ჩვენს ქვეყანას ეს მექანიზმები სრულყოფილად და ჯეროვნად არცერთი ხელისუფლების პირობებში არ გამოუყენებია.
- დამოუკიდებლობის პირველ წლებში სახელმწიფოს ფორმირება წარსულის ანალიზის გარეშე დაიწყო. ის მკაცრი ნაციონალიზმის იდეას დაეფუძნა. წყაროებში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, იმჟამინდელმა პოლიტიკამ დააზიანა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, შეუქმნა მათ სხვადასხვა ბარიერი, გაურთულა ინტეგრაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა.
- შეფასებას მოითხოვს 1991 წლის სამხედრო გადატრიალება და მისი შედეგებიც. მმართველი ელიტის შეკავშირებამ კრიმინალურ დაჯგუფებებთან გაზარდა ქვეყანაში სიღატაკე, კორუფცია, მოსპო ინსტიტუტების ფორმირების, კანონის უზენაესობის დამკვიდრების შანსი. ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სახელმწიფო უწყებებზე, დამკვიდრდა წესრიგისა და სამართლის ძიების არაფორმალური, ძალადობრივი პრაქტიკა.
- ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო მშენებლობის, ინსტიტუტებზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობა, მაგრამ ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ფორმირების ხისტი გზა აირჩია და გვერდი აუარა წარსულის ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკის იდეას. ამგვარმა მიდგომამ არა თუ შექმნა სამართლიანობის აღდგენის შანსი, არამედ დაამკვიდრა სისტემური ძალადობა, როგორც მართვის პრინციპი.
- 2012 წელს რეჟიმი შეიცვალა. თუმცა არც ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მოინდომა წარსულის შეფასება. პირიქით, შეინარჩუნა პიროვნული ინტერესები სახელმწიფოს მართვაში და სახელმწიფო ორგანოების პოლიტიკური კონტროლის პრაქტიკა.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.