გამართული სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა სწორად აირჩიონ სოციალური დაცვის მოდელი. ეს მოდელები კი განსხვავდება ერთმანეთისაგან და იცვლება ქვეყნების პოლიტიკური წყობის, რესურსების, ღირებულებებისა თუ სხვა ნიშან-თვისებების მიხედვით.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
სოციალური დაცვის სისტემები ყველა მოქალაქეს ეხება. საქართველოში ეს სისტემა სუსტია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ კუთხით და რა შესაძლებლობები გვაქვს მომავალში.
ჩვენი კომენტარი
- საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკა ფრაგმენტულია, რაც არ ემსახურება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
- ფრაგმენტული პოლიტიკა არამდგრადია, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან კეთილდღეობას;
შესაბამისად, საქართველოში სოციალური დაცვის ბერკეტები არ არის ორიენტირებული სიღარიბის დაძლევაზე.
რა პრობლემაა?
ამ ცხრილიდან ჩანს, რომ სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი თანხების წილით, საქართველო მკვეთრად ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში სოციალური დაცვის სისტემა არც სტაბილურია და არც საყოველთაო. ამასთან ერთად, იგი გარკვეულწილად ლიბერალური მოდელის პრინციპებს იმეორებს. იყენებს ლიბერალური მოდელის ყველაზე საბაზისო, სოციალური კეთილდღეობისთვის არასაკმარის მექანიზმებს.
- სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების შემწეობას (სოციალური შემწეობა), რომელიც ძალიან მცირეა;
- ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასი (20 ლარი თვეში);
- სახელწიფო არ ავალდებულებს კერძო სექტორს დასაქმებულების ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით უზრუნველყოფას და თავად მხოლოდ ერთჯერადად გასცემს მაქსიმუმ 1000 ლარიან კომპენსაციას;
- პენსიონერებს აქვთ დაბალი სახელმწიფო, საბაზისო, პენსია;
- არ არსებობს უმუშევართა შემწეობა/დაზღვევა.
კონტექსტი
2021 წელს იმდროინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას სოციალური კოდექსი, რომელიც შეისწავლის ევროპული სოციალური დაცვის სისტემებს და ქართული კონტექსტის შესაბამისად მოხდება მისი ინტეგრირება ახალ კოდექსში.
- თუმცა ამასთან დაკავშირებული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ზემოაღნიშნული პრობლემები კვლავ რჩება და მათ მოგვარებაზე საუბარი დაწყებული არ არის.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ევროპის სოციალური ქარტიის ისეთ ჩანაწერებზე არ აქვს ხელი მოწერილი, როგორებიცაა:
- ღირსეული ანაზღაურება (მუხლი 4, პუნქტი 1)
- ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება (მუხლი 8, პუნქტი 1)
- თანაბარი სოციალური უზრუნველყოფა (მუხლი 12, პუნქტი 2)
- სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დაცვა (მუხლი 24)
- ხელმისაწვდომი საცხოვრებელი (მუხლი 31, პუნქტი 3)
- უსახლკარობის აღმოფხვრა (მუხლი 31, პუნქტი 2)
როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
სახელმწიფომ სოციალური დაცვის მოდელის გაუმჯობესება უნდა დააფუძნოს საუკეთესო გამოცდილებასა და მის ხელთ არსებულ რესურსებს.
- მნიშვნელოვანია, სოციალური დაცვა გახდეს პრიორიტეტული და გამოიყოს მეტი თანხა ბიუჯეტიდან;
- შეიქმნას გამართული და ადამიანზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა;
- შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლილი და უზრუნველყოფს ადამიანების გაძლიერებას;
- სახელმწიფომ გამოკვეთოს დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ქვეყანაში სოციალური დაცვის გაძლიერების მიმართულებით.
რა არის საყურადღებო?
საქართველო არ არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. შესაბამისად, სოციალური დაცვის სისტემაში ლიბერალურ მოდელს კიდევ უფრო მეტი ხარვეზი აქვს. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში, სადაც ლიბერალური მოდელებია, კერძო დაზღვევა სავალდებულოა, შესაბამისად, დასაქმებულებს, კრიზის შემთხვევაში, მათ მიერვე დაგროვებული დაზღვევა იცავს. საქართველოში კი ლიბერალური მოდელისთვის დამახასიათებელი ეს მექანიზმი არ არსებობს.
- მეტიც, საქართველოში მაღალია არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანების რიცხვი. ამ შემთხვევაში, არაფორმალურად დასაქმებულებს არ აქვთ სოციალური დაცვის არავითარი ბერკეტი;
- შედეგად, საქართველოში არ არსებობს ძლიერი, ერთიანი, მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა.