სიღარიბე ჩვენი თანამოქალაქეების მთავარი გამოწვევაა, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ძირეულ პრობლემაზე მიუთითებს. თუმცა, სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სოციალური უფლებების დაცვასა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს უფლების დარღვევის ფაქტი, განსაზღვროს საკომპენსაციო ზომა და საფუძველი ჩაუყაროს სოციალურად მგრძნობიარე პოლიტიკას რათა, წინ აღუდგენს სამომავლო ჩაგვრას.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაორმაგდა და 2023 წლის თებერვალში ისტორიულ მაქსიმუმს - 672 000 ადამიანს მიაღწია. სხვა სიტყვებით, ქვეყნის მოსახლეობის 18% სოციალურ დახმარებას იღებს. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ სოციალურ დახმარებასა და სასამართლოს როლზე ამ უფლებით სარგებლობაში.
ჩვენი კომენტარი
საქართველოში უნდა გაიზარდოს სასამართლოს როლი სოციალური დაცვის საკითხებთან მიმართებით. ამას კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილება სჭირდება.
რა უნდა ვიცოდეთ?
სოციალური დახმარება სოციალური დაცვის სისტემის ნაწილია. ის საქართველოს კონსტიტუციამ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის აღიარებით განამტკიცა. სოციალური სახელმწიფო მოქალაქეთა დაცვაზე, მათ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იღებს პასუხისმგებლობას. ის თანასწორი შესაძლებლობების და სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილების კონცეფციას ეფუძნება. სოციალური სახელმწიფოს პრინციპის აღიარებით, სახელმწიფომ აიღო სოციალური უფლებების დაცვის ვალდებულება. ეს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ.
რას ნიშნავს სოციალური დახმარება?
საქართველოს კანონმდებლობით, სოციალური დახმარება ნებისმიერი სახის ფულადი ან არაფულადი სარგებელია. მას სახელწიფო შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის გამოყოფს. სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. შემწეობას სახელმწიფო უქონელი ოჯახებისთვის გასცემს. მისი მიზანი საჭიროების მქონე ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. შემწეობის მიღების პროცედურას მინისტრის ბრძანება არეგულირებს.
რა დავები გვხვდება სასამართლოში?
როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადყოფს, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებული საქმეები ძირითადად პირველი ინსტანციის სასამართლოებში გვხვდება. პირველი ინსტანციის ფარგლებში განხილული საქმეების უმეტესობა, მოქალაქეებისთვის ,,ზედმეტად“ ან ,,არასწორად“ მიღებული საარსებო შემწეობის უკან, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნებას ეხება.
სასამართლო ხელმისაწვდომობის ბარიერები
სასამართლოში საქმის წარმოება არამხოლოდ სტრესული, არამედ ხარჯიანიც შეიძლება იყოს. ხარჯებში შედის ადვოკატის მომსახურება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ბაჟი, თარჯიმნის გადასახადი და ა.შ.
სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ დავებს რაც შეეხება, ასეთი დავები გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან. შემწეობის მიმღები პირები ასევე თავისუფლდებიან საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისგან, თუმცა აქაც პრობლემა იქმნება: იმისთვის, რომ მხარემ ამ უფლებით ისარგებლოს, ის რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და უნდა იღებდეს შემწეობას. თუკი სასამართლო დავას აწარმოებს ადამიანი, ვინც სტატუსის მიღებასა ან აღდგენას ცდილობს - მას ხარჯების გაწევა მოუწევს.
გარკვეულ შემთხვევებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირებისთვის იურიდიულ დახმარებას. იურიდიული დახმარება შესაძლოა მოიცავდეს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში დახმარებას. ზოგიერთ შემთხვევაში კი, სასამართლოში წარმომადგენლობასაც. თუმცა, სასამართლოში წარმომადგენლობა ყველა შემთხვევაში არ ხდება და ის დამოკიდებულია:
- პირის სტატუსზე (სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვას სოციალური დახმარების საკითხებთან დაკავშირებით);
- საქმის სირთულესა და მნიშვნელობაზე.
მომდევნო სტატიაში მოგიყვებით, რა პრინციპების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს სასამართლომ სოციალური დახმარების საკითხზე.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს