პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საცხოვრებლის უფლება – როგორია საერთაშორისო რეგულაციები და სტანდარტები?
ივლისი 9, 2024

სათანადო საცხოვრებლის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებით არის გამყარებული. მიუხედავად ამისა, მისი დაცვა, ხშირ შემთხვევაში, დიდ სირთულეებს უკავშირდება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორაა დაცული საცხოვრებლის უფლება საერთაშორისო დონეზე და რა გამოცდილებები არსებობს.

ჩვენი კომენტარი

საცხოვრებლის უფლების დაცვა სოციალური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია. ამ უფლების რეალიზება იცავს ადამიანებს სიღარიბისა და ღირსების შემლახავი ყოფისგან.

რა უნდა ვიცოდეთ?

სათანადო საცხოვრებლის უფლება გარანტირებულია ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და სხვა.

ეს უფლება მოიაზრებს არამხოლოდ თავშესაფრის უზრუნველყოფას, არამედ კონკრეტულ ადგილას უსაფრთხოდ, მშვიდად და ღირსეულად ცხოვრებას. აგრეთვე, მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: მფლობელობის დაცვა; სერვისების ხელმისაწვდომობა; ფასის ხელმისაწვდომობა; საცხოვრებლად ვარგისობა; მისაწვდომობა; ლოკაცია და ტერიტორიული ხელმისაწვდომობა; კულტურული შესაბამისობა.

სათანადო საცხოვრებლის უფლება არ უნდა განიხილებოდეს სხვა უფლებებისგან იზოლირებულად და მისი განმარტება უნდა მოხდეს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის, სიცოცხლის უფლების, დისკრიმინაციის აკრძალვის და სხვა უფლებების გათვალისწინებით. მაგალითად, სიცოცხლის უფლების დაცვა მოიაზრებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელმაც უნდა უპასუხოს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ  გამოწვევებს.

ასეთი შესაძლოა იყოს უსახლკარობა. კონკრეტული ღონისძიებები კი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ინდივიდების წვდომა არსებით, სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელსა და მომსახურებაზე, როგორიცაა საკვები, წყალი, თავშესაფარი, ჯანდაცვა და სხვა. აგრეთვე, ზომებს, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური საბინაო პროგრამები.

ასევე, საგულისხმოა, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, საცხოვრებლის მქონე პირებს შეუწყოს ხელი ისე, რომ მათი შემოსავალი საკმარისი გახდეს საბინაო ხარჯებთან მიმართებაში და დააწესოს სუბსიდიები საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობისათვის.

ამასთან, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტი სახელმწიფოებს ავალდებულებს, ეს უფლება პროგრესულად განახორციელონ. თუმცა, ეს ამავე დროს, გულისხმობს მიზანმიმართული და კონკრეტული ნაბიჯების დროულად გადადგმას.

გარდა ამისა,

საცხოვრებელ ადგილზე უფლებას განსაზღვრავს რეგიონული საერთაშორისო შეთანხმებაც, კერძოდ, ევროპის სოციალური ქარტია. 31-ე მუხლის თანახმად, მხარეები ვალდებულები არიან, მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს:

  • შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას;
  • უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით;
  • საცხოვრებელ ბინებზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო სახსრები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ქარტიას 2005 წლიდან მიუერთდა, მას ამ მუხლის შესრულებაზე არ აქვს ვალდებულება აღებული, რაც მიანიშნებს ამ პასუხისმგებლობის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე.

აგრეთვე,

სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულია საცხოვრებლის უფლება და ახსნილია, რომ ეს უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა მისი უზრუნველყოფა.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი