პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
შრომის ინსპექციის ისტორია საქართველოში
ოქტომბერი 12, 2022

საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურს რთული და წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს. მისი არსებობა და უფლებამოსილებები არაერთხელ გამხდარა ცხარე პოლიტიკური და იდეოლოგიური დებატების საგანი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

იმისთვის, რომ  გავიაზროთ, რაში გვჭირდება შრომის ინსპექცია, უნდა გავიგოთ,  როგორი წინააღმდეგობების წინაშე იდგა ეს ინსტიტუტი წლების განმავლობაში საქართველოში.

ჩვენი კომენტარი

დასაქმებულთა უფლებების რეალურად დასაცავად აუცილებელია, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს ეფექტური, სათანადოდ აღჭურვილი და ხელისუფლებებისა და მათი იდეოლოგიური პრეფერენციებისგან დამოუკიდებელი შრომის ინსპექციის სამსახური.

შრომის ინსპექციის გაუქმების ისტორია

  • 2006 წელს საქართველოს მთავრობამ, ნეოლიბერალური რეფორმების კვალდაკვალ, ახალი შრომის კოდექსი მიიღო და შრომის ინსპექციის სამსახური გააუქმა; 
  • შრომის ინსპექციის სამსახურის გაუქმება, ძირითადად, მისი კორუფციული ხასიათითა და არაეფექტურობით დასაბუთდა. თუმცა კრიტიკის საგანი გახდა ის გარემოება, რომ ხელისუფლებამ, რეფორმირების ნაცვლად, შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებზე საზედამხედველო ორგანოს სრულად გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო;
  • ახალი კოდექსის გარდამავალი ნორმები ასევე ითვალისწინებდა 1973 წლის „შრომის კანონთა კოდექსისა“ და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, მათ შორის, შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული დებულების, ძალადაკარგულად ცნობას. 

შედეგად:

  • 2006-2015 წლებში საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახური არ არსებობდა;
  • ამ პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა სამუშაო ადგილზე დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა.

რიცხვებში:

  • საქართველოს პროფესიული გაერთიანებების კავშირებისა და შსს-ის ერთობლივი მონაცემების მიხედვით, 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, 716 კი მძიმედ დაშავდა.

შრომის ინსპექციის ახალი სამსახური

  • 2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, მაგრამ მისი მანდატი უკიდურესად შეზღუდული იყო და ინსპექტირება სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა;
  • 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელმაც 2019 წლიდან ორგანული კანონის სტატუსი შეიძინა;
  • 2019 წლს ინსპექციის სამსახურს მიენიჭა უფლება, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ინსპექტირებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო ადგილი;
  • კანონით ასევე განისაზღვრა დამსაქმებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სხვადასხვა შესაძლებლობაც;
  • თუმცა ინსპექციის მანდატი ვრცელდებოდა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე და არ ეხებოდა სხვა შრომითი უფლებების დარღვევას.

რა ხდება დღეს?

2020 წლის სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2021 წლის პირველი იანვრიდან შრომის ინსპექციის სამსახურს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.

ამავე დროს, სამსახურის მანდატი გავრცელდა არა მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების ნორმებზე, არამედ სხვა შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზურაბ ქარჩავა
ზურაბ ქარჩავა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი