პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
შრომის ინსპექციის როლი სამშენებლო სფეროში

ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა მნიშვნელოვანია უკეთესი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სიღარიბის შესამცირებლად და  უკეთესი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად. მის დამკვიდრებასა და შენარჩუნებაში კი კრიტიკული როლი ეფექტიან შრომის ინსპექციას აქვს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

  • 2021 წლის მონაცემებით, მშენებლობაზე 94 400 ათასი ადამიანია დასაქმებული;  
  • დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა, უმეტესად, მძიმეა; 
  • ზოგჯერ მშრომელები ოჯახის ერთადერთი მარჩენლები არიან;
  • ანაზღაურების სიმცირე, ხელფასის გადაუხდელობა ან დაუსაბუთებელი ჯარიმები ხშირად მშრომელების პროტესტის მიზეზი ხდება;
  • შრომის ნორმების უგულებელყოფა შრომის უსაფრთხოების ხარისხზე პირდაპირ აისახება. 

ჩვენი კომენტარი

სახელმწიფო ვალდებულია, დაამკვიდროს შრომის პირობებზე ეფექტიანი ზედამხედველობა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს  პრევენციული ღონისძიებები და შრომის ინსპექციის სამსახური აღიჭურვოს შესაბამისი და საკმარისი რესურსით.

რა უნდა ვიცოდეთ? 

  • 2015 წლიდან შრომის უსაფრთხოებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობდა;
  • 2020 წელს დეპარტამენტი შრომის ინსპექციის სამსახურის ფორმით ჩამოყალიბდა; 
  • 2021 წლის 1 იანვრიდან კი სამსახურს, შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მანდატიც მიენიჭა. 

უკანასკნელი ცვლილება შრომის სფეროში წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან შრომითი უფლებების, მაგალითად, შვებულებით სარგებლობის, ზეგანაკვეთური მუშაობის შემდეგ საკმარისი დასვენებისა და სხვა, უგულებელყოფა მშრომელთა ფიზიკურ გადაღლას იწვევს და ფატალურ შედეგებთან პირდაპირ კავშირშია. 

  • 2021 წელს მშენებლობა ინსპექტირების პრიორიტეტული სფერო იყო, დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ კვლავ მაღალია;
  • გამოვლენილი დარღვევები აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების რისკების შეფასებას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებსა და სიმაღლეზე მუშაობის სტანდარტების დაცვას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
  • ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ არასაკმარისი რესურსებით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების სიმცირე.

უფრო კონკრეტულად:

  • 2020 წლის მსგავსად, 2021 წელს ინსპექტორთა საშტატო ერთეულები ვაკანტური იყო; 
  • 2020-2021 წლებში არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი კოვიდრეგულაციების კონტროლზე დაიხარჯა. 

შედეგად, 

  • 2021 წელს 13 ფატალური შემთხვევა თავიდან ვერ ავიცილეთ, 2022 წელს კი მშენებლობაზე გარდაცვალების შემთხვევა კვლავ დაფიქსირდა. 

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამსახურის რესურსები, რათა მან:

  • გააძლიეროს პრევენციული ღონისძიებები;
  • გაზარდოს მშენებლობაზე არაგეგმური ინსპექტირების რაოდენობა;
  • გამოიკვეთოს სანქციების გაზრდის საჭიროება უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე და 
  • იმუშაოს ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიებზე, რაც კანონით მისი პირდაპირი მოვალეობაა. 

რა არის საჭირო შრომის ინსპექციის ეფექტიანი მუშაობისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით?

  • შრომის ინსპექტორთა საკმარისი რაოდენობა სამუშაო ადგილის მოცულობის, საქმიანობის ბუნების და იქ დასაქმებულთა ოდენობის გათვალისწინებით;
  • ინსპექტორთა საკმარისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა. ეს შეიძლება იყოს: სათანადოდ აღჭურვილი ადგილობრივი ოფისები, ტრანსპორტი, სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება და სხვა.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი