პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„სუვერენული დემოკრატია“ ევროინტეგრაციის საპირწონედ
ივნისი 27, 2024

ბოლო პერიოდის პოლიტიკურ დისკუსიებში ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ახსენებს სუვერენიტეტს. მმართველმა გუნდმა ეს რიტორიკა მაშინ გააქტიურა, როცა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლის კრიტიკა დაიწყეს. ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ ავხსნათ, საიდან იღებს სათავეს „სუვერენული დემოკრატიის“ იდეა, რა კავშირი აქვს მას რეალურად სუვერენიტეტთან და რას გულისხმობს ის საქართველოს კონტექსტში.

ჩვენი კომენტარი

ისევე, როგორც თავის დროზე რუსეთში, საქართველოშიც ხელისუფლება საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევას ედავება. ის ამით ავტორიტარიზმის გადაფარვას და დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირების გამართლებას ცდილობს.

საიდან იღებს სათავეს „სუვერენული დემოკრატიის“ იდეა?

„სუვერენული დემოკრატიის“ იდეა სათავეს რუსეთიდან იღებს. თავდაპირველად ის 2006 წელს გამოიყენეს. ამ დროს რუსეთს „დიდი რვიანის“ თავმჯდომარეობა უწევდა. ქვეყანას კი მწვავედ აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევისთვის. „სუვერენულ დემოკრატიაზე“ მსჯელობა რუსეთმა სწორედ მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, საზოგადოების თვალის ასახვევად დაიწყო. მან საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა და ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაში რუსი ერის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას გაუსვა ხაზი. ამ კონცეფციას დაეყრდნო, მოგვიანებით, 2007-2008 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიც.

რუსულ პოლიტიკურ რიტორიკაში „სუვერენული დემოკრატიის“ ცნება ერთი შეხედვით უწყინარი მნიშვნელობით დამკვიდრდა: ის სახელმწიფო ორგანოების დაკომპლექტებასა და  პოლიტიკის ფორმირებას რუსი ხალხის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად მიიჩნევდა. ამავე კონცეფციის ნაწილად იყო აღიარებული სახელმწიფოს ვალდებულება, ეზრუნა ერის მრავალფეროვნებისა და მთლიანობის, მოქალაქეთა კეთილდღეობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის მისაღწევად. თუმცა, ასეთმა მანიპულაციამ კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის არადემოკრატიული პოლიტიკა, კიდევ უფრო შესამჩნევი გახადა ადამიანის უფლებათა შეზღუდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაუარესება. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთშიც, საქართველოს მსგავსად, სუვერენიტეტის იდეის გაძლიერება და „აგენტების კანონის“ ინიციირება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

რა არგუმენტები არსებობს რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ წინააღმდეგ?

რუსეთის მცდელობას, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპით გაემართლებინა დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებების მასობრივი, სისტემური ხელყოფა, მალევე მოჰყვა სათანადო პოლიტიკური და აკადემიური კრიტიკა. პოლიტიკურ ველზე ის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პოპულიზმის ტრიუმფად შეფასდა. პოლიტიკის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ სუვერენული დემოკრატიის იდეა საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაფრთხილებას გულისხმობდა − მას კრიტიკის გარეშე უნდა მიეღო რუსეთის პოლიტიკური კურსი და დემოკრატიულად ჩაეთვალა. ნებისმიერი კრიტიკა არამეგობრულ ტონად და სუვერენიტეტის ხელყოფად ჩაითვლებოდა. აკადემიურ წრეებში კი რუსეთი დემოკრატიის ახალი მოდელის შეთხზვაში დაადანაშაულეს და დემოკრატის იმ სახეს, რომლის დამკვიდრებასაც რუსეთი ცდილობდა, აბსურდული უწოდეს. მკვლევრების აზრით, „სუვერენული დემოკრატია“ კრემლის შემუშავებული ტერმინია, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ რუსეთის მისწრაფებები დასავლურ სტანდარტებს არ შეესაბამება, და რუსული გაგებით სუვერენიტეტი დემოკრატიაზე უპირატესია.

ზოგიერთი მკვლევარი ამ პროცესთან კავშირში ყურადღებას ამახვილებს ნაციონალიზმზეც. ისინი მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისა და კონსოლიდაციისთვის კრემლმა „ელიტების ნაციონალიზაცია“ და ე.წ. „ოფშორული არისტოკრატიის“ განდევნა დაიწყო. რა იგულისხმება ამაში? „ელიტების ნაციონალიზაცია“ სახელმწიფოს მცდელობაა, შეზღუდოს ან მკაცრად აკონტროლოს რუსი ელიტური (მდიდარი) ჯგუფების ქონების ბრუნვა სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. ეს მიზნად ისახავს მათ დაქვემდებარებას და იზოლაციას სახელმწიფოს შიგნით. „ოფშორული არისტოკრატიის“ განდევნაში კი იგულისხმება იმ  მდიდარ/გავლენიან ჯგუფებზე იურიდიული და საგადასახადო კონტროლის დამყარება, რომლებიც ქონებას ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ და გადასახადებს რუსეთში არ იხდიდნენ. ზოგადად, ოფშორული იურისდიქციების პრობლემურობა და მასთან დაკავშირებული შავი ფულის ბრუნვა გლობალურად აღიარებული გამოწვევა. თუმცა, ამ შემთხვევაში, სუვერენული დემოკრატიის იდეას ამოფარებულმა ტენდენციებმა, კრემლისთვის მხარდაჭერის (მათ შორის ელიტების მხარდაჭერის) მობილიზება/დარეზერვება შეძლო, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს კრიზის დროს უნდა აემუშავებინათ.

რას ნიშნავს „სუვერენული დემოკრატია“ საქართველოსთვის?

„სუვერენული დემოკრატიის“ იდეის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა საერთაშორისო პარტნიორებისგან და ინსტიტუტებისგან დემოკრატიის უკუსვლაზე გაძლიერებულ კრიტიკას უკავშირდება, რაც საქართველოს კონტექსტში პირდაპირ ებმის საგარეო კურსის ცვლილების საკითხსაც. ამას ადასტურებს მმართველ გუნდთან დაკავშირებული პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის 2022 წლის ეს განცხადებაც: „ევროკავშირის შემთხვევაში ეს სუვერენიტეტის ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს. ამაზე ბრძოლა თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის“.

საქართველოში ავტორიტარიზმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე მკაცრი საერთაშორისო რეაქციის კვალდაკვალ, ეს რიტორიკა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარტნიორი სახელმწიფოების, ევროკავშირისა და აშშ-ს  სუვერენიტეტის ხელყოფაში ღიად დადანაშაულება დაიწყეს. ეს მაშინ, როცა თავად ხელისუფლება მხილებულია ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ისეთ ნაბიჯებში, როგორიცაა სახელმწიფო უწყებებში რუსეთთან დაახლოებული პირების დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე; სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის უფლების რუსეთთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მინიჭება და სხვა.

რა უნდა ვიცოდეთ სუვერენიტეტზე მსჯელობისას?

სუვერენიტეტი სახელმწიფოს თვითმყოფადობის ფუნდამენტური პრინციპია. ის გულისხმობს სახელმწიფოს უფლებას, აკონტროლოს ის, რაც მის საზღვრებში ხდება. სუვერენიტეტი თავის თავში ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ის იცავს ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი ინტერვენციებისა და დაპყრობისგან. რაც მთავარია, სუვერენიტეტის ეს პრინციპი არ ჰყოფს სახელმწიფოებს დიდ და პატარა, ძლიერ და სუსტ, ეკონომიკურად მდიდარ და ღარიბ სახელმწიფოებად. ის მათ თანაბარ გარანტიებს ანიჭებს და ამით თანასწორ პირობებში არსებობს შესაძლებლობას აძლევს.

თუმცა, ადამიანის უფლებების უნივერსალურობის აღიარებამ ბევრი რამ შეცვალა. სუვერენიტეტი გახდა მეტი, ვიდრე სახელმწიფოს გეოგრაფიული და მილიტარისტული ხელშეუხებლობის გარანტი. ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობის აღიარებამ და მის საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ, მოითხოვა სახელმწიფოთა „სუვერენიტეტის გაერთიანება“ საერთო, კოლექტიური სიკეთის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის გლობალურ და რეგიონულ დონეზე. ასეთი ერთობის მიზანი უფრო მეტი დაცულობის და უფრო მაღალი გარანტიების შექმნაა, ვიდრე ამის უზრუნველყოფა სახელმწიფოებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

სუვერენიტეტის, ერთი შეხედვით, უწყინარი კონცეფცია ხშირად არის ავტორიტარული და მილიტარისტული სახელმწიფოების მანიპულაციის ინსტრუმენტი. მათთვის ხელსაყრელია საშინაო საქმეების დამოუკიდებლად წარმართვის იდეა და ანტიდემოკრატიული გარემოს გადაფარვა სუვერენიტეტის თუ „სუვერენული დემოკრატიის“ არგუმენტით, რაც რუსეთმა გააკეთა. ბოლო პერიოდის მოვლენებზე  დაკვირვება გვაჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო აქტიურად მისდევს ამ და სხვა რუსულ ტენდენციებს. ამის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ გასულ წელს ერთ-ერთ პროსახელისუფლებო აქციაზე გაჟღერებული „პლებისციტური დემოკრატიის“ იდეაც, რომელმაც მიითვისა ხალხის ძალაუფლების კონცეფცია და მისი არაკეთილსინდისიერი განმარტებით შეეცადა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება. ცხადია, ამგვარ მანიპულაციებს ერთი მიზანი აქვს − ხელისუფლება ცდილობს ავტორიტარიზმის და დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის გადაფარვას და ამ იდეის გარშემო მოქალაქეების მობილიზაციას საარჩევნოდ.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი