პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ჭიათურა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე
მარტი 21, 2025

ჭიათურა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. 2025 წლის 28 თებერვლიდან ჭიათურაში აქციები იმართება.  ამჟამად, 3500-ზე მეტი მაღაროელი უმუშევარია. კომპანია აცხადებს, რომ აღარ აპირებს განაახლოს მოპოვებითი საქმიანობა მაღაროებში. მაშინ როცა ჭიათურის მოსახლეობის 1/3 საარსებო შემწეობის მიმღებია, ეს მოცემულობა ჭიათურელების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ჭიათურაში არსებული კრიზისი მხოლოდ კერძო კომპანიის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ის განუყოფელია სახელმწიფოს პოლიტიკისგან, ეს გამოიხატება, როგორც მისი უმოქმედობით ისე მოქმედებით. წლების განმავლობაში ქალაქი მძიმე შრომით, სოციალურ და ეკოლოგიურ კრიზისში ცხოვრობს, რასაც ხელს უწყობს არა მხოლოდ საწარმოს მმართველობის ხარვეზები, არამედ მთავრობების არაეფექტური ჩარევაც.

2017 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კომპანიაზე პირდაპირი გავლენა აქვს სპეციალური მმართველის დანიშვნის გზით. ეს მმართველობის ფორმა, რომელიც თითქოს პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს, რეალურად ვერ უზრუნველყოფს მუშათა უფლებების დაცვას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას. შედეგად, ჭიათურის კრიზისი არათუ გრძელდება, არამედ ჭიათურის მოსახლეობას ემუქრება შიმშილი, გაჭირვება, მიგრაცია  და  კიდევ უფრო მეტად გავალიანება.

რატომ ხდება ჭიათურაში?

საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 1 ნოემბერს ჯორჯიან მანგანეზმა სრულად შეწყვიტა მუშაობა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში. შედეგად, ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი დარჩა. მშრომელებს აცნობეს, რომ კომპანია 5 თვით, ანუ 2025 წლის მარტამდე აჩერებდა მუშაობას. ამ პერიოდში, დამსაქმებელმა ხელფასის 60%-ის გადახდის ვალდებულება აიღო. კომპანიამ მუშაობის შეჩერების არგუმენტად მოიყვანა შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი, რადგან მათი განცხადებით შუქრუთელების პროტესტმა ფინანსური კრიზისი გამოიწვია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კომპანიამ არ შეასრულა 2021 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2024 წლის სექტემბერ/ოქტომბერში შუქრუთელებს პროტესტის უკიდურესი ფორმებით მოუწიათ დემონსტრაციების ჩატარება პარლამენტის წინ, თუმცა პროტესტის უკიდურესი ფორმაც კი არ გახდა საკმარისი, რათა ხელისუფლების თუ კომპანიის ყურადღება მიეპყროთ.

უშუალოდ, მაღაროელების ბოლო პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზმა" კვლავ დაარღვია შეთანხმება და უკვე  განახევრებული ხელფასები დროულად არ გადაიხადა. ამასთანავე შეპირების მიუხედავად 1 მარტს არ განაახლა მუშაობა ჭიათურაში, თუმცა, პარალელურად ზესტაფონის ფეროში მუშაობა 1 მარტს აღდგა. პროტესტის მონაწილეებს აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც სახელმწიფოს ჩართულობასა და მასზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. მათი მოთხოვნაა, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა და სახელმწიფომ სრულად აიღოს საკუთარ თავზე ჭიათურის მაღაროების მართვა, ნაციონალიზაციის გზით. ამასთანავე, მაღაროელები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა ის ინფრასტრუქტურული და სოციალური საჭიროება, რომელიც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამისთვის შეიქმნას შესაბამისი ფონდი.

ვინ ფლობს ჭიათურას?

„ჯორჯიან მანგანეზი“ ეკუთვნის უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ოფშორულ კომპანიას „ჯორჯიან ამერიქან ელოიზს“, თუმცა 2017 წლიდან ის სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფება. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი გიორგი კაპანაძეა, რომელიც ასევე ფლობს მედიაჰოლდინგ „პრაიმტაიმსა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას, ჭიათურის მაღაროებს, ისე ვარციხეჰესს. ამასთან, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC), რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიაა, გამოაცხადა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების განახლება აღარ იგეგმება. 2025 წლის 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით გაკოტრების რეჟიმში შესვლის განაცხადი შეიტანეს.

როგორც განცხადებებიდან იკითხება, კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააღრმავოს ღია კარიერული წესით მოპოვება ჭიათურაში, ამის მიზეზია, რომ ამ ტიპით მოპოვებითი საქმიანობა ბევრად უფრო იაფი უჯდება კომპანიას. ღია კარიერული მოპოვება სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნული მეთოდი იწვევს მიწის ინტენსიურ დეგრადაციას, ტყისა და ბიომრავალფეროვნების განადგურებას, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ძლიერი აფეთქებებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენების შედეგად შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის დაზიანება.

ჭიათურის ეკონომიკა სრულად არის დამოკიდებული „ჯორჯიან მანგანეზზე,“ რომელსაც 2046 წლამდე აქვს მოპოვების ლიცენზია. დასაქმებულები ხშირად რჩებოდნენ და რჩებიან შემოსავლის გარეშე კომპანიის გადაწყვეტილებების გამო, ხოლო „სპეციალურ რეჟიმში“ ყოფნისას ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებენ. ასევე, 2023 წლის გაფიცვის დროს სესხების გადავადებას დამატებითი პროცენტები მოჰყვა, რაც მუშებისთვის დამატებითი ტვირთი გახდა.

„Georgian American Alloys“ ჭიათურაში ფლობს 4 მაღაროს, 16 საბადო უბანს და 3,000-ზე მეტ დასაქმებულს. კომპანია წლიურად 1.3 მილიონ ტონა მადანს მოიპოვებს, მაგალითად 2016 წელს მისი შემოსავალი 600 მილიონ ლარს აჭარბებდა. მიუხედავად ამისა, მანგანუმზე დაწესებული მოსაკრებელი და რეგულირების საფასური დაბალია. ამასთანავე, მიუხედავად ვალდებულებისა, „ჯორჯიან მანგანეზი“ საჯაროდ არ აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშებს, რაც ართულებს კომპანიის მოგების მაჩვენებლების შეფასებას წლების მიხედვით, არადა, კომპანია მუდმივად სპეკულირებს მოგების სიმცირესა თუ არქონაზე. საჯარო წყაროებით დაახლოებითი ინფორმაცია კომპანიის ნაწარმოებ ამ ნარატივს არ ადასტურებს, თუმცა ზუსტი საჯარო ინფორმაცია მოგვცემდა სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას.

უფრო დეტალურად იხილეთ სტატია: რატომ სჭირდება ჩვენი სოლიდარობა ჭიათურას?

რა უნდა ვიცოდეთ

როგორი სამუშაო პირობებია მაღაროებში?

ისედაც, ჭიათურის მაღაროებში შრომის პირობები უკიდურესად მძიმე და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია – 2007-2022 წლებში 38 მაღაროელი დაიღუპა, ხოლო 139 დაშავდა, რაც სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. უსაფრთხოების ნორმები ხშირად არ არის დაცული, შრომითი უფლებები ირღვევა, ხოლო ხელფასები არ შეესაბამება სამუშაოს სირთულესა და რისკებს. ალტერნატიული დასაქმების არარსებობა მაღაროელებს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევა და სოციალური გარანტიები ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ პირობებს, რაც რეგიონში სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს აღრმავებს.

ამ მძიმე პირობების გამო, ჭიათურაში მცხოვრებთა დიდი ნაწილი იძულებულია გადარჩენის ალტერნატიულ გზებს მიმართოს. ზოგიერთები სამუშაოდ ქვეყნის სხვა რეგიონებში ან საზღვარგარეთ მიდიან, სხვები კი თვითდასაქმებას ან სოფლის მეურნეობას ცდილობენ, თუმცა ეს სტრატეგიები ხშირად არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. შედეგად, ჭიათურაში გრძელდება სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საჭიროებს სისტემურ ცვლილებებსა და სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას.

„ქართული ოცნების“ პასუხი:

მაშინ როდესაც  „ქართული ოცნებისთვის,“ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ უნდა არსებობდეს, ვიდრე ის, რომ 3500-ზე მეტი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჭიათურა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, მთელი ქალაქი პროტესტშია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უბრალოდ გულხელდაკრეფილი ელოდება მოვლენების განვითარებას. წესით, ახლა უკვე შექმნილი უნდა იყოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებდა კრიზისის გადაჭრაზე, ადამიანების ჰუმანიტარულ დახმარებაზე, იქნება ეს ხელფასების აღდგენა, საკვების დარიგება, საბანკო ვალდებულებების უპროცენტო გადავადება ან/და მათი ჩამოწერა თუ სხვა მოკლევადიანი ინტერვენციები. ამასთანავე, პარალელურად იმუშავებდა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის გეგმის დასახვაზე, რათა ასეთი კატასტროფის წინაშე რეგიონი აღარ დადგეს, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ სრულ ინდიფერენტულობას და ზოგადად ხშირად ვაკვირდებით მონოინდუსტრიულ ქალაქებში არსებულ პროტესტებზე ხელისუფლების თუ სხვა მათთან დაკავშირებული ჯგუფების ტაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავს პროტესტის გამოფიტვას და ამის შემდგომ კრიზისის გადავადების შეთავაზებას.

მეტიც, ირაკლი კობახიძის განცხადება ჭიათურაში შექმნილ კრიზისზე ბუნდოვან და წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას ავლენს. მისი თქმით, მაქსიმალურად დაინტერესებულია მუშების ინტერესებით, თუმცა, ამავე დროს, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას კერძო კომპანიის საქმიანობაში. კობახიძემ „ჯორჯიან მანგანეზი“ წარმოაჩინა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად. კობახიძე ფაქტობრივად აღიარებს, რომ 3,500-ზე მეტი ადამიანი უმუშევრობის საფრთხის წინაშეა და საწარმო კრიზისულ მდგომარეობაშია, მაგრამ გამოსავლის კონკრეტულ მექანიზმებზე არ საუბრობს და ვერც კომპანიის ბრალეულობას და ვერც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავს. მისი არგუმენტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ვარდნის გამო საწარმოს ფუნქციონირება შეუძლებელია, ავტომატურად გამორიცხავს სახელმწიფო ჩარევის ან კრიზისის მართვის ალტერნატიულ გზებს.

საბოლოოდ,

ჭიათურის კრიზისი არის ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგი. კერძო საკუთრება, ოფშორული კომპანიები, ოლიგარქიული ინტერესები და მაქსიმალური მოგების კაპიტალისტური ლოგიკა ვერ ქმნის მდგრად და უსაფრთხო ეკონომიკურ მოდელს. ასეთ დროს აუცილებელია, მტკიცე პოლიტიკის წარმოება, რათა ჭიათურა კიდევ უფრო არ დაცარიელდეს და სოციალური კატასტროფა გარდაუვალი არ გახდეს. პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს პირველ ადგილზე დააყენებს და არა კაპიტალის ინტერესებს. კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით, რომელიც მოიცავს სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი