პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
უცხოელები მართლმსაჯულების ორგანოებში
აპრილი 3, 2023

მართლმსაჯულების ორგანოებში უცხოელების მონაწილეობის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორისაა რეფორმებში მათი ჩართულობა, კოლეგიურ ორგანოებში წევრობა (საკონსულტაციო ან ხმის უფლებით), მართლმსაჯულების განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა. ამ სტატიაში მართლმსაჯულების ორგანოების შექმნასა და ფუნქციონირებაში უცხოელების ჩართულობის საკითხზე ვისაუბრებთ. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების ერთი ნაწილი, მართლმსაჯულების პრობლემების მოგვარების გზად, უცხოელი მოსამართლეების მოწვევის იდეას განიხილავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზუსტად რას გულისხმობს ეს იდეა და რამდენად თავსებადია ის სასამართლოს ბუნებასთან.

ჩვენი კომენტარი

სასამართლოს დამოუკიდებლობის სისუსტე პოლიტიკური სისტემის პრობლემურობას უკავშირდება და შესაბამისი გადაწყვეტა სჭირდება. მართლმსაჯულების განხორციელებაში უცხოელების უშუალო მონაწილეობის იდეა კი ამ პრობლემის პოლიტიკურ ხასიათს უგულებელყოფს. ის ასევე ეწინააღმდეგება იდეას, რომ სასამართლო კონკრეტული სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკური სხეულის განყოფელი ნაწილია.

რა გამოცდილება არსებობს?

 

სასამართლო რეფორმის ფარგლებში მართლმსაჯულების სხვადასხვა ორგანოში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობის მაგალითებია:

  • მოლდოვა, რომელიც სასამართლო და საპროკურორო საბჭოებში წევრობის კანდიდატთა ეთიკურ და ფინანსურ კეთილსინდისიერებას საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით აფასებს;
  • ასევე უკრაინა, რომელიც მოსამართლეთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევას ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტებს ანდობს;
  • პროცესისთვის ლეგიტიმაციის და სანდოობის მინიჭების გამო, უცხოელების მონაწილეობა ამგვარ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა.

 

რაც შეეხება ინტერნაციონალიზებულ სასამართლოებს, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ უცხოელი მოსამართლეების/პროკურორების მართლმსაჯულების სისტემაში ინტეგრირებას კონკრეტული მწვავე ისტორიული კონტექსტი სჭირდება:

 

  • პირველად, ომისა და სამოქალაქო არეულობის შემდეგ, უცხოელი მოსამართლეები და პროკურორები მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემაში კოსოვოში ვიხილეთ. ეს პროცესი გაეროს მისიის ეგიდით 2000 წელს დაიწყო და მიზნად დაისახა როგორც ომის დანაშაულებისა და ეთნიკური ნიშნით ძალადოების საქმეების სამართლიანი გამოძიება/აღსრულება, ისე ზოგადად სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება;
  • მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის დამყარების მისიამ გარკვეულ შედეგებს მიაღია, პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების ჩაურთველობამ მალევე წარმოშვა უნდობლობა თავად მისიის მიმართ და საბოლოოდ, მისი დასრულებაც გამოიწვია (2007 წ.);
  • კოსოვოს გამოცდილებას მალევე მოჰყვა უცხოელი მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნა აღმოსავლეთ ტიმორში, სიერა ლეონესა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში;
  • უცხოელი მოსამართლეებით სასამართლოს დაკომპლექტება დღესაც საგამონაკლისო მოდელად მიიჩნევა და მის გამოყენებას, კოსოვოს მსგავსად, კონკრეტული ისტორიული საფუძველი, ან პოსტ-კონფლიქტური ვითარება განაპირობებს (ანდორა, ლიხტენშტეინი, ბოსნია და ჰერცოგოვინა).

 

ინტერნაციონალიზებული მართლმსაჯულების სისტემის იდეა, არსებულ გამოცდილებებთან ერთად, პრობლემურია შემდეგი გარემოებების გამო:

 

  • სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიკური ხასიათის პრობლემაა და მას ეთნიკურობა არ გააჩნია. ამას ადასტურებს ისიც, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა დღეს გლობალურ გამოწვევაა. პოლიტიკური ხასიათის პრობლემას, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება სჭირდება;
  • უცხოელი მოსამართლე თავისთავად არ არის მიუკერძოებლობის გარანტია. მათ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები აქვთ, ისევე როგორც ეროვნულ კონტექსტზე სუბიექტური აღქმები და ეს გადაწყვეტილებებშიც შეიძლება ასახონ;
  • სასამართლო სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულის ნაწილია. ამიტომ, მიიჩნევა, რომ იგი იმ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს, რომლის ფარგლებშიც არსებობს

 

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი