პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ზღვარი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კორპორატივიზმს შორის
დეკემბერი 22, 2022

სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა, მისი დანაკლისი კი საზოგადოებისთვის მძიმე შედეგებს იწვევს. თუკი სასამართლო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენია, რომელიც ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, დამოუკიდებლობა საზოგადოების წინაშე ამ ვალდებულების შესრულების ერთგვარი საშუალებაა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რომელ ელემენტებზე დგას სასამართლოს დამოუკიდებლობა და რით განსხვავდება იგი ინსტიტუციური კორპორატივიზმისგან. ეს უკანასკნელი ვიწრო ჯგუფების კერძო ინტერესის დასაცავად ძალაუფლების და გავლენის მობილიზებას გულისხმობს.    

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

დამოუკიდებელი სასამართლო სამართლიანი, თანასწორი და მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის გვჭირდება. სასამართლოს ძირეული გაჯანსაღების გარეშე ევროკავშირთან დაახლოების მიზანიც შეუსრულებელი დარჩება. 

ჩვენი კომენტარი

დამოუკიდებლობა არ არის მოსამართლის პრივილეგია. თუმცა, დამოუკიდებლობის სახელით, მანკიერი კორპორატივიზმის შექმნის რისკი რეალურია, ამ დროს ზღვარი სასამართლოს დამოუკიდებლობას და ანგარიშვალდებულებას შორის ფაქტობრივად წაშლილია.

რას ვაფასებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას?

დამოუკიდებელი სასამართლოს ცნება შეგვიძლია შევაჯამოთ, როგორც მოსამართლის ნებისმიერი გავლენისგან თავისუფალი ქცევა, გადაწყვეტილების ინდივიდუალურად მიღების , რომელიც:

  • ეყრდნობა მის წინაშე არსებულ მტკიცებულებებს
  • კანონის საკუთარ ინტერპრეტაციას;
  • უგულებელყოფს პოლიტიკური, სასამართლო თუ სხვაგვარი ძალაუფლების მქონე პირების სურვილებს მისაღები გადაწყვეტილების შესახებ და იმ შედეგებს, რომლებიც ამას შეიძლება მოჰყვეს.

ცნება ,,დამოუკიდებელი“ მიემართება როგორც მთლიანად სასამართლოს, ისე ცალკეულ მოსამართლეებს.

სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შეფასებისას ითვალისწინებენ:

  • მოსამართლეთა დანიშვნის ობიექტურ და გამჭვირვალე წესს;
  • უფლებამოსილების ხანგრძლივობას;
  • მექანიზმებს, რომლებიც იცავს მოსამართლეს სასამართლოს გარედან მომდინარე წნეხისაგან და 
  • საზოგადოების აღქმას სასამართლოს მიმართ - რამდენად ტოვებს ის დამოუკიდებლობის განცდას.

სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ავტომატურად ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობასაც. მაგალითად, სასამართლო შეიძლება თავისუფალი იყოს გარე ჩარევისაგან, თუმცა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქროს სისტემის შიგნიდან. 

უფრო კონკრეტულად:

მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგება, როდესაც:

  • ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლე (მაგ., სასამართლოს თავმჯდომარე), რომელსაც აქვს ძალაუფლება, გავლენა მოახდინოს კონკრეტულ მოსამართლეზე (მაგ., საქმეზე დანიშვნით ან ჩამოშორებით), ცდილობს ამ გავლენის რეალიზებას.

რა უნდა ვიცოდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ფარგლების შესახებ?

  • სასამართლოს დამოუკიდებლობა არის შესაძლებლობა მართლმსაჯულების სამართლიანად და მიუკერძოებლად განსახორციელებლად;
  • მისი მასშტაბიც ამ მიზნით შემოიფარგლება.

შესაბამისად, მოსამართლეებს არ სჭირდებათ აბსოლუტური იმუნიტეტი.

მეტიც, მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვა ანგარიშვალდებულების გარკვეული ხარისხით აუცილებელიცაა. მაგალითად, სამოსამართლო უფლებამოსილების შეუსრულებლობა იქნება არა მოსამართლის დამოუკიდებლობის გამოვლინება, არამედ მისი პასუხისმგებლობის საფუძველი.  

რას გულისხმობს სასამართლო კორპორატივიზმი?

  • ანგარიშვალდებულების მოშლილი მექანიზმი ან მისი არარსებობა დამოუკიდებლობას მოსამართლის პრივილეგიად აქცევს, ეს კი ინსტიტუციური კორპორატივიზმის ნიშანია;
  • ასეთ სისტემაში დამოუკიდებლობას და ავტონომიას მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი არ აქვს. ის პროფესიული პრივილეგიების მიღება/შენარჩუნებას ემსახურება;
  • ასეთ დროს ფასობს არა მოსამართლის მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება, არამედ მისი ლოიალობა და ერთგულება შიდა ძალაუფლების მიმართ. 
  • დაბოლოს, კორპორატივიზმი არა საჯარო სიკეთეს, არამედ ვიწრო ინტერესთა ჯგუფების მიზნებს ემსახურება.   

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი