მოქალაქეთა მონაწილეობაზე დამყარებულ დემოკრატიას სულ მცირე ორი ელემენტი სჭირდება ფუნქციონირებისთვის. ესენია: (1) მონაწილეობის ინსტრუმენტები; (2) ამ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა. პირველ საკითხზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ, ახლა კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რამდენიმე მუნიციპალიტეტის (ახალქალაქი, ნინოწმინდა, მარნეული, გარდაბანი) მაგალითზე მონაწილეობის ხელმისაწვდომობაზე ვიმსჯელებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
დემოკრატიის ხარისხი სახელმწიფოში მნიშვნელოვნად უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დონეს. ამდენად, პოლიტიკის დაგეგმვისა და მისი განხორციელების დროს ნებისმიერი დონის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ეთნიკური თუ ენობრივი მრავალფეროვნება. მან უნდა მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც თანაბრად იქნება მორგებული საზოგადოების ყველა წევრის ინტერესსა და საჭიროებაზე.
ჩვენი კომენტარი
ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გართულებულია. ეს სისტემური პრობლემების შედეგია, რომელსაც ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განაპირობებს არასათანადო პოლიტიკური ნება, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ინფორმაციის ნაკლებობა, ენობრივი ბარიერი და ა.შ. ამ პრობლემებს სახელმწიფოს სისტემური მუშაობა და თითოეული ხელშემშლელი ფაქტორის აღმოფხვრა სჭირდება. ქვემოთ ორი მათგანის, ინფორმირებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.
ინფორმირება
ინფორმირება საყოველთაო ჩართულობაზე ორიენტირებული დემოკრატიის მთავარი ელემენტია. ეს ვალდებულება თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობითაც აქვთ განსაზღვრული − სახელმწიფომ მოქალაქეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მექანიზმების შესახებ. თუმცა, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც „კომენტარი“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოქალაქეებს ამ საკითხებზე ინფორმაციის მოპოვების პრობლემა აქვთ. ადგილობრივი ორგანოები ჩართულობის ფორმების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდებზეც ნაკლებად აქვეყნებენ. დეტალური მონაცემები ყველა მექანიზმისა და მისი გამოყენების შესახებ ოთხიდან არც ერთი მუნიციპალიტეტს არ აქვს განთავსებული. ინფორმაცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც დამატებითი ბარიერია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ქართული არ იცის.
ფიზიკური ხელმისაწვდომობა
მოსახლეობასთან შეხვედრებმა დაგვარწმუნა, რომ ზემოაღნიშნულ თვითმმართველობებში პრობლემაა ფიზიკური კავშირი ქალაქთან − დაზიანებულია სავალი გზები; სათანადო სიხშირით არ მოძრაობს სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრს შორის დამაკავშირებელი საჯარო ტრანსპორტი. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰყავს კერძო ტრანსპორტი, ხოლო ტაქსით გადაადგილება − ძვირია. ეს ართულებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომას თვითმმართველობის ორგანოებთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.